მთავარისაქართველოინტერვიუ თადარიგის გენერალ ბენ ჰოჯესთან

ინტერვიუ თადარიგის გენერალ ბენ ჰოჯესთან

იმ ფონზე, როდესაც იზრდება დასავლური ძალების კონსოლიდაცია უკრაინის მხარდასაჭერად – კრემლი არ წყვეტს იერიშებს და კვლავ ბომბავს მშვიდობიან ქალაქებს. ვითარება იცვლება ამიერკავკასიაშიც, სადაც რუსეთის გავლენის შესუსტებაზე ექსპერტულ წრეებში უკვე ღიად საუბრობენ.

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური გენერალი ბენ ჰოჯესი ამ მოცემულობაში აცხადებს, რომ საქართველო უზარმაზარ შესაძლებლობებს უშვებს ხელიდან, როდესაც ზურგს აქცევს ევროკავშირსა და ნატოს. ევრონიუს ჯორჯიამ თადარიგის გენერალთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელშიც გენერალი ჰოჯესი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ საუბრობს.

გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია: პირველი კითხვა ეხება უკრაინის სამხედრო დახმარებას.  აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის შესახებ. თქვენ როგორ შეაფასებდით, რა გავლენა ექნება ამას  ნატოს აღმოსავლეთ ფლანგსა და შეკავების საერთო სტრატეგიაზე?

გენერალი ბენ ჰოჯესი: რა თქმა უნდა, ყოველთვის მიხარია, როცა ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც უკრაინას დაეხმარება — განსაკუთრებით როცა საქმე ეხება იმ უდანაშაულო ადამიანების დაცვას, რომლებიც თითქმის ყოველღამე იღუპებიან რუსეთის თავდასხმის გამო. ვნახავთ, რეალურად რა მოხდება მომავალში. ვგულისხმობ, რომ გარკვეული დრო სჭირდება Patriot-ის უფრო მეტი სისტემის უკრაინაში შეტანას. როგორც თქვენ და თქვენმა მაყურებელმა იცის, ამ სისტემას დრონების შეჩერება არ შეუძლია. ასე რომ, ეს პრობლემის მოგვარების მხოლოდ ერთი ნაწილია. ასევე ვერ ვიგებ, რატომ მისცა პრეზიდენტმა რუსეთს კიდევ 50 დღე იმისათვის, რომ მოლაპარაკებებს დასთანხმდეს. რუსებმა ისევ ასობით დრონი გაუშვეს და უდანაშაულო უკრაინელები დახოცეს. აშკარაა, რეალური მოლაპარაკებების სურვილი მათ არ აქვთ. ამიტომაც ვერ ვხვდები პრეზიდენტის ჩანაფიქრის არსს.

გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია: ამ კონტექსტში საინტერესოა საქართველოს საკვანძო მდებარეობა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე. როგორ შეაფასებდით ბოლო გზავნილებს იმის თაობაზე, რომ საქართველო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შორდება? რა რისკებს უქმნის ეს ნატოს?

გენერალი ბენ ჰოჯესი: ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვიცით, რა შედეგს მოიტანს ეს საქართველოს ახალგაზრდებისთვის. „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დასავლური ინტეგრაციისგან დაშორება მხოლოდ საზიანოა საქართველოს ახალგაზრდებისთვის — მათთვის, ვისაც სურდა განათლების გაუმჯობესება, სამუშაო შესაძლებლობების ძიება, დასავლეთთან ბიზნესკავშირები. სწორედ ისინი ზარალდებიან. რა თქმა უნდა, შავი ზღვის რეგიონში ნატოსა და შეერთებული შტატების, ჩვენი ინტერესებიც დაზიანდება, თუკი საქართველო დასავლეთისკენ ორიენტირებული ქვეყნის ნაცვლად სრულიად მოსკოვის გავლენის ქვეშ მოექცევა.  საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანი წერტილია კავკასიის რუკაზე — ის კარიბჭეა ევროპასა და ევრაზიას შორის.  არ ვიცი, ოდესმე რომელიმე ამერიკულ ადმინისტრაციას სტრატეგიულად ბოლომდე თუ შეუფასებია,  რამდენად მნიშვნელოვანია ეს. იქნებ, შესაძლებლობა გავუშვით…

გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია: თუ საქართველო გააგრძელებს დისტანცირებას ნატოსა და ევროკავშირისგან, რა ტიპის უსაფრთხოების ან სტრატეგიული ვაკუუმი შეიძლება წარმოიქმნას შავი ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში?  რა იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია ნატოსა და საქართველოს მოსახლეობისთვის…

გენერალი ბენ ჰოჯესი: თქვენი მეზობლები — აზერბაიჯანი და სომხეთი — უკვე აცნობიერებენ, რომ რუსეთი კარგი პარტნიორი არ არის; ისინი კრემლისგან დაშორებას ცდილობენ. თურქეთიც, რა თქმა უნდა, ის უკვე ნატოს წევრია.  შესაბამისად, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს: სურს თუ არა, რომ პუტინის რუსეთის ბორკილდადებული ტყვე იყოს, თუ სურს, განაახლოს დასავლეთთან ინტეგრაციაზე მუშაობა, განსაკუთრებით ევროკავშირთან და არა მხოლოდ ნატოსთან. ეს არჩევანია როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, თუ რომელი მიმართულებით აპირებენ სვლას? ვიმედოვნებ, რომ იფიქრებენ იმაზე, რაც საქართველოს ახალგაზრდებისთვის იქნება უკეთესი. ასევე ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატები და სხვა ევროპული ქვეყნები კარს ღიად დატოვებენ და გააგრძელებენ საქართველოსთან თანამშრომლობას, რადგან რუკა არ იცვლება — საქართველო რუკაზე იმავე ადგილას რჩება და საქართველოს ახალგაზრდა თაობის ნიჭი და პოტენციალი სწორედ ისაა, რასაც ხელი უნდა შევუწყოთ.

გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია: და როდესაც ღრმავდება რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო კოორდინაცია, მიგაჩნიათ თუ არა, რომ სამხრეთი კავკასია— განსაკუთრებით საქართველო — უფრო ფართო გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში საკვანძო ლოგისტიკურ დერეფნად ჩამოყალიბდეს ავტორიტარ აქტორებს შორის?

გენერალი ბენ ჰოჯესი: 2013 წელს, საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის დროს, უკვე გაცნობიერებული მქონდა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანა, რომელიც  კარიბჭეა ევროპასა და აზიას  შორის. ქვეყნის მდებარეობა შავ და კასპიის ზღვებს შორის ქმნის კავშირს აზიურ და ევროპულ ქვეყნებთან. ის შეიძლება დიდი ეკონომიკური დერეფანი იყოს, თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვექნება და ქვეყნები ინვესტიციას ჩადებენ. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ხელისუფლებაში მყოფი ძალები ახლა  ამას ეწინააღმდეგებიან. რუსებს, ბუნებრივია, არ სურთ, რომ საქართველო ასეთ კარიბჭედ იქცეს, რადგან ეს მათ შავიზღვისპირა პორტებს კონკურენციას გაუწევს. ვფიქრობ, საბოლოოდ ეს ხელისუფლება…

კრემლის, პუტინის რეჟიმი ერთ დღეს მაინც ჩამოიშლება. ვერ ვიტყვი, როდის, მაგრამ მათ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვთ და უკრაინაში მიზნებს ვერ აღწევენ. ასე რომ, შესაძლოა, რუსეთი დამარცხდეს ან, სულ მცირე, ვერ მიაღწიოს თავის მიზნებს. ირანი უკვე მნიშვნელოვნად არის დასუსტებული. ჩრდილოეთი კორეა იზოლაციაში აღმოჩნდება, თუკი რუსეთი დამარცხდება. შემდეგ კი ჩინეთსაც მოუწევს, გადაწყვიტოს, რა გააკეთოს და იმედია, პეკინში დაინახავენ, რომ დასავლეთს აქვს პოლიტიკური ნება და ეკონომიკური ძალა, რომ გავლენა იქონიოს პროცესებზე.

გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია: თქვენ ახსენეთ საზღვაო ნავსადგურები, კრიტიკული ენერგეტიკული დერეფნები და ასე შემდეგ. ანაკლიასა და ბათუმს რეგიონში უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამხედრო ან პოლიტიკური თვალსაზრისით, რათა ეს ობიექტები სხვადასხვა მტრული საფრთხისგან იყოს დაცული?

