ახლა დავოსში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. და ბუნებრივია, ეს უმნიშვნელოვანესი ფორუმი სხვა საკითხებთან ერთად უდიდეს ყურადღებას დაუთმობს უკრაინაში მიმდინარე ომს. ბუნდოვანება იმის თაობაზე, შეხვდებოდნენ თუ არა ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს, დონალდ ტრამპმა გააქარწყლა. თქვა, რომ შეხვედრა შედგება.
ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინსა და ზელენსკისთან კავშირზეა და შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
„მე პრეზიდენტ ზელენსკისთან მაქვს ურთიერთობა და ვფიქრობ, მასაც სურს შეთანხმება. დღეს მას ვხვდები. შესაძლოა, ის ახლა აუდიტორიაში იყოს, მაგრამ ჩვენ ეს ომი უნდა შევაჩეროთ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა უმიზეზოდ. ძალიან ბევრი სიცოცხლე იკარგება. ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ამის გაკეთება მინდა”.
ორი პრეზიდენტის შეხვედრას მძიმე ფონი გასდევს თან. რუსეთი რაკეტებითა და დრონებით განაგრძობს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასშტაბურ დაბომბვას. კიევში ელექტროენერგიის მიწოდება არასტაბილურია, განსაკუთრებით ცივი ზამთრის პირობებში, როდესაც ტემპერატურა მინუს 20 გრადუს ცელსიუსს ჩამოსცდა, იზრდება შეშფოთება, შეძლებს თუ არა ქვეყანა გაძლოს დასავლელი მოკავშირეების, მათ შორის შეერთებული შტატების, უფრო ინტენსიური მხარდაჭერის გარეშე, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მიმართულებით.
ვითარებას კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის ის, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და პრეზიდენტის მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი ჩავლენ მოსკოვში, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავენ. ამის შემდეგ ისინი სამუშაო ჯგუფებთან კონსულტაციებისთვის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადაინაცვლებენ.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა კრემლი რეალურად სამშვიდობო შეთანხმებაზე, ვიტკოფმა მოსაზრების გამოთქმისგან თავი შეიკავა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვმა თავად მიიწვია ამერიკული დელეგაცია.
ამასთან, დონალდ ტრამპმა პუტინი ღაზის მშვიდობის საბჭოშიც მიიწვია. ეს კი მაშინ, როცა მოსკოვმა არაერთხელ უგულებელყო ტრამპის მოთხოვნები და ბოლო დროს არაერთხელ შეუტია მთელ უკრაინაზე.
ამ ყველაფერზე კი ამერიკის პრეზიდენტის პოზიცია ცვალებადია. ხან ამტკიცებს, რომ სამშვიდობო პროცესს ზელენსკი უშლის ხელს, ხან კი პუტინს მძიმე სანქციებით ემუქრება და ამბობს, რომ მან უამრავი უდანაშაულო ადამიანი დახოცა.

