ბარკონის პოლიგონზე, რომელიც უნგრეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ხორვატიის, უნგრეთისა და იტალიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა საცეცხლე მომზადება გაიარეს.
„წვრთნის მთავარი მიზანია ერთმანეთის გაცნობა, იმის ცოდნა, თუ როგორ ვიმოქმედოთ ერთად ეფექტიანად, რომ გამოვავლინოთ ერთმანეთის პრობლემური მხარეები და, საბოლოოდ, წვრთნა უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ“, – ამბობს ლეიტენანტი ტამასი, იგი უნგრეთის თავდაცვის ძალების 39-ე ქვეითთა ბატალიონის ოფიცერია.
მანევრებში ნატოს მრავალეროვნულმა საბრძოლო ჯგუფმა სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიყენა. მათ შორის Leopard 2-ის ტიპის ტანკები, იტალიური ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და უნგრეთის არმიის ჯავშანტრანსპორტიორები. უნგრელმა ჯარისკაცებმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისა და ნაღმმტყორცნელთა მხარდაჭერით სხვადასხვა ტაქტიკური და საცეცხლე ამოცანა შეასრულეს, იტალიურმა დანაყოფმა კი – საარტილერიო მხარდაჭერისა.
მანევრებში ჩართული იყო უნგრეთის თავდაცვის ძალების საბრძოლო ავიაციაც. ასევე მონაწილეობდა საბრძოლო მხარდაჭერის ამერიკული ასეული. წვრთნებში მონაწილე სამხედროებისთვის დავალებები არ იყო წინასწარ ცნობილი. მათ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვითარებაში უწევდათ მოქმედება. მრავალეროვნული საბრძოლო დაჯგუფების წვრთნები ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ემსახურება.
„უნგრეთში სახმელეთო ძალების მოწინავე ჯგუფი ქვეითთა საბრძოლო ჯგუფია, რომელიც დაახლოებით 800 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება და დაკომპლექტებულია იტალიური, ხორვატიული და უნგრული ძალებით. ასევე გვყავს ამერიკული ასეული, რომელიც ჩვენთან ერთად ემზადება. მათ ორგანულ ნაწილად არ თვლიან, თუმცა წვრთნები ერთად ტარდება. აქ მხოლოდ უნგრელი ჯარისკაცები არ არიან, არამედ ყველა, ვინც კრიზისის შემთხვევაში ქვეყანას დაიცავს. ინტეგრირებული გვყავს ნატოს ძალებიც. ძალების ინტეგრაცია უკვე მაქსიმალურია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საწყის ეტაპზე ვართ“, – თქვა პოლკოვნიკმა ბოტონდ ჰეტინიმ, უნგრეთის სახმელეთო ძალების მოწინავე ჯგუფის მეთაურმა.
როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ საინფორმაციო პორტალზე წერია, მსგავსი წვრთნები ნატოს კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობებს აძლიერებს და ზრდის მოკავშირეთა სამხედრო ძალას, რათა ეფექტიანად იმოქმედონ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად.