პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობენ.
ბრალდებულთაგან პირველი ნიკოლოზ ჯავახიშვილი იყო, ვინც განაჩენამდე საბოლოო სიტყვა წაიკითხა:
„მე ვარ 20 წლის სტუდენტი, აფხაზეთიდან დევნილი, თბილისში გაზრდილი ნიკოლოზ ჯავახიშვილი…
რატომ ისროლა ჯავახიშვილმა ფეიერვერკი ჰაერში, რატომ გააკეთა ეს? ბატონო მოსამართლე, ვფიქრობ, როცა გადაწვეტილების მისაღებად გახვალთ, ეს კითხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება – ისროლა თუ არა პოლიციელების მიმართულებით, მიიღო თუ არა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა?
ამ კითხვაზე სწორი პასუხი არის არა – კი ვიდეოზე მე ვარ, მაგრამ ბატონი ვაჟა და ვახტანგი, რასაც მედავებიან კატეგორიულად უარვყოფ. მოგიყვებით, როგორ განვითარდა მოვლენები 28 ნოემბერს. მე და მარიამი გზაში ვიყავით, ბათუმიდან მოვდიოდით როცა ირაკლი კობახიძე განცხადებას აკეთებდა. ჩამოვედით [თბილისში] და გავედით აქციაზე მშვიდობიანად, არავის დავსხმივარ თავს…
ღამის საათები იყო, როცა ჩემთან მოვიდა შენიღბული პირი და მითხრა ფოიერვერკი დამიჭირე ერთი წუთით, უარი ვუთხარი – პირველი ის, რომ უცნობი იყო შენიღბული, მეორე ის რომ ფითილზე მოკიდებული ჰქონდა ფეიერვერკს მან ძირს დააგდო და გაიქცა, დავუყვირე, რას აკეთებ-მეთქი, შევაგინე და ხელში ავიღე ინსტიქტურად, არავინ რომ არ დაზიანებულიყო. ხელში როცა ავიღე, მაღლა აღვმართე. ერთი გასროლა იყო… გავიქეცი რამდენიმე მეტრით წინ, რადგან ხალხის სიმჭიდროვე იყო. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, არავინ რომ არ დაზარალებულიყო. ჩემსა და პოლიციელებს შორის დაშორება იყო 600 მეტრი, ჩემი მოქმედებები საფრთხე არ იყო არც პოლიციელებისთვის, არც საზოგადოებისთვის.
სწორედ იმიტომ ავიღე ძირს დაგდებული, რომ ვინმე ან რამე არ დაზიანებულიყო, როგორ ვარ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე, როცა ერთმანეთსაც არ ვიცნობთ…
ერთადერთი ადამიანი დამრჩა მარიამი, რომელზეც ვნერვიულობდი… ბოდიში, მარიამ, ამდენი რომ განერვიულე, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ გვერდით ვიყო.
აქ ყოფნისას ვისწავლე სიყვარული და თავისუფლება… ვისწავლე ადამიანების პატივისცემა… მგონია, რომ ტანჯვა რომელსაც გავდივარ, დროებითია და ვითმენ. შეიძლება, სამართალი ურმით დადის და ამიტომ ველოდები, როდის მოვა…
ვისწავლე თავის კონტროლი, საახალწლოდ მე და მარიამს ბაკურიანში წასვლა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ოთხ კედელში შევხვდი. მინდოდა, დაბადების დღეზე საზღვარგარეთ წავსულიყავი და ხელი მეთხოვა, მაგრამ ციხეზე მოვაწერე ხელი…
ბევრჯერ მითხრეს, პროკურორებს ბატონოთი რატომ მიმართავო? მე ჩემი მეობა, ჩემი პირადი აზრი და ინდივიდუალურობა მახასიათებს. მერე რა, რომ ფეიერვერკის ჰაერში სროლის გამო ოთხი წლით მიშვებენ ციხეში?
არ შეიძლება, სამყაროს უყურო ცალი თვალით, ორი თვალით უნდა უყურო…
იყავი ადამიანი, იყავი მოწყალე იყავი მშვიდი, აკეთე სიყვარული და სიკეთე… მივუტევოთ, ვაკეთოთ სიკეთე, ერთმანეთს დაველოდოთ და სიყვარულში გავატაროთ ცხოვრება…“
ნიკოლოზ ჯავახიშვილის შემდეგ საბოლოო სიტყვის უფლებით უნდა ისარგებლოს ზვიად ცეცხლაძემ. მას გამოძიება “ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას” ედავება.
მანამდე სხდომაზე დასკვნით სიტყვები თქვეს ამ ბრალდებულთა ადვოკატებმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა და დავით ჭიკაიძემ.
დასკვნითი სიტყვის კითხვის დაწყებამდე, ადვოკატმა ელჯგუჯა ავსაჯანიშვილმა თქვა, რომ მისი სიტყვა არ იქნება “კლასიკური, რადგან მას სურს დასკვნითი სიტყვა უთხრას ნიკოლოზ ჯავახიშვილს”. მისივე თქმით, 26 აგვისტოს მან საპატიმრო დაწესებულებაში მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მოინახულა ბრალდებული.
ელგუჯა ავსაჯანიშვილმა გაიხსენა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც, ადვოკატის თქმით, ვერ ამტკიცებენ ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიერ სამართალდამცველების მიმართულებით პიროტექნიკის გასროლას. ერთ-ერთი მოწმე პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით, ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ნასროლი არ მოხვედრია არც პარლამენტის შენობას და არც პოლიციელებს. ელგუჯა ავსაჯანიშვილმა სასამართლო პროცედზე წარადგინა ვიდეომტკიცებულებაც, სადაც ჩანს, რომ ნიკოლო ჯავახიშვილი პიროტექნიკას ცაში ისვრის და, როგორც იურისტი განმარტავს, ამიტომ ზიანს ვერავის ვერ მიაყენებდა.
დასკვნითი სიტყვების შემდეგ მხარეებს არ უსარგებლიათ რეპლიკის უფლებით.
ევროინტეგრაციის მხარდამჭერი საპროტესტო აქციებისას დაკავებული რვა პირის საქმეზე განაჩენს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი, სავარაუდოდ, პირველ სექტემბერს გამოაცხადებს.