31 ივლისის ღამე კიევმა აფეთქებების ხმაში გაატარა. რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგები უკვე დილით გახდა ცნობილი, რა დროსაც განგაშის სიგნალი ჯერ ისევ აქტიურად ისმოდა. 11 დაღუპულს შორის 6 წლის ბიჭია. 100-მდე დაჭრილთაგან ნაწილი კვლავ ოჯახის წევრების ნანგრევებიდან ამოყვანის მოლოდინშია. 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი სრულად ჩამოინგრა, სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება.
„შენობა პრაქტიკულად სრულად ჩამოინგრა, აქ ჩემი მეგობრები ცხოვრობდნენ, არ ვიცი, რა ბედია ეწია მათ – ეს საშინელებაა”, -ამბობს მარინა კონდრატენკო კიევიდან.
„ეს იყო მტრის მიერ განხორციელებული პირდაპირი საჰაერო დარტყმა. წინასწარი ცნობით, ეს შაჰედის ტიპის დრონი იყო. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთი მათ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იყენებს. ვითვლით, თუ რამდენი მათგანი იყო გამოყენებული”, – აღნიშნა შემთხვევის ადგილზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ.
დათვლილი შაჰიდები უკვე უკრაინის პრეზიდენტმა გაახმოვანა. 300 დრონი და 8 რაკეტა სახლების, სკოლებისა და საავადმყოფოების წინააღმდეგ უკრაინის დედაქალაქში. ჰელსინკის ფინალური აქტის მიღების 50 წლისადმი მიძღვნილ ეუთოს სხდომაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა.
„რუსეთი აგრძელებს სარაკეტო იერიშებს მაშინ, როდესაც მას მთელი მსოფლიო მოუწოდებს, შეაჩეროს ომი. ომი, რომელიც დაიწყო რუსეთმა, რომელსაც ის აგრძელებს და მხოლოდ მის ლიდერებს სურთ. მენტალურად სხვა საუკუნეში არიან ჩარჩენილები – სასტიკი ძალადობის, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის სრული უგულებელყოფით. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი დრო ევროპაში აღარასოდეს დაბრუნდება. მე მჯერა, რომ რუსეთს შეგვიძლია ვუბიძგოთ, დაასრულოს ეს ომი. პრეზიდენტი ტრამპი გულწრფელად დაინტერესებულია, დაასრულოს ის. ევროპამ და ამერიკამ ამ მხრივ ერთად უნდა იმუშაონ. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც უკრაინაში იქნება მშვიდობა და საჰაერო განგაშის სიგნალები არ გაგვაღვიძებს. ეს დრო მოვა, რადგან ევროპა ერთიანია, უკრაინა კი არაა მარტო. ამერიკა გვეხმარება”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამ სიტყვებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს უფრო მეტი მიზეზი აქვს, ვიდრე რამდენიმე თვის წინ ჰქონდა, როდესაც დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ რუსი კოლეგის დაყოლიებასა და ურთულესი ომის მალე დასრულებას შეძლებდა. აშშ-ის პოზიციები სულ უფრო მკაფიო, მკაფიოსთან ერთად კი ხისტი ხდება რუსეთთან მიმართებით. დონალდ ტრამპი მოსკოვით იმედგაცრუებულია და უკრაინაში კრემლის სასტიკ ქმედებებს ხაზს სულ უფრო და უფრო ხშირად უსვამს. თეთრ სახლში არ მალავენ, რომ მოთმინების ამოწურვასთან ახლოს არიან. დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ზედმეტად ლმობიერი იყო ვლადიმერ პუტინის მიმართ და დროა, გადამწყვეტი ნაბიჯები მიიღოს.
„ალბათ დროა, ნულამდე შევამციროთ ყველა ის ვადა, რომელიც პუტინს მიეცა. პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად გულუხვი და მომთმენი იყო, როცა გამოსავლის პოვნას ცდილობდა. დროა, მოსკოვზე მაქსიმალური ზეწოლა მოვახდინოთ“, – წერს ანდრიი სიბიჰა.
უცნობია, რა იქნება დონალდ ტრამპის შემდეგი ნაბიჯი, აშშ-ის პრეზიდენტი ამაყობს იმით, რომ შესაძლოა გააკეთოს ერთი ან მეორე და ამის შესახებ მხოლოდ თავად იცის. გუშინ, 30 ივლისს, მან რუსეთისთვის მეორადი სანქციების დაკისრებამდე გაცემული 50-დღიანი ვადა 10 დღემდე შეამცირა, უკვე დღეს კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან დიმიტრი მედვედევს მიანიშნა, რომ სიტყვებთან ფრთხილად უნდა იყოს.
„გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ჰგონია, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტია, რომ სიტყვებს დაუკვირდეს. ის ძალიან სახიფათო გზას ადგას!“- დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
პასუხმა არ დააყოვნა. ადრესატი ამერიკელ ლიდერს მალევე გამოეხმაურა და თქვა, რომ თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა აშშ-ის ძლევამოსილ პრეზიდენტში ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია და საკუთარ გზაზე სვლას გააგრძელებს. რუსეთს რომ გზიდან გადახვევა არ სურს, ბოლო განცხადებებით კრემლმა ისედაც მკაფიო გახადა. დღეს მოსკოვი თავს იმით იწონებდა, რომ მეზობელი ქვეყნის კიდევ ერთი ქალაქი, ჩასივ-იარი დაიკავა. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი დონეცკის ოლქში მდებარეობს და მასზე კონტროლისთვის მხარეები 18 თვეა იბრძვიან. უკრაინა ინფორმაციას არ ადასტურებს და მეტიც, მას ტყუილს უწოდებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ქალაქში ისეთივე სიტუაციაა, როგორიც ბოლო თვეებში იყო.