გენერალი ბენ ჰოჯესი: მთავრობამ სტრატეგიულად უნდა იფიქროს ღრმა წყლის პორტზე, რომელსაც შავი ზღვის ყველაზე დიდი გემების მიღება შეეძლება. ეს უფრო მიმზიდველს გახდის ტვირთბრუნვას, რომელიც ჩინეთიდან ან ზოგადად აზიიდან— კასპიის ზღვის გავლით, კავკასიის გადაკვეთით და შემდეგ დიდ ქართულ პორტში მოდის. თუ დიდი გემების მიღებაა შესაძლებელი, საზღვაო გადაზიდვების მხრივ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭება, მაგალითად, რუმინეთის მიმართულებით, რაც თავის მხრივ, დუნაის მდინარეზე უფრო დიდ დატვირთვას შექმნის და შედეგად დუნაისპირა ქვეყნები სარგებელს მიიღებენ. აქ უზარმაზარი პოტენციალია, მაგრამ მთავარია, რომ საქართველოს ჰქონდეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც შეძლებს უფრო დიდი გემების მიღებას და შეძლებს აღმოსავლეთით და დასავლეთით სარკინიგზო მიმოსვლის გაზრდას.

მე არ შემიმჩნევია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ამის გაკეთება უნდოდა — მაშინაც კი, როცა სხვა ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები, მზად იყვნენ ინვესტიციისთვის. და, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა გამჭვირვალობა: ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ფული სწორად იქნება დაბანდებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. გარდა ამისა, მსოფლიოში ნებისმიერი პორტი უნდა იყოს დაცული კიბერთავდასხმებისგან, რომელთაც შეუძლიათ პორტის ოპერაციების პარალიზება და ასევე სხვა ტიპის საბოტაჟისგან. რუსები ამას ხშირად აკეთებენ. და თუ საქართველოს უნდა, რომ ამ მნიშვნელოვანი პროცესის  ნაწილი იყოს,  მოუწევს, დაიცვას თავი რუსეთის ან ჩინეთის კიბერთავდასხმებისგან.

გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია: ბატონო გენერალო, თქვენ ხელმძღვანელობდით აშშ-ის ევროპულ სარდლობას. როგორც აშშ-ის არმიის ყოფილი მაღალჩინოსანი, გაგვიზიარეთ თქვენი შეფასება შავი ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში უსაფრთხოების შესახებ?

გენერალი ბენ ჰოჯესი: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა უზარმაზარ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან, როცა ზურგს აქცევს ევროკავშირსა და ნატოს. მან თავი მიაბა გვამს — პუტინის რუსეთს. ვიმედოვნებ, ეს შეიცვლება. ამავდროულად, გავიხსენოთ: 11 წელზე მეტია, რუსეთს ყველანაირი უპირატესობა ჰქონდა და მაინც ვერ დაამარცხა უკრაინა. მათ კვლავ უკრაინის ტერიტორიის  მხოლოდ 19%-ზე აქვთ კონტროლი; დანაკარგი დიდია,  მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის არმია შეჩერებულია. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ამ ომში ფაქტორი აღარ არის. რუსეთის საავიაციო ძალებმა ვერ მოიპოვეს საჰაერო უპირატესობა და რაც შეუძლიათ,  მხოლოდ უდანაშაულო ადამიანების დაბომბვაა. ასე რომ, როდესაც დღევანდელ ვითარებაზე ვფიქრობ, დიახ — უკრაინელებს ძალიან უჭირთ, რადგან რიცხობრივად ჩამორჩებიან, მაგრამ მაინც შეაჩერეს რუსეთი. და თუ დასავლეთი,  შეერთებული შტატები, კანადა, ყველა ევროპელი პარტნიორი და წყნარი ოკეანის რეგიონში მდებარე ის ქვეყნები, რომელთაც უკრაინა აინტერესებთ,  რუსეთისთვის ნავთობის ექსპორტის, კრემლის ჩრდილოვანი ფლოტის შესაჩერებლად ერთად  გამოიყენებენ ყველანაირ ეკონომიკურ ინსტრუმენტს და თუ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად გამოიყოფა, მდგომარეობა გაცილებით უკეთესი გახდება, თან სწრაფადაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend