მთავარისაქართველოუკრაინელ მეწარმეთა ხელშეწყობა საქართველოში

უკრაინელ მეწარმეთა ხელშეწყობა საქართველოში

ქალი მეწარმეების ხელშესაწყობად 16 ივლისს თბილისში მდებარე „უკრაინულ სახლში“ მორიგი ღონისძიება გაიმართა.

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით დაიგეგმა ღონისძიება, რომლის მიზანი უკრაინიდან ლტოლვილთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნაა.

ღონისძიების ფარგლებში დახმარების სპეციალური სერტიფიკატები გადაეცა ლტოლვილთა მიერ დაფუძნებულ 21 ბიზნესს, მათ შორის 19 უკრაინულ საწარმოს.

„ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ ბოლო ორ წელიწადში, დაახლოებით 30 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო და შესთავაზა მათ უსაფრთხო, ღირსეული და საიმედო გარემო. ვფიქრობ, „უკრაინული სახლი“ საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ხალხისთვის არის სოლიდარობისა და იმედის სიმბოლო. აქ მათ შეუძლიათ, ხელახლა დაიწყონ ცხოვრება, წამოიწყონ ბიზნესსაქმიანობა, ისაუბრონ მშობლიურ ენაზე. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანონ ეკონომიკურ განვითარებაშიც, რადგან ქმნიან სამუშაო ადგილებს. ლტოლვილებს მხოლოდ რიცხვების თვალსაზრისით არ უნდა ვუყუროთ, არამედ შევხედოთ მათ თავიანთი ნიჭისა და იმის მიხედვით, თუ რა მოაქვთ ქვეყნისთვის“, – თქვა დიდიე ტღებუკმა, საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა.

„უკრაინულ სახლში“ გამართულ მიღებას დაესწრო საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.

„საქართველო მხარს უჭერს უკრაინას. რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ თავდასხმა ევროპის მშვიდობიან წესრიგზე. ჩვენ ვფიქრობდით, რომ გადავლახეთ ის დრო, როდესაც საზღვრები იცვლებოდა ძალის გამოყენებით, ან იყო საზღვრების შეცვლის ძალისმიერი მცდელობა, სამხედრო გზით. რუსეთმა დაარღვია ეს წესრიგი. ჩვენ ამას არ ავიტანთ. ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ეს ჩვენს უსაფრთხოებასა და თავისუფლებას ზიანს აყენებს. სხვათა შორის, ეს საქართველოს უსაფრთხოებასა და თავისუფლებასაც ეხება. ჩვენ გავეცით სამ მილიონ ევროზე მეტი, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის სამართლის უზენაესობის პროექტის მხარდასაჭერად. ამ თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება ლტოლვილების მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის დახმარება…“ – ამბობს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.

დიპლომატმა ასევე უპასუხა მედიის კითხვას საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოქმედი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით. პეტერ ფიშერის თქმით, არსებული „მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ საქართველოს ხელშია“.

„2024 წლის დასაწყისიდან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა სწრაფად შორდება ევროკავშირს ყველა ფუნდამენტური მიმართულებით. საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირსა და გერმანიასთან ღრმა კრიზისს განიცდის. არ ვარ დარწმუნებული, რომ არსებობს გამოსავალი, თუმცა, ვფიქრობ, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ საქართველოს ხელშია. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან ჩვენ ვიყავით საქართველოს სანდო პარტნიორები. ვისურვებდით, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს, თუმცა თუკი საქართველოც ისურვებდა, კვლავ ჩვენი პარტნიორი იყოს.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არის პრივილეგია. ის დამოკიდებულია კონკრეტულ მოცემულობებზე. ჩვენ შევხედავთ და მოვუსმენთ საქართველოს ხელისუფლების პასუხს ევროკომისიის მოთხოვნებზე და ამის მიხედვით გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს… ყველაფერი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, ევროკავშირის მიერ ბევრჯერ იყო დაწერილი და გაცხადებული. ქვეყანაში მიღებულია სამოქალაქო საზოგადოებისთვის რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წესებს…“ – თქვა პეტერ ფიშერმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend