მთავარიევროპაუკრაინაბრიუსელი კიევს ახალი კანონის განმარტებას სთხოვს

ბრიუსელი კიევს ახალი კანონის განმარტებას სთხოვს

საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლებაში მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ანტიკორუფციულ ორგანოებზე კონტროლი გაზარდონ. უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერამ კანონად აქცია სადავო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკოსებისთვის შემზღუდავია.

მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ამით დამოუკიდებელი ორგანოები სუსტდებიან, მათზე ხელისუფლების კონტროლი კი ძლიერდება – ეს კი ბალანსს არღვევს. ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი გუნდის კონტრარგუმენტით კი გადაწყვეტილება ძლიერი, ეფექტური და რაც მთავარია რუსული გავლენისგან თავისუფალი ინსტიტუციების შექმნას ემსახურება. ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლად წარმოებული საქმიანობა პრეზიდენტს კითხვებს უჩენს.

„ვესაუბრე ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ სემენ კრივონოსს, სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურორ ალექსანდრე კლიმენკოს, გენერალურ პროკურორ რუსლან კრავჩენკოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვასილ მალიუკს. განვიხილეთ ყველა გამოწვევა.

ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა იმუშავებს მხოლოდ რუსული გავლენის გარეშე – ის ამისგან უნდა გაიწმინდოს. აქ უნდა იყოს მეტი სამართლიანობა და  რა თქმა უნდა, ეს ორგანოები იმუშავებენ. გენერალური პროკურორი მოწადინებულია, რომ უზრუნველყოს მათი დასჯა, ვინც უკრაინაში კანონის წინააღმდეგ მოქმედებს. ეს ისაა, რაც უკრაინას სჭირდება. გამოუძიებელი საქმეები უნდა გამოიძიონ.

სხვადასხვა მიზეზით წლების მანძილზე უკრაინიდან წასული ოფიციალური პირები საზღვარგარეთ, ლამაზ ქვეყნებში ცხოვრობენ, სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე და ეს არაა ნორმალური. არ არსებობს იმის რაციონალური ახსნა, თუ რატომ დევს მილიარდობით დოლართან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები წლების განმავლობაში ხელშეუხებლად. არ არსებობს არც იმის ახსნა, თუ რატომ შეუძლიათ რუსებს, კვლავ მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ ეს რუსების გარეშე ხდებოდეს. მნიშვნელოვანია, საზოგადოება ხედავდეს, რომ დარღვევებზე სასჯელი გარდაუვალია”, -აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ახალი კანონის თანახმად ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურორის ოფისის საქმიანობა ამიერიდან უკრაინის გენპროკურატურის ზედამხედველობით წარიმართება, რაც ორგანოების ავტონომიურობასა და დამოუკიდებლობას ასუსტებს. ამის არ დასაშვებად, უკრაინის ქალაქებში საპროტესტო მუხტი გაჩნდა, რაც ომის დაწყებიდან დღემდე შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობის მიზეზით პირველად მოხდა. დემონსტრანტები პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვდნენ, თუმცა  უშედეგოდ.

„მნიშვნელოვანია, რომ  კორუფციას ვებრძოლოთ, რათა მეტი ფული გაიგზავნოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. მთავრობა რაც უფრო ეფექტურად გამოიყენებს  ჩვენს რესურსებს, ქვეყანაში  ნაკლები კორუფცია იქნება და თავდაცვასა და ჩვენს საერთო ბრძოლაზეც მეტი რესურსების გადამისამართება მოხერხდება”, – აღნიშნავს პროტესტზე მისული, იჰორ ლაჩენკოვი.

„რეალურად ამ ორგანოების დამსახურებითაა, რომ ჩვენი სისტემა ჯერ კიდევ მუშაობს. თუ ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს შეზღუდავ, მაშინ ყველა გააკეთებს იმას, რისი საშუალებაც მიეცემა, მოუნდებათ სულ უფრო და უფრო მეტი. ფრონტის ხაზზე ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, დავეხმაროთ ჯარს ყველა მეთოდით და ეს ერთ-ერთი გზაა, რომ გავაძლიეროთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ამის დამსახურებით კი ევროპა მხარს დაგვიჭერს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეშფოთდებიან”, – ამბობს ოლექსანდრა ლასტივკა უკრაინიდან.

ასეც მოხდა. ბრიუსელმა უკმაყოფილება მალევე გამოხატა, რადგან კარგად იცის, რომ სტრატეგიული პარტნიორი უკრაინისთვის კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ანტიკორუფციული მექანიზმების ეფექტურობა და დამოუკიდებლობა კი ევროკავშირის პოტენციური წევრებისთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. კანონს „უკანგადადგმული” ნაბიჯი უკვე უწოდა გაფართოების საკითხებში მთავარმა კომისარმა ბრიუსელში. ევროკომისიის პრეზიდენტმა კი, კიევს განმარტებები სთხოვა.

„პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა გამოხატა ძლიერი შეშფოთება შესწორებასთან დაკავშირებული შედეგების გამო და მოსთხოვა უკრაინის მთავრობას განმარტება. კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საკვანძო ელემენტებია ევროკავშირისთვის. როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, უკრაინისგან ელიან, რომ ამ სტანდარტებს სრულად დაიცავს, კომპრომისი ვერ დაიშვება”, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენის სპიკერმა.

„სერიოზულად შეშფოთებული ვარ რადაში ჩატარებული დღევანდელი კენჭისყრით. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის დამცავი მექანიზმების გაუქმება სერიოზული უკანგადადგმული ნაბიჯია. დამოუკიდებელი ორგანოები, როგორებიცაა ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და ანტიკორუფციული პროკურატურის ოფისი, აუცილებელია უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის გასავლელად. კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრებისთვის საკვანძო საკითხად რჩება“, – წერს მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ახალი კანონპროექტის ირგვლივ საპარლამენტო კენჭისყრას წინ უძღოდა ანტიკორუფციული ბიუროს  2 თანამშრომლის დაკავება, რუსეთთან მათი კავშირების მიზეზით. სხვა თანამშრომლების საცხოვრებელ სახლებში კი ჩატარდა ჩხრეკა. შემდეგ დღეს რადამ კანონპროექტი ბოლო მოსმენით დაამტკიცა, პრეზიდენტმა კი მას ხელი მოაწერა. უკრაინული მედია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ახალი დოკუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი გასაჩივრდეს.  უკრაინის ქალაქებში კანონის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend