გრენლანდიის საკითხის ირგვლივ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებებს სხვადასხვანაირად პასუხობენ მსოფლიო ლიდერები – ისინიც, ვინც შვეიცარიაში ფორუმს ესწრებიან და ისინიც, ვინც დავოსში მიმდინარე პროცესებს გარედან აკვირდებიან.
ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილი მიესალმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებებს და ამბობს, რომ დიპლომატია არის ერთადერთი გონივრული გზა, არა მხოლოდ არქტიკაში მშვიდობის მისაღწევად, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დავოსში ნათქვამ სიტყვებს დადებითად აფასებს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომელიც გრენლანდიის, დანიისა და ჩრდილოეთის რეგიონის, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისგან დაცვის პირობას დებს:
„ჩვენ კვლავ დავიცავთ ჩვენს პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ტრანსატლანტიკური პარტნიორობა, კერძოდ, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა… მივესალმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას. ეს არის სწორი გზა, რადგან ძალისმიერი გზით ევროპული ტერიტორიების დაკავების ნებისმიერი მცდელობა არის მიუღებელი…“
ფრიდრიხ მერცს მიაჩნია, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საფუძვლებს 1-ელი თებერვლიდან დაგეგმილი ტარიფებიც გაანადგურებდა, თუკი დონალდ ტრამპი არ შეცვლიდა მათი გაუქმების გადაწყვეტილებას. გერმანიის კანცლერის თქმით, თუკი აშშ-ის პრეზიდენტი ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებას გადათქვამს და ტარიფებს მაინც დააწესებს, „ევროპის პასუხი იქნება ერთიანი, მშვიდი, აწონ-დაწონილი, თუმცა, ამავდროულად, მტკიცე“.
გერმანიის კანცლერის მსგავსად, დიპლომატიური ძალისხმევა მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნისთვისაც. ივეტ კუპერი აცხადებს, რომ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლონდონმა აქტიურად და კოორდინირებულად იმოქმედა მის მოკავშირეებთან ერთად, ეროვნული ინტერესების დასაცავად:
„ვიმედოვნებ, ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ იმისთვის, რათა ყურადღება მივაპყროთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია – კერძოდ, არქტიკის კოლექტიურ უსაფრთხოებაზე – იმაზე, თუ როგორ მოქმედებენ ნატოს წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიის საპასუხოდ, სუვერენიტეტისა და კოლექტიური უსაფრთხოების გათვალისწინებით…“
მანვე გაიხსენა „გრენლანდიის უსაფრთხოების შესახებ“ დანიის სამეფოსა და აშშ-ის შორის 1951 წელს გაფორმებული შეთანხმება და თქვა, რომ არქტიკის რეგიონში არსებული ვითარება, ისევე როგორც ურთიერთთანამშრომლობის საკითხი, ყინულოვანი კუნძულის, კოპენჰაგენისა და ვაშინგტონის განსახილველია.
პლანეტის ჩრდილოეთით არსებული გამოწვევები და მიმდინარე პროცესები დანიის თავდაცვის მინისტრ ტროლს ლუნდ პოულსენისთვის გახდა იმის თქმის საფუძველი, რომ „გრენლანდიის ირგვლივ არსებული რეგიონი აღარ წარმოადგენს ნაკლები დაძაბულობის მქონე სივრცეს“.
სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით კი, „არ არის იმდენად ჭკვიანი როგორც მსოფლიოს სხვა პოლიტიკოსები, რომ მისი [დონალდ ტრამპის] სიტყვით გამოსვლისთანავე, შეაფასოს სიტუაცია“, თუმცა დასძინა, რომ „ცხადია, სამომავლოდ ჩვენ შევეჯახებით ევროპასა და ამერიკას შორის უფრო გაძლიერებულ დაძაბულობას და ამისთვის უნდა მოვემზადოთ“.
ევროპელი პოლიტიკოსებისთვის მთავარი ხაზი გადის არქტიკის რეგიონის დაცვაზე მოსკოვისა და პეკინის სამხედრო-პოლიტიკური გავლენებისგან, რამაც, შესაძლოა, სრულად შეცვალოს არა მხოლოდ ჩრდილოეთ პოლუსზე, არამედ მთლიანად დასავლეთში არსებული დღის წესრიგი.
შვედეთის ვიცე-პრემიერისთვის სწორი ქმედება არის მსოფლიოსთვის და, მათ შორის, მოკავშირე ამერიკისთვის ევროპის სიმტკიცის დემონსტრირება. ება ბუშის თქმით, [დონალდ ტრამპის განცხადებით] „საერთოდ არ არის გაკვირვებული“:
„ვფიქრობ, ეს მხოლოდ ადასტურებს ევროპისადმი ჩვენს გზავნილს შვედეთიდან: ევროპა უნდა გახდეს უფრო ხისტი და მტკიცე. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა. მუდმივად ვამბობთ, რომ შანტაჟითა თუ დაშინებით ჩვენ ვერ დაგვათმობინებენ ტერიტორიას. ამ შემთხვევაში, საუბარია გრენლანდიასა და დანიაზე.
მან მკაფიოდ განაცხადა, რომ არ გამოიყენებს სამხედრო ძალას და ჩვენ დავიცავთ ამ პრინციპს, თუმცა, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვართ თუ არა მზად, რომ გაგვყიდონ? ჩვენ დემოკრატიით ვართ დაკავებული და არა დაუფლებითა და დაპყრობით. სწორედ ამიტომ შვედეთი მუდმივად აცხადებს: არ მივცემთ არავის შანტაჟის უფლებას, დავიცავთ შვედ ხალხს და ჩვენს მეზობელ მოკავშირეებს“, – განაცხადა შვედეთის ვიცე-პრემიერმა, ება ბუშმა.
გრენლანდიის საკითხის ირგვლივ, აშშ-ევროპის ურთიერთობაში გარკვეული წინსვლა მიღწეულია, თუმცა ჯერ მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან დონალდ ტრამპმა ევროპის 8 სახელმწიფოსთვის 1-ელი თებერვლიდან დასაწესებელი ტარიფების გაუქმებაზე განაცხადა.
ასეთი ნაბიჯის მიუხედავად, მაგალითად, საფრანგეთში ამერიკის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების ბოლომდე არ სჯერათ – არგუმენტად კი მისი არაპროგნოზირებადი განცხადებები სახელდება.

