მთავარისაქართველოგდდ-ს თანამშრომელი დაკითხეს აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე

გდდ-ს თანამშრომელი დაკითხეს აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლაშა გელაშვილი დაკითხეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც განიხილება პროევროპული საპროტესტო აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმე.

მოწმეს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული. ის ამბობს, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დემონსტრანტთა მხრიდან ნასროლი ქვა მოხვდა, რის შედეგადაც, მარჯვენა ფეხის კოჭი დაუზიანდა. ლაშა გელაშვილი ვერ ასახელებს იმ პირის ან პირთა ვინაობას, ვინც მას დაზიანება მიაყენა, თუმცა დასძენს, რომ „პრეტენზია აქვს ყველას მიმართ, ვინც ის და მისი სხვა თანამშრომლებიც დააზიანა”.

„30 ნოემბერს, საღამოს 9-10 საათისთვის მომიწია მისვლა პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე. შენობაში ვიყავი. თავდაპირველად, იმართებოდა მშვიდობიანი აქცია, დროთა განმავლობაში გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და დაიწყეს ქვებისა და სხვადასხვა ნივთის სროლა…

წინ კიბეებთან განლაგებულნი იყვნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. მათ არ ჰქონდათ სპეციალური დამცავი საშუალებები და მოგვიწია მათი ჩანაცვლება… ფეიერვერკებს გვესროდნენ ისე, რომ ვერ ვხედავდით… იყო შემთხვევები, როცა მომიტინგეები 9 აპრილის ქუჩისკენ ამოდიოდნენ და გვესროდნენ ქვებსა და ფეიერვერკებს. პარლამენტის სვეტები სადაც არის განლაგებული, იქ ამოდიოდნენ აქციის მონაწილეები… ფეიერვერკი ორჯერ მომხვდა ფეხებში. ფარით ავიცილეთ ქვები. ვანაცვლებდით ერთმანეთს ბიჭები. ცდილობდნენ რკინის ჯებირის გაღებას, რა დროსაც, ფარებზე დარტყმით მათ შეშინებას ვცდილობდით… ბავშვები იყვნენ, არ მახსოვს ვინ… მათი მიზანი იყო პარლამენტში შემოსვლა. ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ შეგვეშინებინა და ამ დროს ქვა მომხვდა მარჯვენა ფეხის კოჭში, ფეხი დამიცურდა, ვიღრძე და ჩამისვეს თაბაშირში… არ დამინახავს, ვინ ისროდა ქვებს, უბრალოდ თანამშრომლებს გვესროდნენ…” – თქვა ლაშა გელაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

პროცესზე ბრალდების მხარის მოწმემ თქვა, რომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები კანონით უნდა დაისაჯონ:

„რასაც გამოძიება ედავება დამნაშავეებს, თუ დაუმტკიცდათ ეს ყველაფერი, ჩემი პოზიცია იქნება ის, რომ დაისაჯონ კანონის შესაბამისად…” – თქვა გელაშვილმა.

გდდ-ს თანამშრომლის თქმით, მასა და მის კოლეგებს ამოსაცნობი ნომრები ჰქონდათ მინიჭებული. ლაშა გელაშვილი ამბობს, რომ მის ე.წ. „დამცავ კასკაზე” 36 ნომერი ეწერა. 11 პირისა და აქციებისას დაკავებულთა სხვა საქმეებზე აქამდე გამოკითხულმა მოწმეებმა თქვეს, რომ სამართალდამცველების ეკიპირებაზე საიდენტიფიკაციო ნომრები არ ყოფილა.

სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულებმა რუსლან სივაკოვმა და სერგეი კუხარჩუკმა. მათ მოსამართლეს მიმართეს თხოვნით სხდომათა დარბაზში მედიის წარმომადგენლებს შესძლებოდათ ფოტო-ვიდეოგადაღება. მათი თქმით, ეს არის ერთადერთი საშუალება მათი ოჯახის წევრებისთვის, ვისაც არ აქვს უკრაინიდან თბილისში ჩამოსვლის შესაძლებლობა, იხილონ, რა ხდება მათ სასამართლო პროცესებზე.

„დედაჩემი არის უკრაინაში, [ომის შედეგად] დანგრეულ ქალაქ ვოლჩანსკთან. იქ არ არის ტელევიზია. არ არის კავშირი. მხოლოდ 30 წუთით ირთვება ინტერნეტი. იქნებ ამ ფორმით მაინც შეძლოს ნახვა… ინტერნეტში არის სასამართლო ჩანაწერები და იქნებ ასე მაინც შეძლოს ჩემი ნახვა. საქართველო, მიყვარხარ”, – თქვა რუსლან სივაკოვმა სასამართლო სხდომაზე.

ბრალდებულთა თხოვნა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა არ დააკმაყოფილა.

მანამდე, სხდომის დაწყებისთანავე, დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულების – სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის თარჯიმნის აცილება. ბრალდებულთა თქმით, თარჯიმანი დაკისრებულ უფლებამოსილებას პროფესიულად ვერ ასრულებდა. ადვოკატები კი ამბობდნენ, რომ ის მათი დაცვის ქვეშ მყოფებს შეურაცხმყოფლად მიმართავდა. სასამართლომ მოისმინა თარჯიმნის პოზიციაც. მისი თქმით, ის უფლებადამცველებისგან „ზეწოლას გრძნობდა”. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დააკმაყოფილა თარჯიმნის თვითაცილების შუამდგომლობა და ახალი თარჯიმანი მანანა კარაპეტიანი დანიშნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend