მთავარისაქართველოპრემიერ-მინისტრი ელის, რომ პარტნიორები დაგმობენ 4 ოქტომბრის მოვლენებს

პრემიერ-მინისტრი ელის, რომ პარტნიორები დაგმობენ 4 ოქტომბრის მოვლენებს

„ქართული ოცნების” მოლოდინი, რომ დასავლელი პარტნიორები 4 ოქტომბრის მოვლენებს დაგმობდნენ ჯერჯერობით არ მართლდება.

მმართველი პარტია დაგმობად და გამიჯვნად არ მიიჩნევს ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლების – კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებას. ამ განცხადების თანახმად, დიპლომატები ამბობენ, რომ „გმობენ ნებისმიერი ფორმის ძალადობას ნებისმიერი მხრიდან“ და ყველა მხარეს მოუწოდებენ დიალოგისკენ.

ამასთან, პრემიერ ირაკლი კობახიძისთვის მიუღებელია „ევროპის სახალხო პარტიის“ 8 ოქტომბრის განცხადება, სადაც საუბარია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და პარტიის სხვა ლიდერების დასანქცირების აუცილებლობაზე:

„ვიდრე ქართველი ხალხი განაგრძობს ბრძოლას თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ 4 ოქტომბერს კიდევ ერთი ფიქტიური არჩევნები ჩაატარა, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობითა და მთავარი ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე, ასევე ოპონენტების მასობრივი რეპრესიებისა და ძალადობის თანხლებით.

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიერ განხორციელებული ბოლოდროინდელი დაკავებები და დევნის მუქარა მიზნად ისახავს პროტესტის უფლების შეზღუდვას, პროდასავლური ოპოზიციის განადგურებასა და საზოგადოებაში შიშის დამკვიდრებას. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ძალადობა და რეპრესიები და პატივი სცენს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.

მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელშემწყობ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის შერყევაში“.

ამ განცხადებაზე საუბრისას ირაკლი კობახიძე საზოგადოებას ახსენებს, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობს.

პრემიერის მტკიცებით, „ევროპის სახალხო პარტიის“ დახმარებით საქართველოში დამყარდა, როგორც ამბობს, „სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი“. 8 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას მოუწოდა შესაბამისი დასკვნების გამოტანისკენ.

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) არა მოძალადეებისა და ქართული დემოკრატიის მტრების, არამედ ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის სხვა ლიდერების სანქცირებას ითხოვს.

EPP-ის ეს განცხადება ქართულ საზოგადოებას საუკეთესოდ ეხმარება იმის გააზრებაში, თუ რა უბედურებამდე მიიყვანა ევროკავშირი სუვერენიტეტის დაკარგვამ და გარედან მართულმა ევროპულმა ბიუროკრატიამ…

ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა: ამის შემდეგ შეიძლება თუ არა, შესაბამისი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს რაიმე ფასი ჰქონდეს? ბუნებრივია, ეს შეკითხვა, თავისი არსით, რიტორიკულია და ცხადია, იმ სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს, რომლებიც ვერ მალავენ გაღიზიანებას ქართველი ხალხის, მისი არჩევანისა და მშვიდობისთვის უკომპრომისო ბრძოლის მიმართ, ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერავითარი ფასი ვერ ექნება…“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების განცხადებებითა თუ მოწოდებებით მათი სათქმელი მკაფიოდ ითქვა.

4 ოქტომბრის შემდეგ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მზად არიან, ევროპის სახელმწიფოებთან და ამერიკასთანაც, შეინარჩუნონ ცალმხრივი მეგობრობისა თუ პარტნიორობის ფორმატი ე.წ. „დიფ სთეითის“ პირობებშიც კი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend