საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ე.წ. „ჩორჩანას საგუშაგოს“ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა, რითაც დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდების მხარის თქმით, გიორგი გახარიას მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე. ექსპრემიერი უკვე რამდენიმე თვეა, გერმანიაში, პოლიტიკურ დევნილობაში იმყოფება.
გიორგი გახარიას ადვოკატმა და მისივე პარტიის წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბრალს არ აღიარებს. მანვე გამორიცხა გიორგი გახარიას დაბრუნება „ბიძინა ივანიშვილის იურისდიქციის პირობებში“. 13 ნოემბერს, საღამოს თბილისის საქალაქო სასამართლო ასევე იმსჯელებს გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდებაზე 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.


