მთავარიევროპაუკრაინაგერმანია და ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას დააფინანსებენ

გერმანია და ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას დააფინანსებენ

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ბერლინში 21 ივლისს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტიორეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ერთობლივი დაფინანსების სურვილია.

გერმანიისა და ნორვეგიის მთავრობებს უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების მიწოდება და ამისთვის საჭირო ფინანსური ხარჯების დაფინანსება სურთ.

თავდაპირველი გეგმის თანახმად, ევროპელი პარტნიორები შეერთებული შტატებისგან ორი სისტემის შეძენას მილიარდი ევროს ფასად და შემდგომ ამ სისტემების პირდაპირ უკრაინისთვის მიწოდებას აპირებდნენ. თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა, ეს სისტემები დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი არაა, რის გამოც გერმანიამ თავისი დარჩენილი ცხრა „პეტრიოტიდან“ უკრაინისთვის ორის გადაცემა გადაწყვიტა.

ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რჩება კითხვები ვაშინგტონთან იმის თაობაზე, თუ ზუსტად როდის იქნება ხელმისაწვდომი „პეტრიოტები,” რომლითაც გერმანია უკრაინისთვის გადაცემული სისტემების ჩანაცვლებას მოახერხებს.

„უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. მადლობა ღმერთს, რომ აშშ მზადაა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააგრძელოს, თუმცა კი ევროპელი პარტნიორების დაფინანსებით. გერმანიასა და ნორვეგიას ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა სურთ. სისტემებს უკრაინას მივაწვდით და ჩვენ შემცვლელებს მივიღებთ. თუმცა ეს შემცვლელები რეალურად ჯერ შეძენილი არაა. ამჟამად ამერიკის მთავრობასთან მოლაპარაკებები იმის შესახებ მიმდინარეობს, თუ როდის მივიღებთ ამ შემცვლელებს, თუმცა მიღებული გვაქვს გარანტია, რომ მათ აუცილებლად მივიღებთ. დეტალები თავდაცვის მინისტრებს შორის უნდა შეთანხმდეს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სწრაფად უნდა იმოქმედოს და დაასახელოს ზუსტი თარიღი, თუ როდის იქნება “პეტრიოტები” ხელმისაწვდომი.

„ის, რასაც გერმანია ახლა აკეთებს, არის მკაფიო სიგნალის გაგზავნა, რომ გერმანია მზადაა „პეტრიოტის“ სისტემის მიცემისთვის, მაგრამ მე სრულად მესმის კანცლერის, რომ სჭირდება შეტყობინება აშშ-ისგან, რომ მათ შეუძლიათ სანაცვლოდ ამ სისტემების მიღება. და მე უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ სასარგებლო იქნებოდა, თუ აშშ-ს შეუძლია ამ კითხვაზე პასუხი, თუ როგორ შეიძლება, ეს მოხდეს. ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის შეტყობინება წვლილის შეტანის შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაფიო. შემდეგ, როდესაც ეს დალაგდება, და იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება, ნორვეგია მზადაა ამ ხარჯების გაყოფისთვის“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ.

იონას გარ სტიორე აღნიშნავს, რომ გერმანია უკრაინის მხარდაჭერის საკითხში საიმედო პარტნიორია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend