დედაქალაქ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრანტებმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსთხოვეს ვეტო დაედო იმ საკამათო კანონპროექტზე, რომელიც აქციის მონაწილეთა თქმით, ქვეყნის ანტიკორუფციულ სისტემას საფრთხეს უქმნის.
უკრაინის რადამ 22 ივლისს მიიღო კანონპროექტი, რომელიც ორ ანტიკორუფციულ სააგენტოზე ზედამხედველობას გაამკაცრებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრებისკენ სწრაფვისა და მილიარდობით ევროს დასავლურ დახმარებაზე წვდომის შესანარჩუნებლად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საკვანძოა, კრიტიკოსების აზრით, ეს კანონპროექტი ანტიკორუფციული სააგენტოების დამოუკიდებლობას შეამცირებს და პრეზიდენტ ზელენსკისა და მის გარემოცვას გამოძიების პროცესებზე მეტ გავლენას მისცემს.
უკრაინის პარლამენტის ვებ-გვერდის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონპროექტს ხელი უკვე მოაწერა. ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა მიღებულ კანონპროექტს „უკან გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.
„სერიოზულად შეშფოთებული ვარ რადაში ჩატარებული დღევანდელი კენჭისყრით. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის დამცავი მექანიზმების გაუქმება სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია.
დამოუკიდებელი ორგანოები, როგორებიცაა ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და ანტიკორუფციული პროკურატურის ოფისი, აუცილებელია უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის გასავლელად. კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრებისთვის საკვანძო საკითხად რჩება“, – წერს მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
Seriously concerned over today’s vote in the Rada. The dismantling of key safeguards protecting NABU’s independence is a serious step back.
Independent bodies like NABU & SAPO, are essential for 🇺🇦’s EU path. Rule of Law remains in the very center of EU accession negotiations.
— Marta Kos (@MartaKosEU) July 22, 2025
პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი უკრაინაში „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლობამაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ძირს უთხრიან ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას. კერძოდ, გენერალურ პროკურორს ანტიკორუფციული სააგენტოების მიერ წამოწყებულ გამოძიებებსა და საქმეებზე წვდომა გაუჩნდება.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დროს აქციები პერიოდულად იმართებოდა, ეს აქციები ძირითადად სამხედრო ტყვეების ან დაკარგული ადამიანების დაბრუნებას ეხებოდა. მთავრობის წინააღმდეგ, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების დღიდან, ეს პირველი მასშტაბური საპროტესტო გამოსვლაა.
„ჩვენ კვლავ დიდი პრობლემები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, განსაკუთრებით იმ კორუფციასთან, რომელიც ომში მყოფი ქვეყნის, ჩვენი უკრაინის, მშპ-ის უზარმაზარ ნაწილს შთანთქავს. ნაცვლად ამისა ვხედავთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს მაგალითი კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობისა, საკუთარ რესურსებს თავისი გარემოცვის მიერ სისხლის სამართლის პროცესების კონტროლისთვის იყენებს“, – ამბობს ოლეგ სიმოროზი, უკრაინელი ვეტერანი.
21 ივლისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთთან კავშირების ეჭვის საფუძველზე ანტიკორუფციული სააგენტოს ორი თანამშრომელი დააკავა, ხოლო სააგენტოს სხვა თანამშრომლების საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკა. დემონსტრანტები ამბობენ, რომ ეს ბრალდებები მოგონილია. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.