მთავარიკულტურამოდის კვირეული პარიზში

მოდის კვირეული პარიზში

პარიზის მოდის კვირეულზე მოდის სახლმა ივ სენ ლორანმა 2026 წლის მამაკაცის ზამთრის კოლექცია წარადგინა. შოუმ ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის, ენტონი ვაკარელოს, ხედვა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

კოლექციის შთაგონების წყარო ამერიკელი მწერლის, ჯეიმს ბოლდუინის, რომანი ,„ჯოვანის ოთახი“ გახდა. 1956 წელს დაწერილი რომანი, პარიზში მცხოვრები ამერიკელის, დევიდის, შინაგან კონფლიქტსა და აკრძალულ სიყვარულზე მოგვითხრობს.

ვაკარელო განსაკუთრებით მიიზიდა ემოციურმა დაძაბულობამ, რომელიც დილის განთიადზე, საყვარელი ადამიანის ოთახიდან საბოლოოდ წასვლის მომენტში ჩნდება. სწორედ აქედან დაიბადა „ღამის შემდეგ დილის“ იდეა შიშველი სხეულიდან ჩაცმულ იდენტობამდე. კოლექციაში ეს გარდაიქმნა წაგრძელებულ, მოხდენილ სილუეტებში, შავ ფერებში, რბილ, დაჭმუჭნილ ტექსტურებსა და მკვეთრად გამოყვანილ მხრებში. სახლის საკულტო სმოკინგმა ახალი ინტერპრეტაცია მიიღო, რომელსაც მაღალი ჩექმები დაემატა.

პარიზის მოდის კვირეულზე დრამატული შთაბეჭდილება დატოვა ლონდონში მოღვაწე დიზაინერმა რობერტ ვუნმა, რომელმაც პარიზში გოტიკური  ესთეტიკა წარმოადგინა. კოლექცია შემოქმედის შინაგან ბრძოლასა და შემოქმედებით სიმამაცეს ეძღვნებოდა.

დაბნელებული ცის პროექციები, ნელი, თეატრალური მოძრაობები, შენიღბული სახეები, ზედმეტად გრძელი ფრჩხილები და მძიმე სილუეტები შოუს ედგარ ალან პოს სამყაროს ამსგავსებდა. კოლექცია „ქალთევზის კუდის“ ფორმებითა და გრძელი პალტოებით იყო წარმოდგენილი. შოუს დასასრულს პოდიუმზე გამოჩნდა უზარმაზარი იისფერი „კოსმოსი“, მბრწყინავი ვარსკვლავებით, როგორც შოუს სიმბოლური კულმინაცია.

პარიზის მოდის კვირეულის კიდევ ერთი გამორჩეული შოუ დადგა ნიდერლანდელმა დიზაინერებმა ვიქტორ ჰოსტინგმა და როლფ სნოურენმა. მათ კვირეულზე 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის მაღალი მოდის კოლექცია წარადგინეს.

იდეა მარტივი, მაგრამ ვიზუალურად ეფექტური იყო: თითოეული მოდელი შავ კაბაში გამოდიოდა, საიდანაც ფერადი ელემენტის მოცილებით კაბა სრულიად ახალ ფორმას იღებდა. ეს ელემენტები თანდათან ერთ კონკრეტულ მოდელს ემატებოდა. შოუს ბოლოს მაყურებელმა იხილა საბოლოო შედეგი, რომელიც მთელი კოლექციის ნაწილებს ერთ მთლიან ფორმად აერთიანებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend