თუ უძველეს ლეგენდას დავუჯერებთ, მაიკლ, იგივე “ბარნი“, ჩენდლერს ინგლისში ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე აბარია.
56 წლის ყოფილი სამხედრო “ლონდონის ტაუერის” ყორნებს უვლის. ლეგენდის თანახმად, თუ ოდესმე მე-11 საუკუნეში მდინარე ტემზას მახლობლად აღმართულ კოშკს ყორნები დატოვებენ, კოშკი დაინგრევა და ინგლისის სამეფოც დაემხობა. მე-17 საუკუნეში, როდესაც მეფე ჩარლზ II-მ ამ ლეგენდის შესახებ პირველად შეიტყო, ბრძანა, რომ ნებისმიერ დროს 1000 წლის ციხესიმაგრეში სულ ცოტა ექვსი ყორანი მაინც უნდა იყოს.
ეს თანამდებობა ოფიციალურად 50 წელია არსებობს, თუმცა ტრადიცია ბევრად უფრო მეტ წელს ითვლის.
“ლეგენდის თანახმად, თუ ყორნები კოშკს დატოვებენ, მონარქს უბედურება დაატყდება თავს და სამეფო დაეცემა… როგორც ყორნების მომვლელი ჩემს მოვალეობას ძალიან სერიოზულად ვუდგები. მესმის, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაკისრია. არ ვიცით, ლეგენდა რამდენად მართალია, რადგან ექვს ყორანზე ნაკლები არასოდეს გვყოლია და ამას არც ჩემი მუშაობის პერიოდში დავუშვებ”, – ამბობს მაიკლ “ბარნი” ჩენდლერი, ყორნების მომვლელი.
მაიკლი ჩარლზ მეორის ბრძანების შესაბამისად ექვს ყორანს უვლის. შარშან მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის პატივსაცემად კი მათ მეშვიდე ყორანი, რექსიც დაემატათ. ფრინველები დღის განმავლობაში კოშკის მიდამოებში თავისუფლად დადიან, ხოლო ღამით გალიებში სძინავთ.
მაიკლი პასუხისმგებელია ფრინველების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. მის მოვალეობაში შედის ყორნების კვება, მათი საცხოვრებელი ადგილის მოვლა და ვეტერინარული შემოწმების დაგეგმვა.
გარდა ამისა, ფრინველებს ბუმბულებსაც აჭრიან, რათა გაფრენა ვერ შეძლონ. თუმცა ზოგჯერ ასეც ხდება. 1981 წელს ყორანმა სახელად გროგმა “ლონდონის ტაუერი” დატოვა… იგი მოგვიანებით ბართან იპოვეს.
“ყორნები ძალიან გონიერები არიან, ზოგჯერ ზედმეტადაც კი. თუმცა სწორედ ამიტომ მიყვარს ისინი. არასდროს იცი, რას მოიმოქმედებენ. ერთმანეთისგან ხასიათით ძალიან განსხვავდებიან. ადამიანების მსგავსად მათაც ინდივიდუალური ტემპერამენტი აქვთ. ზოგს თამაში უყვარს, ზოგს არა. ძალიან არაპროგნოზირებადები არიან, ეს ამ საქმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია”, – ამბობს მაიკლ “ბარნი” ჩენდლერი, ყორნების მომვლელი.
მაიკლ ჩენდლერმა, რომელიც 24 წლის განმავლობაში სამეფო საზღვაო ფეხოსნებში მსახურობდა, ამ როლისთვის ფრინველების მოვლის რამდენიმე სასწავლო კურსი გაიარა. თუმცა როგორც იგი ამბობს, ვერაფერი შეცვლის ყორნების გარემოცვაში ყოფნით მიღებულ გამოცდილებას.