გიუმრიში მდებარე რუსული 102-ე სამხედრო ბაზა საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 40 კილომეტრითაა დაშორებული, აზერბაიჯანის საზღვრიდან კი 130 კილომეტრამდე მანძილი აშორებს, თურქეთის საზღვართანაა ყველაზე ახლოს – დაახლოებით 10 კილომეტრი აშორებს. დანიშნულებით ესაა რუსეთისთვის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო დაჯგუფება.
ბაზები კრემლს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აქვს. ესაა ყოფილი საბჭოთა სამხედრო ნაწილი, რომელიც კრემლის ოფიციალური ინფორმაციით, 1992 წელს სომხეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების საფუძველზე შენარჩუნდა რეგიონში. წლების განმავლობაში მისი ფორმაცია და შეიარაღება იცვლებოდა. ისაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასაყრდენი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის. ასევე კრემლის საგარეო უწყება ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნავს, რომ ესაა მათი მთავარი ძალა რუსეთის სამხრეთი მისადგომების დასაცავად.
პოლონური კვლევითი ორგანიზაციის „ახალი ევროპის ინსტიტუტის“ მონაცემებით, გიუმრის 102-ე ბაზაზე რუსეთს მობილიზებული ჰყავს დაახლოებით 40 ერთეული T-72 ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა 120 ერთეული, 36 ჯავშანტრანსპორტიორი, რამდენიმე „ისკანდერი“, „სმერჩის“ ტიპის რეაქტიული სისტემა, ასევე BM 21 – 20-მდე ერთეული.
გიუმრის ბაზა ინტეგრირებულია ერევანთან ახლოს, ერებუნის სამხედრო აეროდრომთან, სადაც რუსეთს 18 ერთეული მიგ 29, დრონები, საჰაერო თავდაცვის საშუალება ეს 300-ები და სხვა სატრანსპორტო ავიაცია ჰყავთ. რაც შეეხება პირად შემადგენლობას, საუბარია, რომ 102-ე ბაზაზე დაახლოებით 3000 სამხედრო მოსამსახურეა.
ბოლო ცნობებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა დოკუმენტები, რომლებშიც რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის გენერალი ბრძანებას გასცემს, რომ სწორედ პირადი შემადგენლობა გაიზარდოს რუსულ სამხედრო ბაზაზე.
როგორც კვლევითი ორგანიზაციები წერენ, გიუმრის ბაზის ძალა შეასუსტა რუსეთის ომმა უკრაინაში. ასევე მოსკოვს 102-ე ბაზის ლოგისტიკური მომარაგებისთვის მხოლოდ საჰაერო გზა აქვს, რაც ლოგისტიკის სერვისს აძვირებს.