SCALP-ის ტიპის ფრთოსან რაკეტები, რომლებიც კომპანია MBDA-ს მიერ არის წარმოებული, უკრაინას დიდი რაოდენობით მიაწოდეს როგორც საფრანგეთმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა… მისი ბრიტანული ანალოგის სახელწოდებაა STORM SHADOW.
როგორც ჩანს, დღის წესრიგში არსებული მარაგის შევსების აუცილებლობაა, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნიუმ ბრიტანელ კოლეგასთან ერთად ფრთოსანი რაკეტების საწარმო მოინახულა და ამის შემდეგ სოციალურ ქსელ იქსზე დაწერა: „ბოლო შეკვეთიდან 15 წლის შემდეგ, 2025 წელს, ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის SCALP-ის (სკალპის) ტიპის რაკეტების წარმოება განახლდება. საფრანგეთ-ბრიტანეთის მიერ ერთობლივად შექმნილმა რაკეტამ უკრაინაში დაამტკიცა საკუთარი ეფექტიანობა თანამედროვე, მაღალი ინტენსივობის ბრძოლებსა და გადამწყვეტ სიტუაციებში. MBDA (ემ-ბი-დი-ეი), რომელიც საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და გერმანიის ერთობლივი საწარმოა, ევროპის თავდაცვითი ინდუსტრიის სიმბოლო და ლიდერია“.
Production of SCALP missiles to equip our forces will resume in 2025, 15 years after our last order.
On @MBDA_UK‘s site in Stevenage with my counterpart @JohnHealey_MP, where some of these missiles are produced.
Supplied to Ukraine, the Franco-British SCALP/Storm Shadow missile… pic.twitter.com/Slw52D5Nji
— Sébastien Lecornu (@SebLecornu) July 9, 2025
2025 წლის საფრანგეთის ეროვნული სტრატეგიული მიმოხილვის პირველივე თავში წერია, რომ მიმდინარე წელსა და 2030 წლისთვის საფრანგეთისა და ევროპისთვის უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს ღია ომი, რომელიც შესაძლოა ევროპის გულში გავრცელდეს. დოკუმენტში არაერთხელაა ნახსენები რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებები, ბირთვული შანტაჟი და აგრესიული ომი უკრაინაში. დოკუმენტში სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებაა გაწერილი, იმისთვის, რომ ევროპის მასშტაბით უსაფრთხოების ძალები გაძლიერდნენ.
ევროპის მასშტაბით გამართული სამხედრო წვრთნების შემდეგ საფრანგეთი, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, ავსტრალიის კონტინენტზე გამართულ სამხედრო სწავლებებშიც ჩაერთო. Talisman Sabre, რომელიც ორშაბათს, 14 ივლისს, დაიწყო, ერთ-ერთ მასშტაბურ სამხედრო მანევრად მიიჩნევა. მასში საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის შენაერთებიც მონაწილეობენ. მანევრებში სულ 19 ქვეყნის 35 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.
„სამხედრო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის ცვლილებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ვითარება: სახელმწიფოებს აღარ სჭირდებათ ფიზიკურად მიახლოვდნენ ავსტრალიას, როგორც ეს ადრე იყო საჭირო. ერთ დროს ვფიქრობდით, რომ ზღვა და ჩრდილოეთი წყლები გვიცავდა და ბუნებრივი ბუფერი იყო, მაგრამ თანამედროვე იარაღს შეუძლია, ეს მანძილი ძალიან სწრაფად გადალახოს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ამ ახალ რეალობას ვუპასუხოთ“, – თქვა ვიცე-ადმირალმა დეივიდ ჯონსთონმა, ავსტრალიის თავდაცვის ძალების უფროსმა.
ავსტრალიაში გამართულ სამხედრო წვრთნებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობაც აქტიურადაა ჩართული… ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ რეგიონში სამი ბირთვული სახელმწიფოს: აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ქვედანაყოფები ურთიერთთავსებადობას კიდევ უფრო აამაღლებენ.