პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრს, გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალდება წარედგინათ.
პროკურატურას საქმე აქვს აღძრული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ემუქრებათ პატიმრობა 4-დან 6 წლამდე ვადით.
გამოძიების ვერსიით, პირველ სექტემბერს თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეს. ადვოკატების თქმით, გელა ხასაია და მასთან ერთად დაკავებული პირი ერთმანეთს არ იცნობენ, ხოლო საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და უკავშირდება გელა ხასაიას სამოქალაქო აქტივიზმს.
30 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ცნობა, რომ საქმეში დაზარალებული გელა ხასაიაზე სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა, რამაც აქტივისტისგან აგრესია და მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა გამოიწვია.
უწყების ვერსიით, ინციდენტს თავად გელა ხასაია ადასტურებს, თუმცა უარყოფს ძალადობას.