სირიის შეიარაღებულმა ბედუინთა თემმა განაცხადა, რომ კვირაზე მეტი ხნის შეტაკებების შემდეგ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დაიცავს და დრუზებით დასახლებულ ქალაქ სუვაიდას დატოვებს.
ბედუინებს ქალაქის დატოვებისკენ სირიის დროებითმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამაც მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ არავის შეუძლია შეცვალოს სახელმწიფო და მისი როლი ქვეყნის საქმეების მართვასა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.
„ბედუინების თემის საპატიო პოზიციის მიუხედავად, რომელთა ნაწილმაც დამოუკიდებლად სცადა თავის დაცვა მათ წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეებისგან და ჩვენ გვესმის ამ ქმედებების ჰუმანიტარული მოტივები, მნიშვნელოვანია ხაზგასმით ვთქვათ, რომ ასეთი ზომები ვერ შეცვლის სახელმწიფოს როლს ქვეყნის საქმეების მართვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მხოლოდ სირიის სახელმწიფოს შეუძლია შეინარჩუნოს თავისი ავტორიტეტი და სუვერენიტეტი ქვეყნის ტერიტორიის ყველა ნაწილში. მადლობას ვუხდით ბედუინებს მათი გმირული პოზიციისთვის, მაგრამ მოვუწოდებთ სრულად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაემორჩილონ სახელმწიფოს ბრძანებებს. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ მომენტში საჭიროა ერთიანობა და სრული თანამშრომლობა, რათა გადავლახოთ ჩვენ წინაშე არსებული ყველა სირთულე და დავიცვათ ქვეყანა და მიწა უცხოური ჩარევისა და შიდა დაპირისპირებისგან“, – განაცხადა სირიის დროებითმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ.
ეთნიკური დრუზებით დასახლებულ სამხრეთ სირიაში ბედუინებთან შეტაკებები 13 ივლისს ადგილობრივი უთანხმოების გამო დაიწყო, თუმცა სირიის დროებითი მთავრობის მიერ შეიარაღებული ძალების გაგზავნამ კონფლიქტი მხოლოდ გაამწვავა. მიუხედავად იმისა, რომ დროებითი მთავრობის თქმით, მიზანი მხარეების შერიგება იყო, ისინი ბედუინების თემს მიემხრნენ.
ოთხდღიან სამხედრო დაპირისპირებს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო ათიათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მიიღეს ცნობები ადამიანების უფლებების დარღვევების შესახებ, კერძოდ, სიკვდილით დასჯის, ადამიანების მკვლელობის, გატაცებისა და კერძო ქონების განადგურების შესახებ.
საზღვართან მიმდინარე მდგომარეობა არ გამორჩენია ისრაელის მთავრობას, რომელიც ეთნიკური დრუზების მიმართ დადებითადაა განწყობილი. მათ დაგმეს სირიის მთავრობის ქმედებები და დედაქალაქ დამასკოს ცენტრში, თავდაცვის სამინისტროს შტაბბინა დაბომბეს.
ისრაელის ჩარევის შემდეგ, სირიის მთავრობამ ქალაქის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა 18 ივლისს დაბრუნება მოუწიათ მას შემდეგ, რაც ბედუინთა შეიარაღებული ჯგუფები სუვაიდაში კვლავ შეიჭრნენ.
საჰაერო იერიშები ისრაელმა 19 და 20 ივლისსაც მიიტანა. დაიბომბა ქალაქი სუვაიდა, კერძოდ, პუნქტები, სადაც ბედუინებისა და სამთავრობო ძალების ქვედანაყოფები იყვნენ. ისრაელის მთავრობამ სირიის სამხრეთ რეგიონის სრულად დატოვება მოითხოვა.
ქალაქის დატოვების შემდეგ სირიის დროებითმა პრეზიდენტმა დაგმო ისრაელის ქმედებები და ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში დასდო ბრალი. მისივე თქმით, ქალაქ სუვაიდაში ახლა წითელი ნახევარმთვარის კოლონა დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად მიემართება.
დღეს მსოფლიოში მილიონი დრუზის ნახევარზე მეტი სწორედ სირიაში ცხოვრობს. ისინი ასევე სახლობენ გოლანის მაღლობებში, რომელიც ისრაელმა 1967 წელს დაიკავა.