პროევროპული დემონსტრაციებისას ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენი 2 სექტემბერს გამოცხადდება.
ამავე დღეს სასამართლო ბრალდებულის საბოლოო სიტყვასაც მოისმენს.
27 აგვისტოს სხდომაზე ანტონ ჩეჩინმა უარი თქვა მოსამართლის შეთავაზებაზე, მოკლედ, რუსულად ეთქვა საბოლოო სიტყვა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ საუბარი სურს ვრცლად და ინგლისურად, თარჯიმნის დახმარებით.
სხდომაზე დასკვნითი სიტყვა თქვა ანტონ ჩეჩინის მეორე ადვოკატმა, დარია სამოდუროვამ – ის საქმეში მოგვიანებით ჩაირთო. ასევე, სასამართლომ მოისმინა მხარეთა რეპლიკები.
ბრალდებულის უფლებადამცველმა ისაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში არსებულ დარღვევებზე.
წინა, 25 აგვისტოს პროცესზე ბრალდებულის უფლებადამცველმა, გიორგი ჩხეიძემ საქმის მოსამართლეს, ჯვებე ნაჭყებიას მიმართა და განაცხადა, რომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილებით სასამართლო განაჩენს გამოუტანს არა მხოლოდ ანტონ ჩეჩინს, არამედ უდანაშაულობას, კანონსა და სამართლიანობას.
ანტონ ჩეჩინი რუსეთის მოქალაქეა. რუსეთში ყოფნისას ის აქტიურად მონაწილეობდა ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში, ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიან ომს, თუმცა 2022 წელს, საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ქვეყნის დატოვება მოუწია.
ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.