თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდების კიდევ ორ მოწმეს მოუსმინა.
მხარეთა კითხვებს უპასუხა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, ლაშა გელაშვილმა.
იგი გუშინ, 17 ივლისს, აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმეზეც დაიკითხა.
ლაშა გელაშვილს ორივე საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს და ამბობს, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავდა. მისი ჩვენების თანახმად, აქციაზე მარჯვენა ფეხზე დემონსტრანტისგან ნასროლი ქვა მოხვდა.
„ისეთი სიბნელე იყო, სახეს ვერ დავინახავდი”, – თქვა მოწმემ პროკურორის კითხვის პასუხად, დაინახა თუ არა, ვინ დააზიანა.
საქმეში დაზარალებულად მიჩნეული სხვა პოლიციელების მსგავსად, არც მან იცის, არის თუ არა სისხლის სამართლის ამ საქმეში ბრალდებულთა შორის ის დემონსტრანტი, რომლის გამოც ის დაშავდა.
„თუ ნამდვილად დაუმტკიცდებათ, რასაც ედავებიან, პრეტენზია მაქვს, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ”, – თქვა ლაშა გელაშვილმა სხდომათა დარბაზში.
სხდომაზე გამოიკითხა მიხეილ ლეჟავაც – იგი მთაწმინდის გამგეობის ინფრასტრუქტურული განვითარების განყოფილების უფროსია და ამბობს, რომ 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით მონიტორინგს აწარმოებდა და დაითვალა 90 ლითონისა და 40 ხის სკამი, რომლებიც საპროტესტო აქციებზე ამ დღეებში დაზიანდა. საქმეში მასაც დაზარალებულის სტატუსი აქვს.
მოწმეების გამოკითხვის შემდეგ სასამართლომ ნივთმტკიცებულებათა ნაწილი გამოიკვლია.
ამ ნივთიერ მტკიცებულებებს შორის არის ბრალდებულების – ზვიად ცეცხლაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის სახლების ჩხრეკისას პროკურატურის მიერ ამოღებული ნივთები. ასევე ბრალდებულ თორნიკე გოშაძის ნივთები – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საქართველოს დროშა.
დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა 21 წლის ბრალდებული გიორგი გორგაძე. იგი წინა სხდომაზე, რომელიც 16 ივლისს გაიმართა, შეუძლოდ გახდა.
ამ სისხლის სამართლის საქმეში სამ ბრალდებულს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 6-დან 9 წლამდე, დანაშაულში მონაწილეობაში ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.