ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც 2028-2034 წლებისთვის 2 ტრილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ეს გაცილებით მეტია, ფონ დერ ლაიენის პირველი მანდატის დროს, 2020 წლის ზაფხულში, დამტკიცებულ ტრილიონ 200 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტთან შედარებით.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, მისი მიზანია, ბლოკმა მეტი ინვესტიცია ჩადოს გაუთვალისწინებელი კრიზისების მართვასა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში.
ფონ დერ ლაიენის ბიუჯეტის მონახაზი სამ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს.
865 მილიარდი ევრო – სოფლის მეურნეობის, თევზჭერისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებებს მოხმარდება.
410 მილიარდი – კონკურენტუნარიანობის, კვლევებისა და ინოვაციების სფეროებს.
ხოლო, 200 მილიარდი ევრო საგარეო საქმიანობას, ამ თანხის ნახევარი, 100 მილიარდი ევრო კი კერძოდ, უკრაინის მხარდასაჭერად გამოიყოფა.
This is a budget for the realities of today, as well as the challenges of tomorrow.
Today we present our proposal.
Now we continue the work, with the European Parliament, Member States, with citizens and businesses ↓ https://t.co/wq1t4kKjTx
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) July 16, 2025
„შემდეგი მრავალწლიანი ფინანსური საკანონმდებლო ჩარჩო იქნება ყველაზე ამბიციური, რაც კი ოდესმე წარგვიდგენია. ის უფრო სტრატეგიული, მოქნილი და გამჭვირვალეა და მეტ ინვესტიციას ითვალისწინებს ჩვენი ფინანსური დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. ერთობლივი გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა უნდა ვიბრძოლოთ, რათა ეს ბიუჯეტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდოს. მოლაპარაკებებისთვის დიდი დრო გვექნება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მას შემდეგ, რაც სტრასბურგში 175-მა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრეზიდენტისა და მისი გუნდის წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადების საკითხს – მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი კომისიასა და პარლამენტს შორის უთანხმოებას კიდევ უფრო გაამწვავებს.
ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებები — ყოველთვის რთული და საკამათოა – ახლა კი, ექსპერტები განსაკუთრებულად ფეთქებადსაშიშ დებატებს მოელიან, რადგან პარლამენტის თითოეული ჯგუფი მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რათა მათთვის პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება უზრუნველყონ.
ფონ დერ ლაიენის ახალი მრავალწლიანი ბიუჯეტის მონახაზს მნიშვნელოვნად განაპირობებს მისი პირველი მანდატის გამოცდილება ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს სათავეში.
თანამდებობის დაკავებიდან მალევე ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი კოვიდ-19 პანდემიის წინაშე აღმოჩნდა. მოგვიანებით კი, მოვალეობის შესრულება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის, ენერგორესურსების, ფასების ზრდის, რეკორდული ინფლაციის, ჩინეთის მხრიდან მზარდი კონკურენციისა და დამანგრეველი სტიქიური უბედურებების ფონზე მოუწია.
ამჯერად, ურსულ ფონ დერ ლაიენის წინაშე არსებული კრიზისების სერიის უახლესი თავი – აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებია, რომელმაც ბლოკი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ დააყენა.
ამ შეზღუდვების გათვალისწინებით, ფონ დერ ლაიენი გრძელვადიანი ბიუჯეტის რეფორმირებას ცდილობს, რათა თანხები ევროპის შიგნითა და გარეთ მუდმივად ცვალებადი გარემოებების შესაბამისად განაწილდეს.
ამასთან, მისი გაცხადებული მიზანია, უზრუნველყოს, რომ უკრაინას, რომლის ბლოკში გაწევრების პროცესიც უნგრეთის ვეტოს ქვეშაა, შეეძლოს ევროკავშირის დახმარების იმედი ჰქონდეს.
„უკრაინისთვის 100 მილიარდ ევროს გამოვყოფთ. იცით, ჩვენ გვაქვს უკრაინის რეკონსტრუქციის ფონდი. თავდაპირველად, შუალედური მიმოხილვით შევსებული იყო 50 მილიარდი ევრო, ეს თანხები ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მცირდება და ამრიგად, ვთავაზობთ 100 მილიარდ ევროს უკრაინის ფონდის ხელახლა შესავსებად, აღდგენის, მდგრადობისა და რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
სამი ძირითადი მიმართულების გარდა გეგმა სამოქალაქო უსაფრთხოების, ერთიანი ბაზრისა და სხვა ხარჯებისთვის 292 მილიარდ ევროსაც ითვალისწინებს. ხოლო, 49 მილიარდი ევრო სტუდენტურ გაცვლით პროგრამას, Erasmus-ს მოხმარდება.