მთავარიბიზნესი„სილქ როუდ ჯგუფის“ ობლიგაციების წარმატებული განთავსება

„სილქ როუდ ჯგუფის“ ობლიგაციების წარმატებული განთავსება

საქართველოს უმსხვილესმა მრავალპროფილურმა კონგლომერატმა – „სილქ როუდ ჯგუფმა“ ქვეყნის კერძო სექტორის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ემისია განახორციელა და 400 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განათავსა.

5-წლიანი ობლიგაციები წლიური 7,5%-იანი განაკვეთით განთავსდა, რაც ბოლო წლებში ქართული კერძო სექტორის ემისიებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ობლიგაციების გამოშვების პროცესი ერთობლივად მართეს უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკებმა – J.P. Morgan-მა და UBS-მა, ტრანზაქციის თანაწამყვანი მენეჯერები კი „თიბისი კაპიტალი“, „გალტ & თაგარტი“ და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი Oppenheimer იყვნენ.

„ეს ტრანზაქცია წარმოადგენს გარდამტეხ მომენტს როგორც „სილქ როუდ ჯგუფისთვის“, ასევე მთლიანად საქართველოს კერძო სექტორისთვის. ჩვენი წარმატება ძალიან კარგი სიგნალია ქართული ბიზნესისთვის. თუ ჩვენ ეს შევძელით, სხვებიც შეძლებენ. რაც მეტი ქართული კომპანია გავა კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე, მით მეტ სიკეთეს მოუტანენ საქართველოს ეკონომიკას. ვამაყობთ, რომ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე გავედით ინვესტორების ასეთი ძლიერი მხარდაჭერით. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს J.P. Morgan-სა და UBS-ს მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და ჩვენი კომპანიის მიმართ ურყევი ნდობისთვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა, თიბისი კაპიტალს, გალტ&თაგარტს და ყველა სხვა პარტნიორს“, – განაცხადა „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

„გვეამაყება, რომ შევძელით „სილქ როუდ ჯგუფის“ მხარდაჭერა ამ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევაში. ტრანზაქციამ ინვესტორების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რაც ასახავს როგორც კომპანიის ძლიერ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, ასევე ქართული კომპანიების მიმართ საერთაშორისო ინვესტორების მზარდ ინტერესს. „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებულმა ემისიამ ხელახლა გახსნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრები ქართველი ემიტენტებისთვის და დააწესა ახალი სტანდარტი ხარისხისა და აღსრულების თვალსაზრისით“, – ასე შეაფასა ობლიგაციების განთავსება J.P. Morgan-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სასესხო კაპიტალის ბაზრების მიმართულების ხელმძღვანელმა სტეფან ვილერმა.

„სილქ როუდ ჯგუფის” სადებიუტო ემისიამ ნამდვილად მაღალი ხარისხის საერთაშორისო ინვესტორები მიიზიდა. შედეგი ნათლად აჩვენებს საერთაშორისო ნდობას ჯგუფის განვითარების სტრატეგიისა და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის მიმართ. მოხარულნი ვართ, რომ ვიყავით „სილქ როუდ ჯგუფის“ პარტნიორები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ტრანზაქციაში“, – განაცხადა UBS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის კორპორატიული სასესხო კაპიტალის ბაზრებისა და ინფრასტრუქტურული დაფინანსების კონსულტირების მიმართულების ხელმძღვანელმა, პოლ მაჰონიმ.

წარმატებული ემისია კიდევ უფრო აძლიერებს „სილქ როუდ ჯგუფის“ წვდომას საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე და ამყარებს მისი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი მრავალპროფილური კერძო ჯგუფის რეპუტაციას, რომლის საქმიანობა მოიცავს სატელეკომუნიკაციო, სტუმარ-მასპინძლობის, უძრავი ქონების და ინფრასტრუქტურის სექტორებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend