მთავარისაქართველოდაზიანებული მეტროსადგური

დაზიანებული მეტროსადგური

ამ დღეებში ინტერნეტში გავრცელდა გურამიშვილის მეტროსადგურში გადაღებული კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მეტროს შესასვლელში წყალი ჩამოდის და ჭერიდან ნაშალი მასალის ფრაგმენტები ცვივა. დაზიანებული ჭერის კიდევ ერთი ვიდეო 16 ივლისს კიდევ ერთმა მგზავრმა გაგვიზიარა. გურამიშვილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა ჩვენ მეტროსადგურიდან მომავალ სხვა მგზავრებსაც დავუსვით.

„წყალი ჩამოდის აი აქ… ძალიან ვნერვიულობ ამაზე პირადად მე… კარგი იქნება, ცოტა ფხიზლად ვიყოთ…”

„ავარიული მდგომარეობაა და რა თქმა უნდა, ასეთი რამ ხდება – სულ ასეა… მეტს ვერაფერს გეტყვით…” – ამბობენ მგზავრები.

„გურამიშვილის მეტროს სერიოზული რესტავრაცია არ ჩატარებია – მე რაც თავი მახსოვს… 34 წლის ვარ და 90-იანებიდან მოყოლებული ფაქტობრივად ასეა. რომ ჩახვიდეთ ესკალატორით, ნახავთ, ბაქანზე რა მდგომარეობაა, ჯერ კიდევ ბადეა აკრული- ალბათ სამი-ოთხი წელია მინიმუმ… ორ წელზე მეტ ხანს მოუნდნენ ელექტროდეპოს, ახლანდელ გოცირიძის გარემონტებას, იქაც როგორც ვიცი ავარიული მდგომარეობაა… ვარკეთილში ხომ საერთოდ კატასტროფა ხდება… ეხლა კიდევ ეს რაღაც უბედურება მოხდა ვაგზალზე”, – ამბობს კიდევ მგზავრი გიორგი გომარელი, იმავე პრობლემაზე საუბრობს კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები ზურაბ მუხიგული.

„ადრე ერთი სამი თვე იყო დაკეტილი – ააკრეს ეს ბადეები მაგრამ არ გაკეთებულა და მერე გახსნეს ისევ…“

მეტროსადგურის შიგნით, ჭერზე, მართლაც, ბადეებია აკრული, მეორე ამოსასვლელი კი ამ დროისთვის დაკეტილია. რამ გამოიწვია მეტროსადგურის დაზიანება და რა გეგმები არსებობს მის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით – ამ კითხვებით თბილისის სატრანსპორტიო კომპანიას მივმართეთ, საიდანაც წარილობით გვიპასუხეს.

„გურამიშვილის სადგურის ჩასასვლელის დაზიანება გამოიწვია GWP-ის დაზიანებულმა მილმა, რომელიც მდებარეობდა სადგური გურამიშვილის თავზე და რამაც გამოიწვია წყლის გაჟონვა სადგურის ჩასასვლელში. ამ ეტაპზე კომპანია GWP-მ უკვე ნახევარ მონაკვეთზე გამოცვალა მილი, რის შედეგადაც, შეწყდა წყლის ჟონვა. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შესაბამისი სამსახური უახლოეს დღეებში გალესავს და შეღებავს წყლის ჟონვით გამოწვეული დაზიანებებს  ჭერსა და კედლებზე“.

უწყების ცნობით, მეტროსადგური გურამიშვილი იმ სადგურებს შორისაა, რომელთა რეაბილიტაციაც ახლო მომავალში იგეგმება.

კიდევ ერთი მეტროსადგურის ვარკეთილის მდგომარეობის შესახებ ევრონიუს ჯორჯიამ რეპორტაჟი დაახლოებით ერთი თვის წინ მოამზადა. 12 ივლისიდან ეს სადგური სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით 45 დღით დაიკეტა.

„გაიწმინდება და დამუშავდება ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირები, მოხდება თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა. ასევე თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრ დეტალებს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ მეტროსადგური ვარკეთილი გაიხსნება მგზავრებისთვის, თუმცა შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, კვლავ გაგრძელდება და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება“, – ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან მიღებულ წერილში.

ამავე უწყების ცნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით პირველ ეტაპზე 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი უნდა მომზადდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას კი 5 წელი დასჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend