მთავარისაქართველობრალდების მხარის ბოლო მოწმე დაკითხეს აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე

ბრალდების მხარის ბოლო მოწმე დაკითხეს აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე

პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.

29 ივლისის პროცესის დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, სერგეი კუხარჩუკმა შიმშილობა გამოაცხადა. ადვოკატის, ნიკოლოზ ლეგაშვილის თქმით, ბრალდებული მოითხოვს, რომ სასამართლო დარბაზში მედიას მიეცეს პროცესის სრულფასოვნად გაშუქების უფლება. ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სურდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობის შესახებ განცხადება პროცესზე გაეკეთებინა. მას ამის საშუალება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა არ მისცა არგუმენტით, რომ სხდომა დასრულდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა სერგეი კუხარჩუკმა გუშინ დაიწყო შიმშილობა, რადგანაც 20 დღის განმავლობაში მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, დაერეკა მისი ოჯახის წევრებთან. მოგეხსენებათ, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, უკრაინის მოქალაქეა და ეს 20 დღეა, მას შესაძლებლობა არ აქვს, დარეკოს მის ოჯახის წევრებთან. ეს წარმოადგენს დარღვევას. გასათვალისწინებელია ის, რომ ქსნის საპატიმრო დაწესებულებიდან თბილისში გადაიყვანეს და პერიოდი სჭირდებოდა, მაგრამ 20 დღე არ არის ის პერიოდი, რომელიც საჭირო იყო იმ ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად, რაღაც ბარათის ნომრის კოდის შესაცვლელად, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი აქვს. გუშინდელი დღიდან ის გადაიყვანეს მოშიმშილეთა საკანში…“ – თქვა სერგეი კუხარჩუკის ადვოკატმა, ნიკოლოზ ლეგაშვილმა.

სერგეი კუხარჩუკმა ერთ-ერთ პროცესზე მოსამართლეს სთხოვა, გაეთვალისწინებინა მისი ოჯახის მდგომარეობა. ბრალდებული განმარტავდა, რომ დედამისი უკრაინაში ცხოვრობს, სადაც მხოლოდ 30 წუთით აქვს ინტერნეტთან წვდომისა და სასამართლო პროცესის ხილვის საშუალება.

29 ივლისს სხდომათა დარბაზში დაკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი. ამ საქმეში ის პროკურატურის მთავარი და ბოლო მოწმეა. რამდენიმე გამომძიებლის ოპერატიული პატაკის საფუძველზე სწორედ მან დაიწყო დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები.

მოწმე ამბობს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში მას დაევალა საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამოძიება. ხუნაშვილის ჩვენებით, სამმართველოს უფროსისგან მიღებულ ოპერატიულ პატაკში ჩამოთვლილი იყო ბრალდებულების სახელები და ის, რომ მათ ბრალი ედებოდათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და ორგანიზებაში.

მოწმის თქმით, საქმეში არსებობს ვიდეოები, რომლებშიც რამდენიმე პირი ერთად ჩანს. მისივე განმარტებით, შესაძლოა, ამ პირებს ერთმანეთთან ჰქონდეთ კავშირი, თუმცა დასძენს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთან პირდაპირი კავშირი არ ჩანს.

„არის ვიდეოები, რომლებშიც რამდენიმე პირი ერთად ჩანს. შესაძლოა, მათ ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი. ორგანიზატორთან პირდაპირი კავშირი არ ჩანს“, – განაცხადა არსენ ხუნაშვილმა.

დაცვის მხარე დაინტერესდა, შეისწავლა თუ არა მოწმემ ბრალდებულების სატელეფონო საუბარი. მოწმის ჩვენებიდან გაირკვა, რომ მობილური ტელეფონების ამოღებიდან რვა თვის თავზე, მათი ექსპერტიზა ან არ ჩატარებულა, ან ჯერ არ დასრულებულა. ხუნაშვილის განმარტებით, ექსპერტიზის დაჩქარების მიზნით შესაბამის ორგანოებს არ მიმართა, რადგან არ „ჰქონდა მოლოდინი, რომ ამას რაიმე შედეგი მოჰყვებოდა“.
მოგვიანებით, ადვოკატების კითხვებზე გაცემული პასუხებით გაირკვა, რომ მოწმეს ექსპერტიზის დაჩქარების მიზნით არასდროს მიუმართავს.

29 ივლისის პროცესზე მოწმემ ასევე თქვა, რომ თუ საქმის მასალებში არსებულ ვიდეოებში მოქალაქეები ერთად ჩანან, ეს საკმარისია ჯგუფური ძალადობის მუხლით საქმის აღსაძრავად.

საქმეში დართული ვიდეოების უწყვეტობასთან დაკავშირებით დაცვის მხარეს არაერთი კითხვა ჰქონდა. მათი მოსაზრებით, ვიდეოები ბრალდების მხარის სასარგებლოდ იყო დამონტაჟებული.

სხდომათა დარბაზში კვლავ არ იმყოფებოდა ერთ-ერთი ბრალდებული რევაზ კიკნაძე. ის 26 ივნისს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დაუმორჩილებლობისთვის გააძევა. მას შეეზღუდა პროცესებზე დასწრების საშუალება, საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის დასრულებამდე.

პროცესზე ბრალდებულთა ნაწილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა. მათი თქმით, არ აპირებენ მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას და იმ დანაშაულის აღიარებას, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, არ ჩაუდენიათ.

„ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც ინფორმაცია უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი იარაღია, ვიდრე თვითონ იარაღი… სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია და სურვილი, რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხებათ დანარჩენებსაც.

საკითხი ასე დგას – ძალიან რთულია კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი, თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს. ეს ბოდიში და შეწყალება შეუძლია შესთავაზონ იმ პოლიციელებს, რუსთაველზე რომ დარბოდნენ და ხალხს არბევდნენ.

ბრალდება არის მოგონილი იმიტომ, რომ ინდივიდუალურად ის ვიდეომტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი პროკურატურას. ინდივიდუალურად რომ გაგვერჩია, დანაშაული არ დგინდებოდა და მოიგონეს ჯგუფურობა, რითაც უფრო დიდ ჩიხში შეიყვანეს საკუთარი თავი. მე რომ ვინმე დამეზიანებინა, ამდენს არ ვილაპარაკებდი, იმასაც ვამბობ, რომ ვიდეოზე მე ვარ, არც სიტყვიერ შეურაცხყოფას უარვყოფ და არც იმ ქმედებას, რაც ჩანს. იქ ჩანს, რომ არავის ამ ქმედებით საფრთხე არ ექმნება.

მნიშვნელოვანი მგონია, რომ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია თანამედროვე დროში გადავამოწმოთ. როგორც რელიგიას შეუძლია, თავისუფლება მოგვანიჭოს და წაგვართვას, ასე შეუძლია ინფორმაციასაც…” – თქვა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ.

ბრალდებულმა ონისე ცხადაძემ თქვა, რომ შეწყალების თხოვნა ღირსების საკითხია.

„შეწყალების თხოვნას არ ვაპირებ, ეს არის ღირსების საკითხი. არ ვაპირებ, მივწერო ადამიანს, რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში და არც ვიცი, წაიკითხავს თუ არა. არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელიც ღირსების ორდენით აჯილდოებდა ადამიანებს, რომლებმაც გუშინ მოქალაქეები სცემეს ქუჩებში”, – ამბობს იუმორისტი ონისე ცხადაძე. ის პროევროპული აქციებისას დააკავეს.

„უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ მოსანანიებელი და ბოდიშის მოსახდელი”, – თქვა ბრალდებულმა ლუკა ჯაბუამ.

კიდევ ერთმა ბრალდებულმა, ჯანო არჩაიამ მიმართა სასულიერო პირებსაც: „მინდა, მივმართო ე.წ. „მამაოებს”, რომლებიც წვერებით დადიან. მინდა, გაიხსენონ, ვის ემსახურებიან – ღმერთს თუ სატანას? როცა მოუწოდებთ სულიერ შვილებს, დაფიქრდით თავად თქვენს შვილებს, როგორ უბრაგუნებდნენ და ციხეში ყრიან… 2-3 ბავშვს გარეთ აგდებენ… ეს პოლიტიკას აღარ ეხება და ხმა ამოიღეთ… რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend