რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალასკაში დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შესახებ რუსეთის მაღალჩინოსნებისთვის ბრიფინგი გამართა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკებები ნაყოფიერი იყო და რუსეთსა და აშშ-ს უკრაინაში ომის დასრულება სურთ. ვლადიმერ პუტინის თქმით, დონალდ ტრამპთან საუბარი პირდაპირი და ინფორმატიული იყო. რუსეთის მაღალჩინოსნებისთვის მიმართვისას, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომის დასრულების საფუძველი კონფლიქტის „ძირითადი მიზეზების“ მოგვარებაა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დროული და ძალიან სასარგებლო იყო. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობების პრაქტიკულად ყველა სფერო. თუმცა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ვისაუბრეთ უკრაინის კრიზისის შესაძლო სამართლიან მოგვარებაზე. და რა თქმა უნდა, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ამ კრიზისის მიზეზებზე, რაც გავაკეთეთ კიდეც. სწორედ ამ ძირეული მიზეზების აღმოფხვრა უნდა გახდეს კონფლიქტის მოგვარების საფუძველი“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
„ვიმეორებ, გვქონდა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მშვიდად და დეტალურად დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკის ადმინისტრაციის პოზიციას, რომელიც ხედავს საომარი მოქმედებების სწრაფად დასრულების აუცილებლობას. ჩვენც ეს გვსურს. ასევე გვსურს გადავიდეთ ყველა საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. საუბარი ძალიან გულწრფელი, ინფორმაციული იყო, რაც ჩემი აზრით, საჭირო გადაწყვეტილებებთან გვაახლოებს.“