მთავარისაქართველოკვლევა მოზარდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ

კვლევა მოზარდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ

დღეს, 15 ივლისს, ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ხაზს უსვამს უნარებისა და შესაძლებლობების კრიტიკულ მნიშვნელობას. ამ თარიღთან დაკავშირებით გაეროს ბავშვთა ფონდმა მოზარდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ახალი კვლევა წარადგინა.

„ახალგაზრდებს ბევრი მიმართულებით აქვთ დანაკლისი. მაგალითად, აქვთ დანაკლისი და ხარვეზები კიბერუსაფრთხოებასა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ძალიან სერიოზულად გამოიკვეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, არ არის მისაწვდომი სერვისები და ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაძლიონ ის პრობლემები, რომლებსაც ისინი აწყდებიან, მათ შორის წიგნიერების კუთხით გამოიკვეთა, კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა”, – ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე.

„დღეს ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღეა და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ შემქმნელებსა და ასევე ფართო საზოგადოებას ვესაუბროთ ახალგაზრდებში უნარების განვითარების მნიშვნელობაზე. ეს არის მოგზაურობა, რომელიც ადრეული ასაკიდან იწყება. ამიტომ როდესაც განათლებას ადრეული ასაკიდანვე იღებთ, სწორედ აქედან იწყება თქვენი უნარების განვითარება და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამის ხაზგასმა. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ახალგაზრდებს სწავლების გზაზე მუდმივად ჰქონდეთ უკუკავშირის მიღების შესაძლებლობა.

ამ კვლევის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, ახალგაზრდებთან გვესაუბრა და გამოგვევლინა ის სფეროები, რომლებშიც ისინი პრობლემას ხედავენ. ეს კი მათ ეხმარებათ, რომ წარმატებულები იყვნენ არა მხოლოდ აკადემიურ სფეროში, არამედ წარმატებას მიაღწიონ დასაქმების კუთხითაც”, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, იესპერ მოლერმა.

ღონისძიებაზე იყვნენ სტუმრები, რომლებმაც თავისი ისტორია საზოგადოებას გაუზიარეს.

„აქ მოვედი, რომ ვისაუბრო იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მივცეთ ძალა და უნარები. ახლა მე მაქვს გავლენა მსოფლიოზე, თუმცა როდესაც შედარებით ახალგაზრდა ვიყავი, მე არ მქონდა ის შესაძლებლობა, რაც იმ დროს სხვებს ჰქონდათ. აქამდე მოსასვლელად წლები დამჭირდა. სენეგალში დავიბადე, სკოლაში არ მივლია, რთული ბავშვობა მქონდა, ამიტომ ახლა როდესაც ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი გოგონების შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, ეს მნიშვნელოვანია.

ბავშვობაში მე არავინ მიცავდა, განათლების ნაკლებობამ კი დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე – როგორც ბავშვი ვიტანჯებოდი. აქ მოვედი რომ ჩემი ისტორია გავაზიარო. მსურს ახალგაზრდები გავაძლიერო და ვუთხრა, რომ მეც მათი მსგავსი ვიყავი. ვფიქრობ, 10-20 წელი გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს”, – განაცხადა IamtheCODE-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ლედი მარიემ ჟამმემ.

კვლევა 2024 წელს საქართველოს 7 რეგიონში ჩატარდა. ფონდში ამბობენ, რომ მისი მიზანია უწყვეტი განათლებისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების შეფასება ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე. კვლევის ერთ-ერთი მიგნების თანახმად, მოზარდებს განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრების გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება. საქართველოში კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend