ვაშინგტონის დროით 00:01 საათზე აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა შეწყვიტა.
მთავარი მიზეზი სენატში წარდგენილი სამთავრობო ხარჯების შესახებ კანონპროექტია, რომლის დამტკიცებაზეც დემოკრატი სენატორები უარს აცხადებენ.
დემოკრატების აზრით, ხარჯების შესახებ კანონპროექტი აშშ-ის მოქალაქეებს ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას გაურთულებს. ისინი მოითხოვენ, რომ კანონპროექტში შევიდეს პუნქტი ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდირების შესახებ.
„რესპუბლიკური პარტია“ აკონტროლებს როგორც წარმომადგენელთა პალატას, ისე სენატს. თუმცა მათ არ აქვთ სენატში სამთავრობო ხარჯების კანონპროექტის მისაღებად საჭირო 60 ხმა, რაც „დემოკრატიულ პარტიას“ გარკვეულ ბერკეტს აძლევს.
რესპუბლიკელებს სენატში ამჟამად მხოლოდ 53 ადგილი აქვთ, კანონპროექტის დასამტკიცებლად მათ კიდევ 7 ხმა სჭირდებათ.
მთავრობის მიერ მუშაობის შეწყვეტა ქვეყანაში ასობით ათასი დასაქმებულის არაანაზღაურებად შვებულებაში გაშვებასა და სამთავრობო სერვისების დროებით შეწყვეტას გამოიწვევს.
უკანასკნელად მთავრობამ მუშაობა 2018 წლის ბოლოს, დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს შეწყვიტა და ის 35 დღეს გაგრძელდა.