29 იანვარს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. მათ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
რამდენიმეწლიანი დაპირისპირების შემდეგ ორი ქვეყანა ცდილობს ურთიერთობების გაუმჯობესებას. სტარმერი დიდი ბრიტანეთის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც რვა წლის განმავლობაში პირველად ეწვია ჩინეთს. სი ძინ პინმა მას პეკინის ცენტრში, სახალხო დარბაზში უმასპინძლა.
„ბოლო წლებში ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებში იყო გადახვევა, ეს კი არცერთი ქვეყნის ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.
„როგორც თქვენ აღნიშნეთ, რვა წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პირველად ეწვია ჩინეთს. ჩემი აზრით, ეს ხანგრძლივი პერიოდია. მე მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი რვა წლის განმავლობაში პირველად ჩამოდის აქ“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის დროს გლობალური ვაჭრობის შეფერხებამ ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოება მრავალი მთავრობისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა.
სამხრეთ კორეის, კანადისა და ფინეთის ლიდერების შემდეგ სტარმერი აშშ-ის მოკავშირეთა შორის მეოთხე ლიდერია, რომელიც ამ თვეში პეკინს ეწვია. მომდევნო თვეს ჩინეთში ჩავა გერმანიის კანცლერიც.
სტარმერი, რომელიც პრემიერ-მინისტრი 2024 წლის ივლისში გახდა, ცდილობს ბრიტანული კომპანიებისთვის შესაძლებლობების გაფართოებას იმ დროს, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა შენელებულია.
ჩინეთში სტარმერი კულტურული ორგანიზაციის ლიდერებსა და 50-ზე მეტი წამყვან ბიზნესმენთან ერთად ჩავიდა.

