მთავარისაქართველოშუა დერეფნის კავკასიური გზა - მეტი, ვიდრე ეკონომიკური პროექტი

შუა დერეფნის კავკასიური გზა – მეტი, ვიდრე ეკონომიკური პროექტი

“შუა დერეფანი” ყოველთვის განიხილებოდა როგორც ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატივა, ანუ ალტერნატივა იმ გზისა, რომელიც ძირითადად რუსეთზე გადიოდა და აზიასა და ევროპას აკავშირებდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ბევრმა სახელმწიფომ და კომპანიამ უარი თქვა, რუსეთის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე. შესაბამისად, გაიზარდა ინტერესი სამხრეთით მდებარე შუა დერეფნის მიმართ.

ეს თემა დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება და ექსპერტებიც უფრო ხშირად განიხილავენ, თუ რამდენად მზადაა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების ინფრასტრუქტურა ტვირთების უსაფრთხო და სწრაფი გატარებისთვის.

ამ თემებზე ისაუბრეს 7 მარტს რონდელის ფონდის ყოველწლიური “უსაფრთხოების კონფერენციაზე”.

„შუა დერეფანი ეს არის ვაჭრობა, ეს არის ენერგეტიკული დერეფანი, ეს ეხება, თუნდაც, ვთქვათ, ინტერნეტ ხაზებს, ასე რომ, ნამდვილად ვხედავთ შესაძლებლობებს და ჩვენ ვხედავთ ტვირთების გაზრდილ ნაკადს შუა დერეფნების გავლით. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები და გარკვეული ინვესტიციებია საჭირო ტვირთების გადაზიდვის გასაუმჯობესებლად. ასევე გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურები უნდა გაუმჯობესდეს დამოკიდებულების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს გეოგრაფიის მნიშვნელობა, აქ არის ბევრი აქტორი, რომელთაც აქვთ რეგიონში ინტერესები“, – ამბობს ფარიდ შაფიევი, „საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის“ თავმჯდომარე.

გეოგრაფია, მართლაც, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა. გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ინტერესი საქართველოსა და რეგიონის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა.

და რა მოხდება მაშინ, თუ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებას გააფორმებენ? რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან საქართველოსთვის?

“ერთი მხარეც და მეორე მხარეც ლაპარაკობს იმაზე, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებას უნდა მოაწერონ ხელი. თუ ასე მოხდა, ეს შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას, მათ შორის საქართველოსა და ამ ქვეყნებისთვისაც. მგონია, რომ აზერბაიჯანულ კომპანიებს, კერძო პირებს ყველა ვარიანტში ურჩევიათ, საქართველოს გავლით იარონ, ვიდრე სომხეთის გავლით, რადგან გზაც უკეთესია, უფრო მეგობრული გარემოა, გზა უფრო მოკლეა, ასე რომ, რაღაც ნაწილმა შეიძლება გადაინაცვლოს, მაგრამ ეს იმდენად მცირე იქნება, რომ არ მგონია, ამან რამე დარტყმა მიაყენოს ჩვენს სატრანზიტო ინტერესებს“, – ამბობს შოთა უტიაშვილი, “რონდელის ფონდის” უფროსი მკვლევარი.

„დიახ, შუა დერეფანი არის ერთ-ერთი პოტენციური ან თეორიული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც შეუძლია შეამციროს რუსული გავლენა ამ რეგიონში. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს საქართველო. მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო“, – ამბობს არეგ კოჩინიანი, „უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ პრეზიდენტი.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ “შუა დერეფანი” ბევრად მეტია, ვიდრე ეკონომიკური პროექტი, ბევრად მეტი, ვიდრე ტვირთების უკეთ, ეფექტიანად და საიმედოდ გატარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend