მთავარიმსოფლიოგრენლანდია, როგორც სტრატეგიულ მოკავშირეებს შორის უთანხმოების საგანი

გრენლანდია, როგორც სტრატეგიულ მოკავშირეებს შორის უთანხმოების საგანი

სხვადასხვა კონტინენტზე მყოფი სტრატეგიული მოკავშირეების უთანხმოების საგანი კვლავ გრენლანდიაა.

მხარეები ჯერ მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, რომ არქტიკის რეგიონში მზარდია რუსული და ჩინური გავლენა – როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ-პოლიტიკური თვალსაზრისით.

მეტიც – მოსკოვისა და პეკინის განზრახვის აღსაკვეთად, ვაშინგტონშიც და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებშიც მზად არიან, გააძლიერონ საკუთარი პოზიციები ჩრდილოეთისკენ, თუმცა მათი სტრატეგიები ერთმანეთისგან განსხვავდება.

ევროპა კატეგორიულად ეწინააღმდეგება არქტიკის რეგიონის დაცვას სხვისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევით, ამერიკა კი ეროვნულ ინტერესებსა და დიდი ხნით ადრე დასახული გეგმის შესრულებაზე საუბრობს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ თეთრი სახლისთვის მნიშვნელოვანია ნატოს გაძლიერება, ევროპელ მოკავშირეებთან თანამშრომლობით, თუმცა დასძინა – „ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამერიკის გარეშე არ არსებობს“:

„პრობლემა ისაა, რომ, ვალდებულებების თვალსაზრისით, ნატომაც ბევრი რამ უნდა გადაიაზროს და პრეზიდენტ ტრამპისთვის ეს სიახლე არ არის. ბევრი პრეზიდენტი იყო ამით უკმაყოფილო. ვფიქრობ, ახლანდელი პრეზიდენტი უბრალოდ ყველა დანარჩენისგან იმით გამოირჩევა, რომ პრობლემაზე მეტად ხმამაღლა საუბრობს…

ჩვენი პარტნიორები იაზრებენ ნატოში ამერიკის წევრობის აუცილებლობას. ამერიკის გარეშე ნატო არ არსებობს. ჩვენც გვესმის, რომ ნატოს გასაძლიერებლად, საჭიროა ჩვენი პარტნიორებიც გაძლიერდნენ. ნატოელ მოკავშირეებს ავუხსენით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხოლოდ ევროპაზე არ არის ფოკუსირებული. თავდაცვის საჭიროებები გვაქვს დასავლეთ ნახევარსფეროსა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. ჩვენ არ გვაქვს ამოუწურავი რესურსი…

რაც შეეხება გრენლანდიას – ვიტყოდი, რომ ახლა კარგ მდგომარეობაში ვართ. შესანიშნავი შეხვედრები გვქონდა ნატოს გენერალურ მდივანთან. რეალურად, ამ საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ტექნიკური სახის შეხვედრა გრენლანდიასა და დანიაში.

ვფიქრობ, პროცესი უკეთესობისკენ მიდის, რომელიც საბოლოოდ ყველასთვის კარგ შედეგამდე მიგვიყვანს. გრენლანდიისადმი პრეზიდენტის ინტერესი აშკარაა. ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედ ადმინისტრაციამდე არსებობდა. ვფიქრობ, დადებით შედეგებს მივაღწევთ. ამ პროცესს პროფესიონალურად და სწორხაზოვნად დავიწყებთ…

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმოა, რომ, თქვენი შეშფოთების მიუხედავად, პრეზიდენტმა დავოსში მკაფიოდ განაცხადა გრენლანდიაში სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად დასრულდება და, ვიმედოვნებთ, იმავეს შეიტყობთ ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

ევროკავშირში იაზრებენ, რომ ახლა სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ და საგარეო საფრთხეებისგან ევროპული კონტინენტის დაცვა მაქსიმალურად დამოუკიდებლად უნდა შეძლონ.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გრენლანდიის ირგვლივ განვითარებული პროცესებით გამოწვეული უსიამოვნება ორ სტრატეგიულ მოკავშირეს შორის, დროებითი არ არის:

„ჩვენ გვსურს ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირები. ამერიკა დარჩება ჩვენს პარტნიორად და მოკავშირედ, თუმცა ევროპას სჭირდება ახალ რეალობასთან მორგება. ევროპა აღარ არის ვაშინგტონის მთავარი მიზიდულობის ცენტრი. კარგა ხანია, ეს ცვლილება შეინიშნება.

ეს არის სტრუქტურული და არა დროებითი პრობლემა. ეს ნიშნავს, რომ ევროპა უნდა გააქტიურდეს. ისტორიაში არც ერთი დიდი სახელმწიფო არ გადარჩენილა, რომელმაც საკუთარი გადარჩენა სხვას გადააბარა.

