მთავარისაქართველოავარიული კორპუსიდან, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, მოქალაქეები სრულად გაიყვანეს

ავარიული კორპუსიდან, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, მოქალაქეები სრულად გაიყვანეს

კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ჩამოინგრა, 14 ივლისის საღამოს თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი. ავარიული შენობის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა – ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებული სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა, რომ ადგილზე სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. სამუშაოებში ჩართული იყო მძიმე ტექნიკაც. მოქალაქეები შენობასთან გვიან ღამემდე რჩებოდნენ. ავარიული კორპუსის მობინადრეები დიდუბის გამგეობამ სასტუმროებში გვიან ღამესვე გადაიყვანა. თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, როდის დააკმაყოფილებენ მათ მუდმივი საცხოვრებლით.

ავარიული კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ადგილზე მედიას უთხრა, რომ თბილისის მერიას არაერთხელ მიმართა დახმარების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ირგვლივ კიდევ ათობით ავარიული შენობაა და კიდევ უამრავი ადამიანის სიცოცხლეა საფრთხეში.

„აქ ვარ 10 წელია, მინიმუმ ათჯერ მე პირადად მაქვს დარეკილი მერიაში. არავინ ყურადღება არ მიაქცია. არ სჯეროდათ… სანამ უბედურება არ დატრიალდება, ყურადღებას არავინ აქცევს“, – ამბობს მოქალაქე.

ადგილზე მივიდნენ დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის იყო თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც დაადასტურა, რომ შენობა ავარიული იყო და რომ ის არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. თუმცა კახა კალაძე ამბობს, რომ რამდენიმე ოჯახის წინააღმდეგობის გამო შენობიდან მოქალაქეების განსახლება მერიამ ვერ მოახერხა.

„კორპუსი იყო ავარიული, მესამე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ამის შესახებ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში. გაკეთებული იყო შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველვყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს. იცით, რომ ასეთი პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელსაც სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა უარი თქვეს”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს შენობა შემოსაზღვრას არ საჭიროებდა. თუმცა ადგილზე მყოფი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ეს შენობა საფრთხის შემცველი იყო არა მხოლოდ მობინადრეებისთვის, არამედ გამვლელებისთვისაც, რადგან მათივე განმარტებით, წლების განმავლობაში დიდი რისკი იყო გარე ფასადის ჩამოშლის.

„ეს არის დაახლოებით 50-იანი წლების შენობა, როცა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები არ იხმარებოდა. შესაბამისად, ის პარაპეტი, რაც ჩამოინგრა, არის თავის დროზე დეკორაციისთვის ნახმარი ელემენტი. შენობა არის მე-3 კატეგორიის, იქ საუბარია იმაზე, რომ შემოეღობათო… მე-3 კატეგორია არ გულისხმობს, რომ შენობა უნდა შემოღობო. თუნდაც, ის წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანები არ გამოდიან სახლიდან და რას უღობავ იმათ? ახლაც კი, როცა მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, სადაც ისინი სასტუმროებში გადაჰყავთ, ახლაც კი აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ აქედან. ეს არის უმძიმესი სიტუაცია, სხვა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ნიკო კახეთელიძემ.

შემთხვევის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძეც. უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა ამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

და ვიდრე გამოძიება სამართალდამრღვევს იპოვის, მოქალაქეები გამოსავალს ეძებენ, როგორ შეძლონ, იცხოვრონ უსაფრთხოდ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend