პროევროპული საპროტესტო აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.
11 ივლისს დაიკითხა გიორგი ჯანიკაშვილი – გარდაბნის რაიონის პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი. ის საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი. ჯანიკაშვილი ამტკიცებს, რომ „აქციის მონაწილეებმა მას ქვა ესროლეს, რის გამოც გონება დაკარგა”, თუმცა დარბაზში მყოფ ბრალდებულთაგან პოლიციელი ვერ ასახელებს ვერც ერთი მათგანის ვინაობას.
„დაკისრებულ მოვალეობას ვასრულებდი 2024 წლის 29 ნოემბერს, რა დროსაც, ხელმძღვანელობის დავალებით მითხრეს, რომ რუსთაველის გამზირზე იყო აქცია და სჭირდებოდათ დახმარება, სადაც მე ჩემს თანამშრომლებთან ერთად წავედი. საღამოს 9 საათამდე პერიოდი იქნებოდა, როდესაც მივედი ამ ტერიტორიაზე. განვლაგდით რუსთაველის გამზირისა და 9 აპრილის ქუჩის კვეთაზე, სადაც ვიცავდით საზოგადოებრივ წესრიგს. ამ დროისათვის შეკრებილი იყო ხალხი, კონკრეტულ რიცხვს ვერ დავასახელებ, ალბათ 4-5 000 დაახლოებით. მიმდინარეობდა აქცია, სადაც ხალხი აპროტესტებდა პრემიერ-მინისტრის განცხადებას ევროპაში შესვლასთან დაკავშირებით საკითხის განხილვის გადადებაზე…
დაახლოებით 1 საათის შემდეგ აქციის მონაწილეებისგან შეიქმნა ჩოჩქოლი. უფრო აგრესიული სიტუაცია შეიქმნა, რაც გადავიდა ძალადობრივ ქმედებებში მათი მხრიდან. ეს გამოიხატა პოლიციელების მისამართით ყვირილში, სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ხისა და რკინის ნივთების სროლაში. ამ პერიოდისათვის ბნელოდა, ხელოვნური განათება იყო, მაგრამ ვხედავდით მდგომარეობას. იყვნენ მშვიდობიანი დემონსტრანტებიც და აგრესიულად განწყობილი პირებიც – 500-600 პირი, პირობითად ვასახელებ მათ რაოდენობას – ისროდნენ ქვებს, ბოთლებს, ხისა და რკინის ნივთებს ჩვენი მიმართულებით.
სიბნელიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავის არეში, რა დროსაც თავი დამიზიანდა. ისეთი სიმძიმით მომხვდა, რომ გონება დამაკარგვინა. ის პერიოდი აღარ მახსოვს. გონზე მოვედი სასწრაფოში, გადამიყვანეს საბურთალოზე – კავკასიის მედიცინის ცენტრში. გადამიღეს ტომოგრაფიული კვლევები, ნეიროქირურგმა გამსინჯა. დამადეს 5 ნაკერი. რამდენიმე საათი ვიყავი კლინიკაში… სახლში ვმკურნალობდი…” – თქვა გიორგი ჯანიკაშვილმა.
მისი თქმით, საპროტესტო აქციებისას პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ „პროპორციული ძალა გამოიყენა”. ბრალდებულთა ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის, შეკითხვაზე – „იყო თუ არა პროპორციული ძალა პოლიციელის მხრიდან მოქალაქისთვის ფეხის თავში ჩარტყმა?” – გიორგი ჯანიკაშვილი პასუხობს, რომ „არავინ იცის, იყო თუ არა ეს პოლიციელი”. მოწმე ასევე ამბობს, რომ „პრეტენზია აქვს ყველას მიმართ, ვინც პოლიციელებზე ძალადობდა”, თუმცა დასძენს, რომ „ზოგადად, გმობს ძალადობას”.
11 ივლისის სხდომაზე პროკურორებმა გამოიძახეს მოწმე, შსს-ს სტრატკომის ოპერატორი გიორგი ჯიქია. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ დაცვის მხარის ერთობლივი პოზიციით სურთ ჯიქიასი და სხვა ოპერატორების ჩვენება უდავოდ ცნონ. ამის მიუხედავად, პროკურორებს მაინც სურდათ გიორგი ჯიქიას დაკითხვა. ადვოკატების თქმით, წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის ოქმები უკვე გამოკვლეულია, ამიტომ საჭირო აღარ იყო მოწმის დაკითხვა. ამავე მიზეზით დაცვის მხარემ მოითხოვა შსს-ს სტრატკომის კიდევ რამდენიმე მოწმის უდავოდ ცნობა – ლუკა ჯორჯიკიას, ლევან მიდოდაშვილის, არჩილ ზოიძისა და გიორგი მაჩიტიძის. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.
სიტყვის უფლებით ბრალდებულებს არ უსარგებლიათ.
პროევროპული აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე მომდევნო სხდომა 15 ივლისს გაიმართება.