სტრასბურგში 175-მა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მისი კომისიის წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადების საკითხს – 360 დეპუტატი წინააღმდეგი იყო, ხოლო 18-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
კენჭისყრის ჩავარდნის მოუხედავად, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მისი გუნდისთვის საქმიანობის ჩვეულებრივად გაგრძელება მარტივი არ იქნება.
საქმე იმაშია, რომ იმ ევროპარლამენტარების რაოდენობა, რომლებმაც უნდობლობის გამოცხადების საკითხს მხარი არ დაუჭირეს – იმაზე ნაკლებია, ვიდრე იმ დეპუტატების, ვინც თავდაპირველად, 2024 წლის ნოემბერში ურსულა ფონ დერ ლაიენის კომისია დაამტკიცა.
ხოლო, მიუხედავად იმისა, რომ 18-მა ევროპარლამენტარმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, 166 ევროპარლამენტარი კენჭისყრაში მონაწილეობას საერთოდ არ იღებდა. მათ შორის იყვნენ დეპუტატები „სოციალ-დემოკრატების”, „განაახლე ევროპისა” და „მწვანეთა ჯგუფებიდან”.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ხშირ შემთხვევაში ეს არის გზა ევროდეპუტატებისთვის, გამოხატონ უკმაყოფილება ფონ დერ ლაიენის კომისიის მიმართ ისე, რომ მხარი არ დაუჭირონ ულტრამემარჯვენე ძალების ინიციატივას.
„მე არ ვუჭერ მხარს ულტრამემარჯვენეთა წინადადებებს. ამავდროულად, არ ვენდობი ამ კომისიას, რომელიც სისტემატურად ღალატობს ერთი წლის წინ მიღებულ მანდატს. მე ამას ყოველდღე ვხედავ მიგრაციის პოლიტიკასთან, პალესტინაში არსებულ ვითარებასთან, გადაიარაღებასთან, კლიმატსა და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იტალიელმა ევროპარლამენტარმა სესილია სტრადამ კენჭისყრის შემდეგ.
მსგავსი მიდგომა აქვს იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის პარტიასაც, „იტალიის ძმებს“, რომელსაც ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
მიუხედავად იმისა, რომ „იტალიის ძმებმა“ არ დაუჭირეს მხარი უნდობლობის გამოცხადების წინადადებას და თავმჯდომარე ნიკოლა პროკაჩინიმ მკაცრად გააკრიტიკა მისი მხარდამჭერები, პარტია არც კომისიის გვერდით არ დამდგარა.
ფონ დერ ლაიენისთვის კი ეს იმის მანიშნებელია, რომ მელონის მხარდაჭერა გარანტირებული არ არის. იტალიის პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, კომისიის ერთგული დარჩება, თუმცა მას ჯგუფში შიდა დაძაბულობის მართვა მოუწევს.
ჯერჯერობით კომისიის ერთგული რჩება „მწვანეთა პარტია”.
თუმცა, რამდენიმე ევროპარლამენტარმა ევრონიუსთან საუბარში განაცხადა, რომ კენჭისყრის წინა დღეს გამართული შიდა დებატები საკმაოდ დაძაბული იყო, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი დეპუტატი ულტრამემარჯვენე ძალების მიერ წარდგენილი წინადადებისთვის მხარდასაჭერის გამოცხადებას არ გეგმავდა.
„მწვანეები“ მიიჩნევენ, რომ კომისიის გარემოსდაცვითი დღის წესრიგი დიდწილად ე.წ. „ომნიბუსის“ საკანონმდებლო პაკეტმა დაჩრდილა. ამავდროულად, კომისია წინ წევს მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკასაც, რომელიც „მწვანეთა პარტიის” შეხედულებებს ეწინააღმდეგება.
ჯგუფი ახლა წინააღმდეგობრივ პოზიციაში იმყოფება: მოქმედებს როგორც მმართველი უმრავლესობის ნაწილი, მაგრამ ამავდროულად, გამუდმებით აგებს მნიშვნელოვან ხმებს მისთვის საკვანძო მნიშვნელობის, გარემოსდაცვით საკითხებზე.
ამ ეტაპზე ბუნდოვანია, თუ რამდენ ხანს გააგრძელებენ ისეთი კომისიის მხარდაჭერას, რომელიც მათ დღის წესრიგს აღარ იცავს.
ამ ყველაფრის ფონზე კი, ძლიერდებიან ევროპარლამენტის უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფები.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა ჩავარდა, მისმა მხარდამჭერებმა სიმბოლური გამარჯვება მაინც იზეიმეს.
როგორც ევროპარლამენტში ამბობენ, ფონ დერ ლაიენს ახლა მოუწევს ბიუჯეტში ორი ურთიერთგამომრიცხავი დაპირების დაბალანსება: ევროპის სოციალური ფონდის შენარჩუნება და რესურსების თავდაცვის ხარჯებზე გადანაწილება.
წყაროები არც იმას გამორიცხავენ, რომ პარლამენტის მემარჯვენე ჯგუფებმა, კერძოდ, „ევროპის პატრიოტებმა“ ზაფხულის შემდეგ ახალი უნდობლობის ინიციატივა წარადგინონ. ამბობენ იმასაც, რომ თავდაპირველი წინადადების მიზანი უბრალოდ პანდორას ყუთის გახსნა იყო.
მომავალ კვირას ევროკომისია 2028-2034 წლების ბიუჯეტის წარდგენას გეგმავს – აქ კი პარლამენტთან კონფლიქტი შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს.
ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებები — ყოველთვის რთული და საკამათოა — ახლა კი ის უკვე უნდობლობის კენჭისყრასთანაცაა გადაჯაჭვული.
ფონ დერ ლაიენის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა, ამ ჯერზე, დაფინანსების ტრადიციული სფეროებისა და თანამედროვე პრიორიტეტების დაბალანსება იქნება, როგორებიცაა, უკრაინის მხარდაჭერა და თავდაცვის ხარჯების გაზრდა.
ამ ყველაფერთან ერთად კი, თითოეული პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც კომისია უნდობლობის გამოცხადებას გადაარჩინა, სანაცვლოდ სარგებელს მოელის მისგან და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მათთვის პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება უზრუნველყონ.