მთავარიევროპაფინეთიჰელსინკის აკრძალვა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის

ჰელსინკის აკრძალვა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის

ფინეთის ხელისუფლებამ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა აუკრძალა. 15 ივლისს ფინეთში შესაბამისი კანონი შევიდა ძალაში. ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი რეფორმაა და ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდას ემსახურება.

„ვფიქრობ, ამ რეფორმის საჭიროება უკვე დიდი ხნის წინ არსებობდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ბევრად ადრე“, – თქვა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.

ევრონიუს ჯორჯია ესაუბრა ფინური ანალიტიკური ორგანიზაცია Black Bird Group-ის სამხედრო ექსპერტ ემილ კასტეჰელმის, რომელმაც ჰელსინკის ეს გადაწყვეტილება განმარტა.

 „ფინეთში ახლახან ქვეყანაში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა აეკრძალათ. ეს  კანონი დიდი ხანი მზადდებოდა. ნებართვა უძრავი ქონების შესაძენად აღარ გაიცემა იმ პირებზე, რომელთა სახელმწიფოც არღვევს სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობას და, შესაბამისად, წარმოადგენს საფრთხეს ფინეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. კანონის მიზანია, გააძლიეროს ფინეთის უსაფრთხოება და წინასწარ იყოს მზად ყველა სცენარისთვის, რომ რუსეთმა გავლენა არ იქონიოს ფინეთზე. ეს მართლაც აჩვენებს, რომ ეროვნული უსაფრთხოება ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და მზადაა, იმოქმედოს იმ ვითარებაში, თუ უძრავი ქონება გავლენის ინსტრუმენტად გადაიქცევა.

უკვე წლებია ცნობილია, რომ რუსეთის მოქალაქეები იძენდნენ უძრავ ქონებას სტრატეგიულ ან სხვა მნიშვნელოვან ადგილებში, მაგალითად, აეროდრომებთან, ენერგეტიკულ ან სამხედრო ინფრასტრუქტურასთან, საზღვაო მარშრუტებთან ახლოს და ა.შ. ზოგიერთ შემთხვევაში მტრული განზრახვის დამტკიცება რთულია – სულ მცირე, საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით, მაგრამ ვიცით, რომ საფრთხე მაინც არსებობს. ცხადია, ეს კანონმდებლობა, დიდი ალბათობით, დაფუძნებულია მნიშვნელოვანი მოცულობის სადაზვერვო ინფორმაციაზე, რომელიც საჯარო არ არის. ასევე ვიცით, რომ რუსებსა და მათ ქსელებს შეეძლოთ თავისუფლად შეეძინათ უძრავი ქონება ფინეთში. გარდა ამისა, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში აქტიურად შლიდნენ კვალს, თუ ვის რა ეკუთვნის.  ჰიბრიდული საფრთხეების სპექტრი მრავალფეროვანია და თუ რუსეთი გადაწყვეტს ფინეთთან ესკალაციას, ეს, რა თქმა უნდა, უფრო იოლი გახდება, რადგან არსებობს  ქონება, რომელიც შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა ტიპის ოპერაციისთვის – ინფორმაციით დაწყებული საბოტაჟამდე. ასე რომ, პოტენციური საფრთხეების დიაპაზონი ფართოა.

რისკსცენარების ფართო სპექტრია. ყველა მათგანი არ უკავშირდება საკუთრების ფლობას; სხვა მრავალი საკითხიც არსებობს. ინფორმაციული ოპერაციები, კიბერსაფრთხეები, საბოტაჟი – ვერაფერს გამოვრიცხავთ. უკვე ვიხილეთ, რომ მიგრანტებს ფინეთის საზღვრებთან იარაღად იყენებენ.  სწორედ ამიტომაა ჩვენი საზღვრები ამჟამად დახურული. ზღვაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევებიც იყო.  ხოლო რუსული ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტი“ ბალტიის ზღვაში გადაადგილდებოდა. მაშასადამე, საზღვაო მიმართულებაც პრობლემაა. ამ დროისთვის, მართალია, რუსეთის ყურადღება სხვაგანაა მიმართული და ფინეთი ამჟამად არაა პრიორიტეტი. თუმცა ეს ძალიან მარტივად შეიძლება შეიცვალოს მომავალში. ფინეთი, ზოგადად, ძალიან მომზადებული ქვეყანაა, მაგრამ, ჩემი აზრით, მაგალითად, უძრავი ქონების სფეროში რეფორმა ადრე უნდა განხორციელებულიყო. სხვადასხვა მიზეზის გამო ეს მარტივი არ იყო. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი ხშირად მოჰყავთ ეროვნული მზადყოფნის კარგ მაგალითად, რუსეთთან დაკავშირებული პოტენციური მტრული განზრახვების მიმართ გარკვეული ჩავარდნა მაინც გვქონდა. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი როგორც უძრავი ქონების მხრივ, ისე საზოგადოებრივ და საკანონმდებლო სფეროებში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ინფორმაციული მდგრადობაა: რუსულმა ნარატივმა არ უნდა შეაღწიოს საზოგადოებაში და არ უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი პრორუსული ჯგუფები, რომლებიც, მაგალითად, პოლიტიკური ძალაუფლებით ისარგებლებენ. საბედნიეროდ, ფინეთში სწორედ ასეთი სიტუაციაა – ყველა პარტია, ძირითადად, მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომელთაც სხვებზე მეტად შეიძლება ჰქონდეთ პრორუსული შეხედულებები, მაგრამ, ფაქტობრივად, პარლამენტში ამჟამად არავინ არის პროპუტინისტი. ვიტყოდი, რომ ინფორმაციული მდგრადობა, მართლაც, უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან ის ფართო მასშტაბით განსაზღვრავს საზოგადოების ფუნქციონირებას. ასევე აუცილებელია, გავაცნობიეროთ, რომ რუსეთი მუდმივად ცდის ახალ მეთოდებს და ამას უნდა ვუპასუხოთ გადამწყვეტი ნაბიჯებით. მსგავსი შესაძლებლობების გარეშე რუსები კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ  კვლავ გამოიყენებენ სხვადასხვა მეთოდს,  საზღვრებს მიგრანტებით გაავსებენ, ან სხვა რამეს მოიფიქრებენ.  დემოკრატიულ საზოგადოებებზე რუსეთის მრავალმხრივი ზემოქმედების შესაკავებლად მრავალი მიმართულებით უნდა ვიფიქროთ.

ჩემი აზრით, დღევანდელ ვითარებაში, როცა საქმე რუსეთს ეხება, საზღვარი უნდა იყოს ძალიან მკაცრად გაკონტროლებული – ღია არ უნდა იყოს. ფინეთის შემთხვევაში, თუ საზღვრები ღია დარჩებოდა და ხალხს თავისუფლად შეეძლებოდა გადაადგილება, უფრო მნიშვნელოვანი საფრთხეები გაჩნდებოდა, რადგან ეს რუსეთს კიდევ რამდენიმე ბერკეტს მისცემდა საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის. რა თქმა უნდა, საზღვარს ყოველი ადამიანი მტრული განზრახვით არ კვეთს. არსებობს უამრავი ლეგიტიმური მიზეზი, რომელთა გამოც ხალხს სურს საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ ზოგადად უნდა გავითვალისწინოთ საერთო მდგომარეობა – უფრო ფართო უსაფრთხოების პოლიტიკური ჩარჩო, რომელშიც ეს ყველაფერი ხდება. სწორედ ამიტომ უნდა შეეძლოთ ქვეყნებს, იმოქმედონ შესაბამისი წესით, რათა მაქსიმალურად გაანეიტრალონ ეს საფრთხეები. ეს ყოველთვის მოსახერხებელი არ არის; ბუნებრივია, ჩნდება მრავალი პრობლემა, შესაძლოა, ახალი კანონმდებლობაც გახდეს საჭირო და ა.შ. მაგრამ ვფიქრობ, არაფრის გაკეთება გაცილებით უარესი ალტერნატივაა“, – ამბობს ფინური ანალიტიკური ორგანიზაცია Black Bird Group-ის სამხედრო ექსპერტი ემილ კასტეჰელმი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend