იმ ფონზე, როდესაც კრემლის საოკუპაციო ჯარების მიერ უკრაინის მიწის 20%-ზე მეტია ოკუპირებული და მოსკოვი ხუთ უკრაინულ რეგიონზე აცხადებს პრეტენზიას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ მოსკოვის „მიზანი არასდროს ყოფილა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია“.
რუსულ სახელმწიფო მედიასთან საუბრისას ლავროვმა თქვა, რომ „რეალური მიზანი იყო რუსი ხალხის დაცვა“.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, ჩვენ არასდროს ვამბობდით, რომ ტერიტორიების უბრალოდ ოკუპაცია გვჭირდება. არც ყირიმის, არც დონბასის, არც ნოვორასიის, როგორც ტერიტორიის მიტაცება, არ ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი ხალხის დაცვა იყო, რუსი ხალხის, რომელიც ამ მიწებზე საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა, ვინც აღმოაჩინა ეს მიწები და მათთვის სისხლი დაღვარა ყირიმშიც და დონბასშიც, ვინც დააარსა ქალაქები – ოდესა, ნიკოლაევი, ასევე, პორტები, ქარხნები და ბევრი სხვა რამ. ყველასთვის კარგად ცნობილია, რამდენად დიდი წვლილი აქვს შეტანილი ამ მიწების დაფუძნებაში ეკატერინე მეორეს…“ – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
სერგეი ლავროვმა ახსენა კონკრეტული შეთანხმებები და ვალდებულებები, რომლებიც, მისი თქმით, კიევმა დაარღვია. ამას კი რუსი დიპლომატი აცხადებს იმ ფონზე, როდესაც უკრაინის მთავრობის თანახმად, მოსკოვმა უგულებელყო 1994 წელს გაფორმებული „ბუდაპეშტის მემორანდუმის“ პუნქტები. ეს დოკუმენტი მოიცავდა
უკრაინის მხრიდან უარის თქმას ბირთვულ შეიარაღებაზე. სანაცვლოდ, კიევი მემორანდუმზე ხელმომწერი სახელმწიფოებისგან, მათ შორის რუსეთისგან იღებდა გარანტიებს თავდაუსხმელობის შესახებ:
„ყველასთვის კარგად ცნობილია, როგორ აღმოჩნდა ეს მიწები ჯერ უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის, შემდეგ კი დამოუკიდებელი უკრაინის შემადგენლობაში. თუმცა დამოუკიდებელი უკრაინის შემადგენლობაში ეს მიწები აღმოჩნდა ჯერ კიდევ 1990 წელს, კიევის მიერ მიღებული ეროვნული სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციის საფუძველზე. ამ დეკლარაციაში მკაფიოდ იყო გაცხადებული, რომ უკრაინა საუკუნეებით იქნება არაბირთვული, ნეიტრალური, უბლოკო სახელმწიფო. სწორედ ამ ვალდებულებას დაედო საფუძვლად უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარება…“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე და მას ბრალი დასდო კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების გატარებაში, რამაც, მისი მტკიცებით, თითქოს „შეზღუდა რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები“.