მთავარიევროპამოლდოვამოლდოვაში შიშობენ, რომ პუტინის მორიგი სამიზნე მათი ქვეყანა იქნება

მოლდოვაში შიშობენ, რომ პუტინის მორიგი სამიზნე მათი ქვეყანა იქნება

მოლდოვაში შიშობენ, რომ სეპარატისტული რეგიონის ბოლოდროინდელი მოქმედებები კიდევ უფრო დაძაბავს ქვეყანაში ვითარებას.

საქმე ეხება სეპარატისტული რეგიონის ოფიციალური პირების მიმართვას მოსკოვისადმი. ამ მიმართვაში ისინი კრემლს სთხოვენ დაცვას მოლდოვის ე.წ. ზეწოლისგან.

უფრო კონკრეტულად თვითგამოცხადებული კონგრესის წევრებმა რუსეთის დუმას სთხოვეს, გაითვალისწინონ, რომ დნესტრისპირეთში 220 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს და მიიღონ ზომები მოლდოვის მზარდი ზეწოლისგან მათ დასაცავად.

მოლდოვის მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ ქმედებით ტირასპოლმა ფაქტობრივად ომი გამოუცხადა კიშინაუს. ამბობენ იმასაც, რომ რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში ქვეყანას აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდება.

„მეშინია, რომ ომი აქაც დაიწყება. მოლდოვა სამხედრო თვალსაზრისით სუსტი ქვეყანაა. რესურსები არ გვაქვს. ალბათ, სხვა ქვეყნებისგან მივიღებთ დახმარებას, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს არაფერს შეცვლის, რადგან ჩვენ ევროკავშირის წევრებიც კი არ ვართ“, – ამბობს რაილეანუ კრისტინა, სტუდენტი.

„პუტინს იმპერიის აღდგენა სურს და მსხვერპლი არ ადარდებს. ეს ფიურერის, ფაშისტის მიზანია და ის ნებისმიერი გზით უნდა შეჩერდეს. ნატოს ჩარევის გარეშე მოლდოვა რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს“, – ამბობს ვიაჩესლავ ვერლანი, დნესტრისპირეთის ომის ვეტერანი.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგ მოლდოვის პროდასავლური ლიდერები მოსკოვს დესტაბილიზაციის მცდელობებში არაერთხელ ადანაშაულებდნენ. დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე დღემდე რჩება რუსეთის 1500-ამდე ჯარისკაცი.

სეპარატისტული დნესტრისპირეთი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 470 000-ს შეადგენს, მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ სანაპიროსა და მოლდოვა-უკრაინის საზღვარს შორის მდებარეობს.

არაღიარებულ სახელმწიფოს საკუთარი ვალუტა და დროშაც აქვს. ამ რეგიონს კიშინეუ 1992 წლის შემდეგ ვეღარ აკონტროლებს.

დნესტრისპირეთის საზღვრებს არ აღიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არცერთი წევრი, მათ შორის, რუსეთიც.

თუმცა სწორედ რუსეთის მხარდაჭერით ინარჩუნებს დე-ფაქტო მთავრობა კონტროლს რეგიონზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend