მთავარიSCI-TECHმობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი 2024

მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი 2024

ხელოვნური ინტელექტი სმარტფონის მომხმარებელთა ცხოვრებას შეცვლის

ბარსელონაში წლევანდელი მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე ყურადღების ცენტრში  ხელოვნური ინტელექტი აღმოჩნდა. მობილური ტელეფონების ინდუსტრია  ხელოვნური ინტელექტის საშუალებით რევოლუციას ახდენს და მობილურ ტელეფონებს სულ ახალ ისეთ პერსონალურ თვისებებს ამატებს, რაც მომხმარებლის ფანტაზიის საზღვარსაც კი ცდება.  

ჩვენ ახალი ეპოქის ზღურბლზე ვდგავართ. მობილური ტექნოლოგიების წლევანდელი მსოფლიო კონგრესის ყურადღების ცენტრში ხელოვნური ინტელექტი აღმოჩნდა. ეს ყველაზე მსხვილი და გავლენიანი ღონისძიებაა მთელ მსოფლიოში. წელს ყველას ყურადღება ხელოვნურ ინტელექტზე იყო მიპყრობილი, იმაზე, თუ როგორ შეუძლია ამ ფენომენს შეცვალოს ჩვენი ცხოვრება და რეალურად უკვე ცვლის კიდეც!

მობილური ტელეფონების ინდუსტრია  ხელოვნური ინტელექტის საშუალებით რევოლუციას ახდენს. სმარტფონები უფრო მეტად დაიხვეწა.

„ხელოვნური ინტელექტი ცხოვრებას გვიმარტივებს,“ – ამბობს  ჯორჯ ჩჟაო, HONOR Device Co Ltd-ის ხელმძღვანელი.

„ამჟამად თითქმის ყველა მოწყობილობა უკავშირდება ინტერნეტს, მაგრამ როგორ უნდა მართო ისინი? ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ ხმაურია, მაგრამ მას ნამდვილად შეუძლია, დაგვეხმაროს. მას შეუძლია მიხვდეს, თუ რა გვჭირდება და დაგვეხმაროს, მივიღოთ პოტენციური მომსახურება. ჩემი აზრით, მომავალში ასეთი ტიპის ხელოვნური ინტელექტი თავისი შესაძლებლობებითა და მომსახურებით ძალიან დიდ კომფორტს შეგვიქმნის“.

მოდით, უფრო ახლოდან ვნახოთ, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი მობილური ტელეფონის მომხმარებლის ცხოვრებას. მაგალითად, ტექნოლოგიას HONOR Magic6 Pro, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე გამოვიდა, შეუძლია თქვენი მზერა დაიჭიროს, ისე, რომ ტელეფონით შეხების გარეშე ისარგებლებთ.

„მე ძალიან მომწონს მზერის დაჭერის ფუნქცია, რომელიც საშუალებას მაძლევს, სატელეფონო ზარს ვუპასუხო, გავთიშო ან მესიჯები მივიღო,“- განმარტავს  პრაჰბუ რამი, CyberMedia Research-ის ანალიტიკოსი. „ეს სამომავლოდ ტექნოლოგიასთან ურთიერთობის პლატფორმას ქმნის, როდესაც აპარატურას ხელში კი აღარ დავიკავებთ, არამედ უბრალოდ ჩვენთან ახლოს იქნება“.

კიდევ სხვა სასარგებლო ფუნქციების მეშვეობით მომხმარებელი სულ ადვილად გადაიტანს მესიჯით გაგზავნილ მისამართს შესაბამისი აპლიკაციის რუკაზე. საჭირო აღარ იქნება ასლის გადატანა ან ხელით ჩაწერა. კონგრესის ფარგლებში წამყვანებმა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ კომპლექსურ საკითხებზე ექსპერტებთან სიღრმისეული დისკუსიები გამართეს. მათ შორის განიხილეს ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი და ნაკლი, ასევე რეალურ სამყაროზე მისი შესაძლო გავლენის შედეგები.

„ხელოვნური ინტელექტის მოდელები სულ უფრო უკეთ შეისწავლის თქვენს ჩვევებს, რას აკეთებთ, სად დადიხართ, როგორ აკეთებთ და რა გსურთ ამ მოდელისაგან, რომ გააკეთოს თქვენ ნაცვლად,“ – ამბობს  ალექს კატუზიანი, Group GM of MCX, Qualcomm Technologies, Inc.-ის წარმომადგენელი. „ამის მერე მაშინვე იღებთ პასუხს, რადგან ეს მოდელი ადგილობრივია და ძალიან სწრაფად მუშაობს, შესაბამისად, თქვენი მოთხოვნა, ფაქტობრივად, წამიერად მიდის ღრუბლის ტექნოლოგიაში და უკან ბრუნდება“.

მომავალი უსაზღვრო შესაძლებლობებს გვიხსნის, თუმცა  ამ სიხარულის ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს პრობლემები მომხმარებლის პირადი ინფორმაციისა და უსაფრთხოების კუთხით.

ჯორჯ ჩჟაო, HONOR Device Co Ltd-ის ხელმძღვანელი:

„სწორედ ამიტომ განვავითარეთ ხელოვნური ინტელექტი როგორც უშუალოდ მოწყობილობისთვის, ისე ღრუბლის ტექნოლოგიისთვის. მოწყობილობის შემთხვევაში პირადი მონაცემები მუშავდება ტელეფონში შენახული ინფორმაციის საფუძველზე. რისკის შემცველი ინფორმაცია არ ხვდება ინტერნეტში. ასე ხდება თვითმფრინავშიც კი, როდესაც ის ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული“.

ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველგანაა…არა მხოლოდ აპარატურაზე. საჰაერო ტრანსპორტი ცაში ავტონომიურ რეჟიმში იმოძრავებს მეხუთე თაობის ქსელებისა და დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის სისტემების მეშვეობით.

მაგრამ ვინ დგას ამ ტექნოლოგიების უკან? შეზღუდვა დამოკიდებული იქნება იმ ტრენინგის მონაცემებზე, ალგორითმსა და ეთიკის ნორმებზე, რომლებსაც ადამიანი თავად მიაწოდებს.

„ხელოვნური ინტელექტის გაადამიანურება არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ვმსჯელობთ და ეს ნამდვილად უკავშირდება იმ იდეას, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ადამიანური ფაქტორი,“ – ამბობს  პიტერ ჯარიქი, GSMA Intelligence-ის ხელმძღვანელი. „ეს კი ნამდვილად გულისხმობს მართვას, საუკეთესო პრაქტიკას, რომ, როდესაც ჩვენს ინსტრუმენტებს ავამოქმედებთ, აუცილებლად გავითვალისწინებთ ადამიანურ ფაქტორს“.

ეს ტექნოლოგია ხელახლა ადგენს საზღვარს ციფრულ და რეალურ სამყაროს შორის. კონგრესზე ყველაზე მეტი მნახველი ეწვია ქალ რობოტს –  ანიკას. მას შეუძლია ჩვენთან ურთიერთობა და ადამიანების დამახსოვრებაც კი.

მეცნიერმა და მწერალმა არტურ კლარკმა თქვა, რომ ნებისმიერი მოწინავე ტექნოლოგია  არაფრით განსხვავდება ჯადოსნობისგან. ყოველ წელს მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი სულ უფრო მეტად გვაახლოებს ჯადოსნურ სამყაროსთან.

ავტორი: კრისტინა გინერი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend