დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ისტორიულ შეხვედრამდე საათები რჩება – რუსული დელეგაცია პუტინის მეთაურობით უკვე ანკორიჯშია. ალასკას შტატისკენ გაემართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, სადაც იგი ჯერ პირისპირ, ხოლო მოგვიანებით დელეგაციების თანხლებით კრემლის მეთაურს შეხვდება.
როგორც მოსალოდნელია, მოლაპარაკებებზე განიხილება რუსეთის მოთხოვნა, უკრაინის მიერ გარკვეული ტერიტორიების, კერძოდ, დონეცკისა და ლუჰანსკის, დათმობის შესახებ. სავარაუდოა, რომ ვლადიმერ პუტინი მოითხოვს რუსეთის ამჟამინდელი პოზიციების შენარჩუნებასაც ზაპოროჟიესა და ხერსონში.
უკრაინის მაღალჩინოსნებმა მსგავსი წინადადებები უკვე არაერთხელ უარყვეს, თუმცა რიგი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამჯერად, უკრაინა შესაძლოა მზად იყოს დიდ დათმობაზე წასასვლელად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდება.
ნებისმიერ შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ტერიტორიული პრეტენზიების შესახებ საკითხები მხოლოდ უკრაინული მხარის ჩართულობის შემთხვევაში განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ომში ჩართული მხარეების ლიდერებს შეეძლებათ.
მიმდინარე კვირის განმავლობაში ტრამპმა არაერთხელ ახსენა, რომ ეს შეხვედრა მომდევნო, უფრო შედეგიანი შეხვედრებისთვის ერთგვარი ნიადაგის მომზადებაცაა და არ გამორიცხავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად სამიტის სამმხრივ ფორმატში დაგეგმვასაც.
„მე და პუტინი ერთმანეთს კარგად ვეწყობით, ერთმანეთს პატივს ვცემთ. ვფიქრობ, ამისგან რაღაც გამოვა. თუმცა მე აქ უკრაინის სახელით მოლაპარაკებების გასამართად არ ვარ. მე აქ ვარ იმისთვის, რომ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვიყვანო. მას მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება სურდა. მე რომ პრეზიდენტი არ ვყოფილიყავი, ის მართლა მთელ უკრაინას დაიკავებდა, მაგრამ იგი ამას არ გააკეთებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ალასკაში ჩასვლის შემდეგ მედიას გაესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს ომის დასრულების თვალსაზრისით, მკაფიო პოზიცია და არგუმენტები აქვს, რომლებიც მოლაპარაკებების მაგიდაზე აუცილებლად გაჟღერდება.
„ჩვენ არასდროს ვგეგმავთ წინასწარ. ვიცით, რომ გვაქვს არგუმენტები და მკაფიო, გასაგები პოზიცია, რომელსაც წარვადგენთ. ბევრი რამ უკვე გაკეთდა სტივ ვიტკოფის ვიზიტის დროს, ამაზე პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრა და ვიტკოფმაც პრეზიდენტ ტრამპის სახელით. იმედი მაქვს, რომ დღეს ამ ძალიან პროდუქტიული საუბრის გაგრძელებას შევძლებთ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
სამიტის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმაც.
„ჩვენ ველით, რომ პრეზიდენტი პუტინი სერიოზულად მიიღებს პრეზიდენტ ტრამპის დიალოგის შეთავაზებას და ალასკაში შეხვედრის შემდეგ დაიწყებს უპირობო მოლაპარაკებებს უკრაინასთან. მიზანი უნდა იყოს სამიტის დაგეგმვა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკიც დაესწრება. სწორედ ამ სამიტზე უნდა შეთანხმდნენ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე“, – ვკითხულობთ ფრიდრიხ მერცის მიერ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ის ასევე დასძენს, რომ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ჰქონდეს უკრაინის მიმართ ევროპელი პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერის იმედი.
ისტორიული მოლაპარაკებების დაწყების მოლოდინში ქალაქ ანკორიჯში, ასობით მოქალაქემ უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართა, გზავნილით „ალასკა უკრაინის მხარეს დგას“.
დემონსტრანტები ადგილზე უკრაინის დროშებითა და საპროტესტო ბანერებით მივიდნენ. ისინი პუტინის მხრიდან აგრესიის შეწყვეტასა და ომის დასრულებას ითხოვდნენ.
რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაიწყოს მზადება უკრაინის პრეზიდენტთან სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებისთვის, ჯერჯერობით ბუნდოვანია.
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოიცავდეს გარკვეულ თანხმობას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაც.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ხაზგასმით ამბობს, სამწელიწად-ნახევრიანი აგრესიის დასასრულებლად გადამწყვეტ სამიტზე უკრაინა „ამერიკის იმედად“ იქნება.