ბრიუსელის რვა რეკომენდაციის შესასრულებლად „ქართულ ოცნებას“ სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. მათი შეუსრულებლობისთვის მოსალოდნელი ზომები მკაცრია – ერთ-ერთი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერებაა.
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ შეზღუდვის დაწესებას ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი რვა სახელმწიფო, იტალიის ხელმძღვანელობით. ევრობლოკში შემავალი ქვეყნების ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი შეზღუდვა „არაპროპორციული იქნება“ და „საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ნაწილი ამბობს, რომ ამ სახელმწიფოების მსგავსად ევროკავშირის ბევრად მეტი ქვეყანა ფიქრობს.
„რვა ქვეყანაც არის და მეტიც, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარს არ უჭერს. ამ ქვეყნებს შეგნებულად არ ვასახელებთ. ცუდი გამოცდილება გვაქვს, როცა რამდენიმე ქვეყნის დასახელების შემდეგ ამ ქვეყნების პოლიტიკოსებზე ზეწოლა განხორციელდა, რათა პოზიციები შეეცვალათ. მით უმეტეს, როცა ეს პროცესი საჯარო არ არის, სამიტის შეხვედრები დახურულია, ამ ქვეყნებს არ ვასახელებთ. ამ ქვეყნების ზოგიერთმა ელჩმა დაგვიდასტურა პოზიციები. მოხარული ვართ, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც პროცესებს ჯანსაღად აფასებენ და არ სურთ, ორმხრივი ინტერესის საკითხი გამოყენებული იყოს პოლიტიკური შანტაჟის, მანიპულაციებისთვის…“ – თქვა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით 21 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძემ ქართველი ხალხისთვის მინიჭებული პრივილეგიის „ერთი მინუსი“ დაასახელა.
„მინუსი“ კი, პრემიერის შეფასებით, „მიგრაციის წახალისებაა“. ირაკლი კობახიძის განცხადების შინაარს იზიარებენ მისი თანაგუნდელებიც. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სიკეთეების საპირწონედ კი საზღვარგარეთ მომუშავე მოქალაქეებს „გაორმაგებულ და გასამმაგებულ ეკონომიკას“ სთავაზობს.
„ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, სწორად გაიგო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვიზალიბერალიზაციამ, რა თქმა უნდა, გაამარტივა შრომითი მიგრაცია, რის შედეგადაც, თავისთავად გაიზარდა მიგრანტების რაოდენობა.
რაც შეეხება იმას, თუ რას ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც საზღვარგარეთ მუშაობენ, ეს არის გაორმაგებული და გასამმაგებული ეკონომიკა. 2012 წლის შემდგომ ქართული ეკონომიკა გასამმაგდა და ბოლო წლების განმავლობაშიც, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებისგან, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები მუშაობენ, ჩვენი ეკონომიკა იზრდება ორნიშნა ციფრით, ხოლო ევროპის საშუალო ეკონომიკური ზრდა 0.5%-თან არის მიახლოებული. შესაბამისად, ვთავაზობთ იმას, რომ საკუთარ სამშობლოში მათ ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ იშოვონ და იპოვონ ღირსეული სამუშაო და შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
ვიდრე „ქართულ ოცნებაში“ საქართველოს ევროპელ პარტნიორებს „ევრობიუროკრატებად“ მოიხსენიებენ, მათ „ორმაგ სტანდარტებში“ ადანაშაულებენ და პარტიის მიერ მიღებულ კანონმდებლობას „ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისს“ უწოდებენ, განსხვავებულ ვითარებაზე საუბრობს ოპოზიცია. მათ მიაჩნიათ, რომ შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა შეეხოთ.
„„ოცნება“ ვაჭრობს საკუთარი ქვეყნით. ევროკავშირს ევაჭრება და ეუბნება: მე და ჩემს ოჯახს ფინანსური სანქციები არ შეგვახო. მერე რა, რომ კორუფციონერი ვარ, მერე რა, რომ ეს ფული მოპარვით მაქვს ნაშოვნი. ოღონდაც, ჩემი და ჩემი ოჯახის ფული გადარჩეს და თუ გინდა, საქართველო დასაჯე და მის თითოეულ მოქალაქეს წაართვი უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა – აი, ამას აკეთებს „ოცნება“”, – თქვა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა ბუჩუკურმა.
„უვიზო მიმოსვლის შეჩერება იქნება უმძიმესი დარტყმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათი ეკონომიკური სტაბილურობისთვის, ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისთვის, ქართველი მეზღვაურებისთვის… უვიზო რეჟიმის პირობებში მათ საქართველოს პასპორტი უდიდეს პრიორიტეტს ანიჭებს… იმ ეკონომიკურ ზიანსა და რეალურ საფრთხეზე, რაც უდგას საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. მან გადააყოლა ეს ქვეყანა მის პირად ინტერესს“, – განაცხადა კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.
ყოფილ სახელისუფლებო პარტიას კი „ქართული ოცნებისგან“ არ აქვს ევრორეკომენდაციების შესრულების მოლოდინი.
„არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ ეს მოღალატეთა, კრიმინალთა რუსული ბანდა რაიმეს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი არ გადადგას საქართველოს იზოლაციისკენ, პუტინის გეგმის შესაბამისად. ბუნებრივია, არაფერს არ გააკეთებენ და ქვეყანას კიდევ უფრო დაასანქცირებენ, რაც ძალიან სამწუხარო იქნება…“ – თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ.
გარდა ევროკავშირისა, თბილისისთვის მორიგი გზავნილი აქვს ლონდონსაც. ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთმა განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად განიხილავს „ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს“. ლონდონი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, „ჩაერთოს ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგში საქართველოს მომავლის ყველა დაინტერესებულ მხარესთან“.
მმართველ პარტიას ევრორეკომენდაციების შესასრულებლად ვადა 31 აგვისტოს ჩათვლით აქვს. სწორედ ამ ვადამდე ქართულმა ოცნებამ უნდა გააუქმოს ბოლო დროს მიღებული არაერთი კანონი, რომლებსაც კრიტიკოსები რეპრესიულს უწოდებენ, ასევე უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები.