მთავარისაქართველომზია ამაღლობელის დასკვნით სიტყვას სასამართლო 4 აგვისტოს მოისმენს

მზია ამაღლობელის დასკვნით სიტყვას სასამართლო 4 აგვისტოს მოისმენს

მზია ამაღლობელის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა. პროცესი 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

სიტყვის უფლებით ისარგებლა პატიმრობაში მყოფმა ჟურნალისტმაც. მზია ამაღლობელმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს სხდომის გადადების თხოვნით მიმართა. მან თქვა, რომ სურდა ძალები აღედგინა საბოლოო სიტყვის სათქმელად.

მოსამართლემ მისი თხოვნა დააკმაყოფილა და პროცესი 4 აგვისტოს, 13:00 საათზე, დანიშნა.

10-საათიანი პროცესის განმავლობაში მზია ამაღლობელი მისი უფლებადამცველების საბოლოო სიტყვას ფეხზე წამომდგარი უსმენდა.

ადვოკატი მაია მწარიაშვილი დასკვნით სიტყვას 8 საათის განმავლობაში კითხულობდა. დასასრულს, მან ხაზი გაუსვა, რომ მზია ამაღლობელის საქმე თაობების განსახილველი საქმეა.

„მზია ამაღლობელის საქმე არის სარკე. ამ სარკეში როგორც კი ჩაიხედავ, გიჩვენებს, როგორ იყენებს ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად.

არის საქმეები, რომლებიც დღევანდელი გადასახედიდან სხვანაირად ჩანს და ხვალინდელი გადასახედიდან – სხვაგვარად. ამის შემდეგ ბევრი წელი, მთელი საზოგადოება მოისმენს თქვენს განაჩენს, ამაში დარწმუნებული იყავით.

არის საქმეები, 20 წელი შეიძლება გავიდეს და არ კარგავს აქტუალობას, თაობების განსახილველი ხდება. ეს საქმე არის ასეთი, ესაა საქმე, რომელზეც თაობები ისაუბრებენ.

მზია ამაღლობელის გაწნული სილა არ იყო არც ხმამაღალი და არც დანაშაულებრივი. ერთსაც გვატყუებს ბრალდების მხარე და მეორესაც და ძალიან არ მინდა სასამართლომაც იგივე გაიმეოროს“, – თქვა მაია მწარიაშვილმა.

სხდომა შუადღის ორის ნახევრისთვის დაიწყო და რამდენიმე შესვენების შემდეგ კვლავ გრძელდება. ადვოკატებმა დამატებით რამდენიმე საათი მოითხოვეს დასკვნითი სიტყვისთვის, რასაც მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაეთანხმა.

ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, მას „სრულიად წარმოუდგენლად მიაჩნია გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა“. ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში პროკურატურამ წარმოადგინა ხუთი მოწმე, ცრუ ჩვენებებით, ხოლო მთავარი მტკიცებულება „მხოლოდ 44-წამიანი ვიდეოა“.

მზია ამაღლობელის ადვოკატმა მიმართა პროკურორსა და მოსამართლეს. მან მაგალითად, მოიყვანა ენათმეცნიერისა და ფილოლოგის, არნოლდ ჩიქობავას, ლექსიკონიც:

„ჩიქობავა ავტორიტეტია თქვენთვის? ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (ა. ჩიქობავა) მიხედვით, გაშლილი ხელის სახეში დარტყმა არის ალიყური, სილაქი, გალაწუნება, ლაწანი, შემოლაწუნება, ტყლაშანი, თხლაშანი… სილა ვერ აზიანებს ჯანმრთელობას“.

მაია მწარიაშვილის თქმით, მხოლოდ პოლიციელ ირაკლი დგებუაძის ჩვენებითა და ნათქვამით, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს, საქმეს ვერ მიეცემა მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია.

„დაკითხვისას დგებუაძემ არაერთხელ მიუთითა, რომ იყო შეურაცხყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადმოცემით მას შეელახა ღირსება, რაც არ არის 353-ე პრიმა მუხლის დაცვის ობიექტი.

პროკურორი დაგვეთანხმა, რომ მზიას ქმედება არ იყო მიმართული ჯანმრთელობის დაზიანებისაკენ…

თუ სილა ვერ აზიანებს ჯანმრთელობას, რა უნდოდა მზიას? რა არ ასვენებდა?…

[მძიმე დანაშაულის] კვალიფიკაცია ვერ დადგება იმაზე, რომ დგებუაძის ღირსება იყო შეურაცხყოფილი… ამ ეპიზოდში მზიას სახეში რომ ეჩქმიტა, რას იტყოდა ბრალდება, თავს დაესხა და სახეზე უჩქმიტაო?“ – განაცხადა ადვოკატმა.

მაია მწარიაშვილმა ისაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებრივ მდგომარეობაზეც. ადვოკატმა დეტალურად განიხილა მზია ამაღლობელის საქმის ყველა დარღვევა და ნიუანსი.

„სასამართლომ არ იზრუნა, რომ 5 თვე ასე არ გვეყურებინა მისთვის გისოსებს მიღმა…

5 თვეა, ჭუჭრუტანით ვახერხებ მზიასთან კომუნიკაციას, დღეს რომ პირისპირ დავინახე, გამიხარდა…

მთელი ამ ხნის განმავლობაში შეუძლებელი იყო მასთან ჩვენი სრულფასოვანი და ნორმალური კომუნიკაცია, ვინაიდან თავი უნდა შეყო ჭუჭრუტანაში, რომ გაიგო, რას გეუბნება მზია ამ სივრციდან. ამის გამო განსაკუთრებით ბრალდების მოწმეთა დაკითხვისას შეუძლებელი იყო მზია ამაღლობელის დაკითხვის პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობა, ის იძულებული იყო, დაეწერა რაღაცები და მოეწოდებინა, ვინაიდან შეუძლებელია კომუნიკაცია ზურგიდან, როდესაც ვერ ხედავ და არ გესმის, რას გეუბნება შენი დაცვის ქვეშ მყოფი.

ჩვენ ვიშუამდგომლეთ სასამართლოს წინაშე, მოეცა შესაძლებლობა მზია ამაღლობელისათვის, პროცესზე მოთავსებულიყო მისი ადვოკატების გვერდით, ვიდრე მიმდინარეობდა ბრალდების მოწმეთა დაკითხვა…

სასამართლომ არ იზრუნა იმისთვის, რომ საზოგადოებას 5 თვეზე მეტი მზია ამაღლობელისთვის გისოსებიდან არ ეცქირა…

სასამართლო მზიას ასეთი ჩვენებით აჩვენებს, რომ ეს ადამიანი თავდამსხმელი და საშიშია საზოგადოებისთვის“, – თქვა მაია მწარიაშვილმა.

საგამოძიებო სტრუქტურებზე საუბრისას, მან ახსენა შსს და პროკურატურა – თქვა, რომ საქმის გამომძიებლები „ერთხელაც კი არ შეხვედრიან მზია ამაღლობელს“:

„გამოძიებას აწარმოებდა პოლიციის 2 რეგიონის (აჭარისა და გურიის) საგამოძიებო დანაყოფის 8 გამომძიებელი, ზედამხედველობას ახორციელებდა 2 პროკურორი.

გამოძიების მანძილზე არც ერთ გამომძიებელს ან პროკურორს თვალით არ უნახავს მზია ამაღლობელი, არ ჰქონია მასთან არც ერთი კითხვა, არ გაურკვევია არც ერთი გარემოება, არ უკითხავს საერთოდ არაფერი.

საქმე ისე დასრულდა, გამოძიების მანძილზე არცერთ გამომძიებელს ან პროკურორს თვალით არ უნახავს მზია ამაღლობელი, არ ჰქონიათ არცერთი კითხვა… არაფრად ჩააგდეს ეს ადამიანი… იქნებ და იბრალებდა [იმ დანაშაულს], ასე რომ ითხოვდა პრემიერი.

გამოძიებამ საქმე დაასრულა ისე, რომ მზია ამაღლობელმა გამომძიებლები და პროკურორები პირველად ნახა სასამართლო პროცესზე“.

მოსალოდნელია, რომ ჟურნალისტის საქმეზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი დღესვე გამოაცხადებს განაჩენს.

სხდომათა დარბაზში იმყოფებიან ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი, ასევე ევროკავშირის, გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვის საელჩოების წარმომადგენლები.

გარდა დიპლომატებისა, სასამართლო პროცესზე დასასწრებად ბათუმში ჩავიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პროცესს ასევე  ესწრებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა ოჯახების წევრები.

სასამართლოს შენობის გარეთ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციას მართავენ მისი კოლეგები და მეგობრები. ისინი სხვადასხვა შეძახილითა და საპროტესტო ბანერით ამხნევებენ პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერს.

დასკვნითი პროცესის წინა დღეს, 31 ივლისს, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ დაწერა 13-მა უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. მათ მოუწოდეს „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ჟურნალისტის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა და გაათავისუფლოს ის პატიმრობიდან.

მასალა მომზადებულია გამოცემა „ბათუმელების“ ლაივბლოგის მიხედვით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend