გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ისრაელსა და “ჰამასს” ცეცხლის შეწყვეტისა და დაზავებისკენ მოუწოდებს.
მუსლიმური სამყარო რამადანის დღესასწაულს ზეიმობს და ანტონიო გუტერეში სწორედ ამ რელიგიური დღესასწაულის ფონზე მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს მშვიდობისკენ.
ანტონიო გუტერეშმა ასევე ისაუბრა ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ეგვიპტის სიახლოვეს მდებარე ქალაქ რაფაჰზე დაგეგმილი იერიშის შესახებ და განაცხადა, რომ ამ სამხედრო ოპერაციის წამოწყება რეგიონში ვითარებას ჰუმანიტარულ კოლაფსამდე მიიყვანს.
„პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებს მივმართავ, იღონეთ ყველაფერი, რომ ამ წმინდა რელიგიური დღესასწაულის ფონზე ქვემეხები დადუმდნენ და მშვიდობამ დაისადგუროს. რამადანის შემდეგ ქრისტიანებიც იზეიმებენ აღდგომას, დროა, ეს ტანჯვა და სიკვდილი შევაჩეროთ. სწორედ ახლაა შესაბამისი დრო“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, მისი ჯარები რაფაჰზე იერიშს მიიტანენ, რადგან ეს დასახლება „ჰამასის“ ბოლო ციტადელია და ომი „ჰამასის“ სრულ განადგურებამდე არ შეწყდება. ამ გადაწყვეტილების გამო ისრაელის ხელისუფლების მიმართ კრიტიკა დასავლური ქვეყნების მხრიდან მზარდი და ხშირია.