ეს მოვლენები სერიოზულ ზეწოლას ახდენს საერთაშორისო ნორმებზე, წესებსა და ინსტიტუტებზე, რომლებსაც 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვქმნიდით. არსებობს რისკი, დავუბრუნდეთ იძულებითი ძალაუფლების პოლიტიკას, გავლენის სფეროებს, სადაც ძალა განსაზღვრავს სამართლიანობას. მას შემდეგ, რაც აქ ბოლო საუბარი გვქონდა, ამ ვირუსმა გავრცელება დაიწყო“,- განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

არქტიკის რეგიონში პოზიციების განმტკიცებისა თუ გრენლანდიის უსაფრთხოების დაცვის გზების განსახილველად ისე, რომ არ დაირღვეს არც საერთაშორისო წესრიგი და არც დანიის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობა, განიხილეს ელისეის სასახლეში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებს უმასპინძლა და მორიგ ჯერზე დაუდასტურა მათ მხარდაჭერა. მოსალოდნელია, რომ ეს მხარდაჭერა დიპლომატიური ფორმით 6 თებერვალს კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება, როდესაც გრენლანდიის დედაქალაქში პარიზი საკონსულოს გახსნის.

„ჩრდილოეთში რუსეთის გავლენების ზრდის, რეგიონში ჩინეთის ეკონომიკური გაძლიერებისა და ამ ორი ქვეყნის სტრატეგიული დაახლოების შედეგების ფონზე, ვიზიარებთ არქტიკაში ჩვენი თავდაცვის პოზიციის გაძლიერების აუცილებლობას.

დანიის თხოვნით, საფრანგეთი, რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან ერთად, იწყებს ამის განხორციელებას ერთობლივი სწავლებების ფონზე სახელწოდებით „არქტიკული გამძლეობა“. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ არქტიკაში ნატოს გაფართოებას, ზედამხედველობითი გაძლიერებული სისტემის შექმნით.

მზად ვართ, ამ ინიციატივას შევუერთდეთ. ევროკავშირი უნდა მონაწილეობდეს ამ ძალისხმევაში, მათ შორის მიმდინარე წელს, არქტიკაში საკუთარი სტრატეგიის გადახედვის გზით“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

„ვთანხმდებით, რომ ეს არის პრიორიტეტული ამოცანა და ნატომ ბევრად აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს არქტიკის რეგიონში, არქტიკის ჩრდილოეთში, მათ შორის გრენლანდიასა და მის ირგვლივ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს არის ის, რის მიღწევასაც დიდი ხანია ვცდილობთ. არქტიკული მისია უნდა შესრულდეს ნატოს ყველა მოკავშირესთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა მისთვის არის „მსოფლიოში არსებული ღირებულებების, ჩვენი დემოკრატიის, საერთაშორისო სამართლის, წესრიგისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემის საკითხი“.

თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გეგმავს კანადაც, სადაც აცხადებენ, რომ რუსული გავლენების შესაკავებლად ძალისხმევას არ დაიშურებენ.

„გასულმა კვირებმა ნათლად გვაჩვენა, რომ არქტიკა აღარ არის მცირე დაძაბულობის რეგიონი და ის სულ უფრო მეტად ხდება სტრატეგიული კონკურენციის ფრონტის ხაზი.

დანიისა და გრენლანდიის ირგვლივ არსებული სიტუაციის სტრატეგიულმა განხილვამ ეს გვაჩვენა, მაგრამ ამის შესახებ ჯერ კიდევ 2022 წლიდან ვიცოდით, უკრაინაში რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი შეჭრის დღიდან. ჩვენ ვაკვირდებოდით, როგორ გადაადგილდება რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა უფრო ჩრდილოეთით.

ეს ნამდვილად ასეა, დაწყებული 2022 წლიდან, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს კანადის უსაფრთხოებაზე, ჩრდილოეთ ამერიკის თავდაცვასა და არქტიკული რეგიონის სტაბილურობაზე“, – განაცხადა ანიტა ანანდიმ, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

2026 წლის იანვარი მსოფლიოს ყველაზე დიდი ყინულოვანი კუნძულისთვის პოლიტიკურად საკმაოდ ცხელი აღმოჩნდა. დონალდ ტრამპი არაერთხელ დაიმუქრა, რომ, ამერიკის ეროვნული ინტერესების დასაცავად, გრენლანდიის ანექსირებას მოახდენდა.

მისმა ამ განცხადებებმა ევროპაში განგაშის სიგნალი ჩართო – მათთვისაც, ვინც არქტიკის რეგიონიდან გეოგრაფიულად შორს იმყოფება, თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა დავოსში განაცხადა, რომ არც აპირებს და არც სურს სამხედრო ძალის გამოყენება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend