სერბეთში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა სტუდენტებისა და ლექტორების მხარდასაჭერად. დემონსტრანტების განცხადებით, ქვეყანაში გამართული ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობის გამო, უნივერსიტეტებიდან რამდენიმე ათეული ლექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს, სტუდენტების ნაწილს კი, ჩარიცხვის შესაძლებლობა არ მისცეს.
„ის, რასაც სტუდენტები ბოლო თვეებსა და წლებში აკეთებდნენ ჩვენს ქვეყანაში, არის გულწრფელი მცდელობა, განიკურნოს მთელი ჩვენი საზოგადოება. ისინი იმ მიზნებისთვის იბრძვიან, რომელთათვისაც ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მუჰამედ დემიროვიჩი.
სერბეთში თითქმის ერთი წელია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელიც 2024 წლის ნოემბერში, ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო დაიწყო. აქციის მონაწილეები მთავრობას კორუფციულ გარიგებში დასდეს ბრალი და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეების აზრით, ახლადგარემონტებულ სადგურზე ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევა ჩინეთთან სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში კორუფციით გამოწვეული დაუდევრობის შედეგია.
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის მთავრობა კვლავ ცდილობს ქვეყანაში პროტესტის ჩახშობას.
„თუ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს სტუდენტებს, მათ მოთხოვნებსა და ძალისხმევას, უპირველეს ყოვლისა, ჰქონდეთ თავისუფალი უნივერსიტეტები, ჰყავდეთ საღად მოაზროვნე ლექტორები, რომლებიც ასწავლიან და მათგან შექმნიან თავისუფალ, კრიტიკული აზროვნების მქონე პიროვნებებს, როგორ შეგვიძლია ველოდოთ მომავალში ჯანსაღ საზოგადოებას, იმ საზოგადოებას, რომელიც ნამდვილად ისწრაფვის უკეთესობისკენ? ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმ ეტაპს, რომ ყველამ უფრო მშვიდად, ბედნიერად და უკეთ ვიცხოვროთ“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მუჰამედ დემიროვიჩი.
სერბეთი ოფიციალურად ევროკავშირში გაწევრებას ცდილობს, მაგრამ პროცესი შეჩერდა, რადგან ვუჩიჩმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა რუსეთთან და ჩინეთთან. ვუჩიჩს ოპონენტები კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში ადანაშაულებენ, თუმცა თავად ამ ბრალდებებს უარყოფს.

