ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ ათ მოქალაქეს დაუწესა.
სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ მოსამართლეებსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომელთა შორის არიან ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი, მარიამ ლაშხი და ნინო წილოსანი. ლიეტუვის ეს ნაბიჯი კი განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა პოლიტიკურ სპექტრში.
„ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყნის სუვერენული ინტერესების დაცვის სანაცვლოდ ასეთი სანქციები უმნიშვნელოა.
„ბალტიისპირეთში დაბრუნდა ბოლშევიზმი თანამედროვე სახით, მაგრამ ძველი სახელებითა და გვარებით. სრულიად მიუღებელია, როდესაც ასეთი დაუსაბუთებელი მუქარა და შანტაჟი, მათ შორის ე.წ. სანქციებიც მიემართება სასამართლო სისტემის წარმომადგენლების მიმართ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ გასაკვირი, სამწუხაროდ, არც არაფერი არ არის. დიფ სტეიტის მართული ხელისუფლებების წარმომადგენლები მოქმედებენ ისე, როგორც მოქმედებდნენ ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ და ფაშისტურ დასავლეთში.
სანქციები, მუქარა და შანტაჟი „ქართულ ოცნების” გუნდისთვის უკვე სასაცილოც აღარ არის იმიტომ, რომ ჩვენზე ეს, რა თქმა უნდა, არ მოქმედებს”, – აცხადებს „ქართული ოცნების” წევრი, არჩილ გორდულაძე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, კარგია თუ ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნები არა ქართველ ხალხს, არამედ „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებსა და სისტემის უფრო დაბალი რგოლის თანამდებობის პირებს დაასანქცირებენ. როგორც, მაგალითად, ეს ლიეტუვამ გააკეთა.
„გუშინ ლიეტუვამ გააფართოვა სანქცირებულ პირთა სია, რომელიც აღარ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს, არამედ უკვე შეიცავს მოსამართლეებს, ანტიკორუფციულ ბიუროსა და სხვადასხვა წრეებს. ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოები ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. შედეგად, სანქცირებულთა სია ფართოვდება და აღარ შეიცავს მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს.
მინდა ყველა ცრუ მოწმემ, პოლიციის თითოეულმა ოფიცერმა, რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ყველა იმ პირმა, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ თანაზიარია იმ ბოროტმოქმედების, რომელსაც „ქართული ოცნება“ სჩადის, ერთხელ და სამუდამოდ გაიაზროს, რომ მათი სახელები და საქმეები დასავლური სახელმწიფოებისთვის ცნობილია.
შესაბამისად, ისინი იქნებიან იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან და მოუწევთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ჩინეთის, ირანის, ვენესუელისა და ნაურუს ამარა დარჩენა. ეს არის ერთადერთი ბედი, რომელსაც ამ რეჟიმის ბოროტმოქმედებაში თანამონაწილე პირები მყარად გაიზიარებენ“,- განაცხადა „ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.
ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდის თანახმად, ამ დროისთვის იძებნება სულ საქართველოს 112 მოქალაქე, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.