პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, „ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე მძლავრი ზეწოლა მიმდინარეობს.“
„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ რამდენჯერმე დაადანაშაულა საქართველოს დასავლელი პარტნიორები ქვეყნის რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევის მცდელობაში. ამავე კონტექსტში მან რამდენჯერმე ახსენა ე.წ. „დიფ სთეითი“.
„უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ გლობალურ ომის პარტიას სრულ კოორდინაციაში ჰყავს ევროპული ბიუროკრატია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს. მიზანი აქაც იგივეა – როგორმე მოახერხონ და საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირონ, ქართველი ხალხის ხელით, ნებისმიერი მეთოდით ჩამოაშორონ მმართველობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც გლობალური ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად „არ გამოადგება“, სანაცვლოდ კი მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანონ ქვეყნის სათავეში“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხზეც და თქვა, რომ ეს „არ არის ეგზისტენციალური საკითხი“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას არაფერი აქვს საერთო ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი ე.წ. „გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმებასთან.
„ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი და მთავრობას უყენებს პირობებს, მათ შორის ითხოვს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უვიზო მიმოსვლის გაუქმებით იმუქრება. ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა – რა საერთო შეიძლება ჰქონდეს გამჭვირვალობის ან ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან? ცხადია, ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ გლობალური ომის პარტიის მიერ კოორდინირებული ევრობიუროკრატია ცდილობს, რაიმე სახის საფუძველი მოუძებნოს მისი ხელით წარმოებულ შანტაჟსა და ზეწოლას… ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი. ვიზის რიგში ან დგახარ, ან არ დგახარ. ეგზისტენციალური საკითხი არის მაგალითად, მშვიდობა და სტაბილურობა… ეს კანონები ამის უზრუნველსაყოფად არის…“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ოპონენტებს ირაკლი კობახიძემ კვლავ „რადიკალები“ უწოდა და თქვა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მმართველმა პარტიამ „ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა შეინარჩუნა.“
„სწორედ ქართულ საზოგადოებასთან არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ღირსეულად გავუმკლავდით არჩევნების შემდგომ გარედან დაფინანსებულ რევოლუციურ პროცესებს, შევინარჩუნეთ ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევებითაც ცხადად დასტურდება… ჩვენგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია მზადაა, შეასრულოს გარედან წამოსული ნებისმიერ დავალება, მათ შორის მთავარი – ქვეყნის ომში ჩართვა“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.