„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ვრცელ წერილს ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ 13-წლიანი მმართველობის პერიოდს მიმოიხილავს და ძირითადად მიღწევებსა და შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს.
წერილში ნათქვამია, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბერი, ანუ ის დღე, როდესაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია მოვიდა, „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა”.
„ამ ისტორიული გამარჯვებიდან მოყოლებული, ჩვენ ერთად ვცდილობთ მეტ კეთილდღეობას, სიმდიდრეს, ეკონომიკურ სიმყარეს მივაღწიოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და მყარი სუვერენიტეტის მისაღწევად, თუმცა, ამ გზაზე უმთავრეს ბარიერად რადიკალიზმის, ურთიერთდაპირისპირების, ხელოვნური შუღლის შემოქმედი ძალები გვევლინება, რომლებიც ამჯერად ოპოზიციის სახელით ებრძვიან საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, ცდილობენ წარსულსა და უძრაობაში, უცხო ინტერესების მორჩილებაში დაგვაბრუნონ“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში.
მმართველი პარტიის დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველო კვლავ „გადის ბეწვის ხიდზე“ და ბრძოლაა საჭირო სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.
„კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება, ფეხი დაგვიცდეს. უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლას მუდმივი სიფხიზლე სჭირდება. რა თქმა უნდა, განვლილ 13 წელიწადში იყო შეცდომებიც, თუმცა, საბედნიეროდ, არა იმ ხარისხის, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა, არა იმ ხარისხის, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა“, – წერს მმართველი პარტიის დამფუძნებელი.
ბიძინა ივანიშვილი ვრცელ წერილში ყოფილ თანაგუნდელებსაც ახსენებს და ამბობს, რომ მათმა ნაწილმა უღალატა, რამაც მისი თქმით, ქვეყანაში კრიზისი შექმნა.
„პირადად ჩემთვის, უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არამხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე. წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას, მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო, შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადებაც ღირდა, თუმცა, ჩვენ ამასაც გავუძელით“, – წერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე.
ბიძინა ივანიშვილი ვრცელ წერილში ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს „აგენტებად“ და „გარე მტრების“ დასაყრდენად მოიხსენიებს.
„ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ გაიზარდა ზეწოლა და შანტაჟი, რომელმაც სხვადასხვა ფორმა მიიღო. ბუნებრივია, გარე გამოწვევების, რეგიონში მიმდინარე დამანგრეველი ომების ფონზე, ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმა უფრო და უფრო ხშირდება და კიდევ უფრო მძაფრი ხდება, თუმცა, კონკრეტულ ძალებს უწევთ, რომ ეს არა შიდა მტრების, როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ, არამედ გარე მტრების ხელით გააკეთონ. ამ ფონზე, ქვეყნის შიგნით მოქმედი მათი დასაყრდენი აგენტები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული, ერთი შეხედვით დასუსტდნენ, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას“, – წერს ბიძინა ივანიშვილი.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი მმართველი პარტიის მთავარ მონაპოვრად მიიჩნევს, იმას, რომ „გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასების უნარი“.
„და მაინც, გასული 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასების უნარი. ამასთანავე, უდიდესი მონაპოვარია ისიც, რომ საზოგადოება ჩვენთან ერთად გაიზარდა და თავადაც შესანიშნავად ახერხებს სწორი ანალიზის გაკეთებას, რათა ყველაფერს ერქვას თავისი სახელი. ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად წარმატებით გავანეიტრალეთ წინა ხელისუფლების მიერ, გარე პატრონებისგან ათვისებული მთავარი იარაღი – თეთრი შავად წარმოეჩინათ, შენება ნგრევად, ხოლო სიკეთე -ბოროტებად. საზოგადოებასთან ერთად, წარმატებით გავანეიტრალეთ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დამნაშავე რეჟიმს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა, ხოლო, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ხელისუფლებას დიქტატურას უწოდებს“, – ნათქვამია წერილში.
ვრცელ წერილში ბიძინა ივანიშვილი იმასაც ამბობს, რომ მმართველი პარტია უარს არ ამბობს „არავისთან პარტნიორობაზე, თუმცა მისივე განმარტებით, ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე.
„ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი“, – წერს ბიძინა ივანიშვილი.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე იმასაც წერს, რომ 4 ოქტომბერს საზოგადოებას „კიდევ ერთი გამოცდა ელის”.
„მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიღაბჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ“, – წერს ბიძინა ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, თვითმმართველობის არჩევნებზე კვლავ მმართველ პარტიას დაუჭირონ მხარი „2012 წელს მოპოვებული მშვიდობიანი გამარჯვება საბოლოოდ, მშვიდობიანადვე გასაფორმებლად“.