საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნის თანახმად, საქართველომ ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებთან მიმართებაში 2025 წლის პირველ ნახევარში, შესანიშნავი მდგრადობა გამოავლინა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად ქვეყნის შიგნით და საგარეო გამოწვევების ფონზე ეკონომიკა მდგრადია მიზნობრივ დონესთან ახლოს არსებული ინფლაციითა და საგარეო ვალის ზომიერი დონით.
„საქართველოს ეკონომიკამ გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად საოცრად კარგი შედეგები აჩვენა. 2021 წლიდან [ეკონომიკის ზრდის] საშუალო წლიური მაჩვენებელი 9%-ს აღემატებოდა, ინფლაცია ორწლიანი ჩამორჩენის შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდა, ხოლო სახელმწიფო ვალი 2024 წელს მშპ-ის 36%-მდე შემცირდა.
ეკონომიკის ასეთი მაღალი ზრდა განპირობებული იყო COVID 19-ის პანდემიიდან კარგი გამოსვლით, საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის სექტორების განვითარებით, რაც, თავის მხრივ, იმიგრაციიდან, ფინანსური სახსრების მოზიდვიდან და ტრანზიტული ვაჭრობიდან მომდინარეობდა, რომლებიც უკრაინაში ომს უკავშირდებოდა.
ამ ტენდენციებმა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდას, უმუშევრობის დონისა და სიღარიბის შემცირებას შეუწყო ხელი. მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და ძლიერი ლარის გამო ინფლაცია დაბალი რჩებოდა.
პერსპექტივაში 2025 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 7,2%-მდე შემცირდება, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში – 5%-მდე დაიწევს. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება, ხოლო სახელმწიფო ვალი მიმდინარე ნიშნულთან დასტაბილურდება იმ შემთხვევაში, თუ ფრთხილი ფულად-საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკა გატარდება“, – აღნიშნავს სსფ.
სამუშაო ბაზრის შედეგების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს რეკომენდაციებსაც აძლევს.