აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თეთრი სახლი უკრაინაში კიდევ ერთი „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნას განიხილავს. დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინას ეს სისტემები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება, რადგანაც ისინი რუსეთის მხრიდან მასშტაბური სარაკეტო იერიშების სამიზნეები ხდებიან.
„ეს სისტემა ძალიან იშვიათია. უკრაინაში უკვე ბევრი გაიგზავნა, თუმცა მათ მეტი სურთ. ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ, რადგან „პეტრიოტის“ სისტემა ძალიან ძვირია. სამწუხაროა, რომ ამდენი ფულის ხარჯვა გვიწევს ომზე, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ესაა საშინელი ომი და მართლაც, სამწუხაროა. საჰაერო თავდაცვის ეს სისტემა ძალიან დახვეწილია და უზარმაზარ თანხას მოითხოვს. ის უკრაინელებს იმისთვის სჭირდებათ, რომ სიკვდილი აიცილონ თავიდან. ისინი ძლიერ იერიშებს იგერიებენ. სწორედ ამიტომ ამ საკითხს განვიხილავთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ კვირას პენტაგონმა გამოაცხადა, რომ მარაგების დეფიციტის გამო უკრაინისთვის დაპირებული საჰაერო თავდაცვის სისტემების, ზუსტი მართვადი არტილერიისა და სხვა იარაღის მიწოდებას შეაჩერებდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მშვიდობიანად ნამდვილად ვერ გადაიჭრება.
„როგორც ცნობილია, ვაშინგტონმა პენტაგონის საწყობების შემოწმების დროს კიევის რეჟიმს სამხედრო დახმარების მიწოდება შეუჩერა, თუმცა ახლა შეერთებული შტატები ამ დახმარების განახლებას გეგმავს. ამ ნაბიჯების შედეგები ჯერ კიდევ შესაფასებელია, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში იარაღის გაგზავნა, რბილად რომ ვთქვათ, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას ხელს არ შეუწყობს. თუმცა ამისკენ მსოფლიო საზოგადოება, მათ შორის დასავლეთიც, ყველას მოუწოდებს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სპიკერი მარია ზახაროვა.
მარია ზახაროვამ გააკრიტიკა გერმანიის პოზიციაც. მოსკოვი იმუქრება, რომ თუ გერმანული რაკეტებით რუსეთის ტერიტორია თუნდაც უკრაინელი ჯარისკაცის ხელით დაიბომბება, გერმანიას ეს მაინც კონფლიქტის მონაწილედ ხდის.
„გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ თუ ბერლინი კიევს „ტაურუსის“ რაკეტებს მიაწვდის, ამ იარაღს არა გერმანელი, არამედ უკრაინელი ჯარისკაცები გამოიყენებენ, როგორც ეს, სავარაუდოდ, ფრთოსანი რაკეტების შემთხვევაში ხდება, რომლებსაც კიევის რეჟიმი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან იღებს. ამ ფარდის მიღმა იმალება მერცის მთავრობის ცუდად შენიღბული სურვილი, თავადაც მიიღოს მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებში. ბერლინი იმაზე არ ფიქრობს, რომ ამით გერმანია ჩვენს ქვეყანასთან კონფლიქტში ჩაერთვება“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სპიკერი, მარია ზახაროვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვაშინგტონის მიერ დაწესებულ სანქციებს „უკანონო” უწოდა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პრინციპების უხეშ დარღვევაზე მიუთითა.
„აშშ კვლავ იყენებს სავაჭრო და ეკონომიკურ ინსტრუმენტებს, უკანონო სანქციებს, ტარიფებსა და ბევრ სხვა რამეს პოლიტიკური ზეწოლის ელემენტად. ის იმალება „სამართლიანი კონკურენციისა“ და „ეროვნული უსაფრთხოების“ ლოზუნგების უკან. რა თქმა უნდა, სინანულით უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ხაზი საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული სისტემის ნგრევას იწვევს და უხეშად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს, რომლებსაც, სხვათა შორის, ვაშინგტონიც ცოტა ხნის წინ უნივერსალურ ჭეშმარიტებად მიიჩნევდა“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სპიკერი, მარია ზახაროვა.
პარალელურად, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი ჩრდილოეთ კორეასთან აგრძელებს მოლაპარაკებას, ომში დამატებით 30 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნაზე.