ფოტო არქივიდან
თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მხარეთა კითხვებს დაცვის მხარის მოწმემ, ია ედიბერიძემ უპასუხა. იგი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტია და ადასტურებს, რომ გიორგი ახობაძის ჯიბიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე არსებული ბიოლოგიური მასალა, რომელიც მას საკვლევად ჰქონდა წარდგენილი, ნერწყვია.
აქციებისას დაკავებული ექიმი, რომელსაც ნარკოდანაშაულს ედავებიან, ამბობს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს და მისი ნერწყვი ამოღებულ ნარკოტიკზე თავად დაიტანეს.
საქმეზე მორიგი სხდომა 16 ივლისსა ჩანიშნული. ამ სხდომაზე გიორგი ახობაძე უნდა გამოიკითხოს. ასევე დასკვნითი სიტყვა უნდა თქვას პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა. 22 ივლისს ჩანიშნულ სხდომაზე კი, დასკვნით სიტყვას ბრალდებულის ადვოკატები იტყვიან.
გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.