ბაქო მოსკოვის წინააღმდეგ ამზადებს სარჩელს, რომელსაც მალე საერთაშორისო სასამართლოში გაგზავნის. ამის შესახებ რუსეთიც ინფორმირებულია და უკვე მთელი მსოფლიოც მას შემდეგ, რაც სიახლე შუშას გლობალურ მედიაფორუმზე ილჰამ ალიევმა პირადად დააანონსა.
საქმე გასული წლის დეკემბერში ყაზახეთში ჩამოგდებულ აზერბაიჯანულ თვითმფრინავს ეხება, რომლის ბორტზე მყოფი 67 მგზავრიდანაც 38 დაიღუპა. მოსკოვის ნახევარწლიანი დუმილის მიუხედავად აზერბაიჯანში აქვთ მტკიცებულება, რომ მომხდარის უკან რუსული რაკეტა იდგა. რუსეთთან პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის ფონზე ბაქო მოსკოვისგან ძველი ანგარიშების გასწორებას ითხოვს.
„ჩვენი გენერალური პროკურორი რეგულარულად გზავნის წერილებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მისამართზე, თუმცა ყველა წერილზე ერთი პასუხია „გამოძიება გრძელდება. დაველოდებით, თუ როდის დასრულდება ეს გამოძიება, თუმცა მიმაჩნია, რომ ასეთი ქცევა კონტრპროდუქტიულია. ეს არ მიგვიყვანს იქამდე, რომ რამე დაგვავიწყდა. არაფერი დაგვვიწყებია და უკვე ჩავაყენეთ საქმის კურსში რუსული მხარეც, რომ საქმის ირგვლივ საერთაშორისო სამართლებრივი სისტემისთვის პორტფოლიოს ვამზადებთ.
ვიცით, რომ შესაძლოა ამას დრო დასჭირდეს, მალაიზიური ბოინგის საკითხს 10 წელზე მეტი დასჭირდა, დაველოდებით კიდევ 10 წელს, მაგრამ სამართალი უნდა აღდგეს და სამწუხაროდ, ამჟამად არსებული მოცემულობა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებს ნამდვილად არ ეხმარება”, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მედიის კითხვის საპასუხოდ.
2024 წლის 25 დეკემბერს აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავი EMBRAER 190AR ბაქოდან ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში მიემართებოდა, როდესაც ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მახლობლად, ის გარე ჩარევის მიზეზით იძულებული გახდა ავარიულად დაშვებულიყო, მოგვიანებით ევრონიუსმა გაარკვია, რომ მიზეზი თვითმფრინავის მისამართით მიწა-ჰაერის ტიპის რუსული რაკეტის გასროლა იყო.

ათობით აზერბაიჯანელის გარდაცვალებაზე ვლადიმერ პუტინის პასუხი მხოლოდ ბოდიში იყო, ამ პასუხში კი არაფერი იყო ნათქვამი არც ბრალეულობაზე, არც პასუხისმგებლობასა და არც ინციდენტის გამომწვევ მიზეზებზე. ერთ-ერთი ვერსია, რომელიც რუსეთმა საპასუხოდ განავითარა, უკრაინაზე ეჭვის მიტანა იყო. კერძოდ, ითქვა, რომ ინციდენტის დროს რუსეთი უკრაინული დრონების მოგერიებას ცდილობდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვერსია მალევე უარყო, ჩანს, რომ ამ ვერსიის თავიდანვე არ სჯეროდა აზერბაიჯანულ მხარეს.
„საბედნიეროდ პილოტებმა აჩვენეს პროფესიონალიზმი და გამბედაობა და თვითმფრინავის მიწაზე დასმა შეძლეს, საბოლოოდ კი ის არ დავკარგეთ. თუმცა, როდესაც აქთაუში ჯგუფი გავგზავნეთ, რათა ენახათ, თუ რა მოხდა, მათ გადაიღეს და აჩვენეს, რომ თვითმფრინავი სავსე იყო ნახვრეტებით. შიგნით კი 2 ადამიანი იჯდა, ნამსხვრევებით მიღებული დაზიანებებით. ის იდეა, რომ ეს იყო უკრაინული დრონი, რომელმაც შესაძლოა თვითმფრინავს დაარტყა, უბრალოდ სასაცილოა. მითუმეტეს, რომ თვითმფრინავს ორჯერ დაარტყეს.
როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დრონი მოფრინავს, ურტყამს აზერბაიჯანულ თვითმფრინავს, შემდეგ მიწაზე ვარდება და ცოტა ხანში იმავეს იმეორებს. ეს საბავშვო ბაღში მოსაყოლი ამბავია. ჩვენ ვიცით, რაც მოხდა. ამასთან საგულისხმოა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე არ დახურულა, ის დაიხურა თვითმფრინავზე დარტყმიდან რამდენიმე წუთში და ესეც მათი პასუხისმგებლობაა, ვინც ამ ოპერაციის შესახებ არაფერი თქვა. ყველაფერი ნათელია, თუმცა 7 თვე გავიდა და პასუხი არ გვაქვს”, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის მთავრობას საკუთარ ვერსიაში ეჭვი არ შეაქვს და სამართლებრივი პასუხისთვის ემზადება. ბაქოს მთავარი მოთხოვნაა, რუსეთმა დანაშაულზე პასუხი იურიდიულად გათვალისწინებული ყველა კომპონენტით აგოს, იქნება ეს საჯარო აღიარება, პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა თუ ფინანსური კომპენსაციები.
„სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირებისგან არ მიგვიღია არანაირი პასუხი, რეალურად კი 7 თვეზე მეტი გავიდა. ჩვენთვის ყველაფერი ნათელია, ვიცით, რაც მოხდა და შეგვიძლია ეს დავამტკიცოთ კიდეც. მეტიც, ვიცით, რომ რუსეთის ოფიციალურმა პირებმაც იციან, თუ რა მოხდა. კითხვა იმაშია, რატომ არ გააკეთეს ის, რასაც ნებისმიერი მეზობელი გააკეთებდა. ჩვენი მოთხოვნები აბსოლუტურად ბუნებრივია: აღიარონ მათი დანაშაული ამ ინციდენტში, დასაჯონ ისინი, ვინც ჩვენი თვითმფრინავი ჩამოაგდო და გადაუხადონ კომპენსაციები დაზარალებულებსა თუ გარდაცვლილთა ოჯახებს, ასევე ავიაკომპანია „აზალს” ზარალის გამო”, – ამბობს აზერბაიჯანის ლიდერი.
შუშაში გამართულ რიგით მესამე გლობალურ მედიაკონფერენციაზე ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ გამოთქვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ოკუპაციას არასოდეს უნდა დასთანხმდეს. ეს კი აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაძაბული დიპლომატური ურთიერთობის ფონზე ხდება, რომლის ერთ-ერთი მიზანიც ბევრის მოსაზრებით, კავკასიიდან რუსული გავლენების შესუსტებაა.